კალათბურთი

14:05 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სატორანსკი ნაკერებიანი ხელით ითამაშებს

მეტრეველმა ტრავმა მოიშუშა და განაცხადში იქნება

დილას ტომაშ სატორანსკიმ ივარჯიშა და მისი ტრავმის ამბავიც შევიტყვეთ. ნაკრების მენეჯერმა, მიხაილ სობმა გვითხრა, სატორანსკიმ უნგრეთთან თამაშის წინა დღეს ხელი დაიზიანა და ნაკერები დაადესო. ჩეხი უკანახაზელი მოედანზე არ წაქცეულა, ის ქუჩაში, ან სავარაუდოდ სახლში დაეცა და როგორც ამბობს, ხელი შუშაზე გაიჭრა.

უფრო მნიშვნელოვანი საკითხი – ითამაშებს თუ არა ის დღევანდელ მატჩში – ჯერაც ღიადაა. სატორანსკიმ ხელშეხვეულმა, მანჟეტით ივარჯიშა და არავინ იცოდა (ან მალავდნენ) პასუხი, გავიდოდა თუ არა მოედანზე. “გუნდის ექიმი ჯერ არ მოსულა, იგი თამაშამდე 2 საათით ადრე ნახავს სატორანსკის, შეამოწმებს მის ნატკენ ხელს და თუკი დართავს ნებას, რომ ითამაშოს, იგი მოედანზე გავა“ – გვითხრა სობმა (ჩეხური ინტერნეტ-გამოცემები კი წერენ, რომ სატორანსკი ითამაშებს).

ჩეხებამდე ნიმბურკის დარბაზში საქართველოს ნაკრებმა ივარჯიშა. იგორ კოკოშკოვმა ბიჭები არ დატვირთა – მსუბუქად ავარჯიშა და ძირითადად ფარში ასროლინა. დღეს ივარჯიშა და განაცხადშიც იქნება ნიკა მეტრეველი, რომელსაც მუხლი აწუხებდა, თუმცა მომჯობინდა და სათამაშოდ მზადაა.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და როგორც ამბობენ, მთლიანად გაიყიდება. ოფიციალური მონაცემებით, დარბაზი 1400 ადამიანს იტევს. პრაღიდან საქართველოს საქომაგოდ ქართველები მოდიან. იგორ კოკოშკოვის გუნდს 30-ამდე მხარდამჭერი ეყოლება.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს.

P.S. ტომაშ სატორანსკის კომენტარი ჩეხურ ინტერნეტგამოცემაში: “ხელი მოედნის მიღმა დამიზიანდა, შუშაზე გამეჭრა და ნაკერები დამჭირდა. ეს არის და ეს, მეტს ვერაფერს გეტყვით. ექიმებთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ უნგრეთთან შეხვედრაში მოედანზე გასვლა არ გამერისკა, ტრავმა მომეშუშებინა, რომ მომდევნო შეხვედრას სათანადოდ მომზადებული შევხვედროდი. საქართველოსთან ხომ მეტად საპასუხისმგებლო თამაში გველის”, - ამბობს სატორანსკი.

http://www.youtube.com/watch?v=nC9PT6ETAbs

www.gbf.ge

0.153436