საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2014 წლის ერთა თასი და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრე ისე დაიწყო, როგორც ქართველი გულშემატკივარი ისურვებდა.
“ბორჯღალოსნებმა” ბელგია მშრალზე - 35:0 დაამარცხეს და პრემიალური ქულისათვის საჭირო ოთხი ლელოც პირველსავე ტაიმში გაიტანეს, სულ კი, მეტოქის ჩათვლის მოედანის ხაზი ექვსჯერ გადაკვეთეს. ეს არის მორიგი ნაბიჯი ერთა თასის შენარჩუნებისა და მსოფლიო თასის საგზურისკენ, რომელიც სულ უფრო და უფრო ახლოვდება და დიდი ალბათობით, ქართველები ინგლისში სასტუმროების დაჯავშნას ვადაზე რამდენიმე ტურით ადრე დაიწყებენ, მაგრამ ბრძოლა მაინც ბოლომდე იქნება საჭირო, რათა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახოთ ევროპის მეორე ეშელონის გუნდებთან ჩვენი უპირატესობა და ინგლისში სათამაშოდ ზელანდია გამოვიწვიოთ.
ბელგიასთან განვლილ მატჩში მხოლოდ ორი რამ იყო დასანანი. პირველი, რაღა თქმა უნდა ამინდი და მოედნის მდგომარეობა, რამაც ქართველებს საკუთარი უპირატესობის სრულად გამოყენების საშუალება არ მისცა და ვერც მილტონ ჰეიგის ჩანაფიქრების სრულად განხორციელება მოხერხდა, მეორე კი, დავით ქუბრიაშვილის ტრავმა - თამაშის მსვლელობისას და მისი დასრულებისას ყველა კმაყოფილი რომ იყო, ასეთ პირობებში არავინ დაშავებულაო, სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა. ექიმების წინასწარი ვარაუდით “დუდუს” მტევნის ძვალი აქვს გატეხილი და ის ჯერ კიდევ მატჩის დასრულებამდე საავადმყოფოში გადაიყვანეს რედგენის გადასაღებად. იმედია, მისი შედეგები წინასწარ ვარაუდებს არ დაადასტურებს და ქართველი “ბურჯი” შედარებით მსუბუქი დაზიანებით გადარჩება.
არ შეიძლება მოედნის თემას კიდევ ერთხელ არ დავუბრუნდეთ. გუშინ საღამოს თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა, ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი “ავჭალის” მოედანი მთლიანად დაფარა, მაგრამ საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლების და ახალგაზრდული ნაკრების წევრების გარჯის წყალობით, ის სრულად გასუფთავდა და იდეალური ვერა, მაგრამ სათამაშოდ საჭირო კონდიციამდე მივიდა. უამინდობის დამსახურებაა, რომ 2-ათასიან ტრიბუნაზე რამდენიმე ათეული ცარიელი ადგილი მაინც დარჩა, მაგრამ სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა ჩვენი საამაყო “ბორჯღალოსნების” ცქერით კიდევ ერთხელ გაიხარა.
გუნდები მოედანზე ახალი გამოსულები იყვნენ და თამაში ჯერ დაწყებულიც არ იყო, როდესაც მოთამაშეთა უმეტესობის ბუცები ტალახმა სრულად დაფარა. მიუხედავად ამისა, ეპიზოდებში საქართველოს ნაკრებმა აჩვენა ის გაშლილი თამაში, რასაც ბოლო ორი წელიწადია ჰეიგი ქადაგებს და ეს ძალიან კარგია. შედეგი უკვე სახეზეა, “ბორჯღალოსნები” მხოლოდ შერკინების იმედად აღარ არიან და ასეთ პირობებშიც კი, მაყურებელმა რამდენიმე ლამაზი ლელო იხილა. მართალია, ბელგიის დარი სუსტი გუნდი და ისიც, მისი მწვრთნელის თქმით დაახლოებით 10 მოთამაშით შესუსტებული, ჩვენი დონის საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ წინსვლა მაინც შესამჩნევია და იმედია, მწვერვალი 2015 წელს, ინგლისის სტადიონებზე გამოჩნდება.
მძიმე გრუნტთან შესაგუებლად საქართველოს ნაკრების მორაგბეებს რამდენიმე წუთი დაჭირდათ, მერე კი, ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. ფეხით გადაკიდებულ ბურთს გუნდის კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი კარგად აყვა და მცველს ისღა დარჩენოდა, აუტში გასულიყო. მოგებულ დერეფანს კარგი, მრავალფაზიანი შეტევა მოყვა, რამდენჯერმე შეიცვალა იერიშის მიმართულება, მერე მარცხენა ფლანგზე დიმიტრი ბასილაიამ ხაზი გაჭრა, ორი მცველი მიიზიდა და უფრო მარცხნივ თავისუფალ ლევან დათუნაშვილს გადააწოდა, ის ალამთან შებოჭეს, მაგრამ ბურთის შიგნით შემობრუნება მოასწრო და კოტე მიქაუტაძემ ჩათვლის მოედანში დაუბრკოლებლივ შეაღწია. მერაბ კვირიკაშვილის დარტყმული მარცხენა ძელმა აისხლიტა.
მთლიანობაში, ამ მატჩში საქართველოს ნაკრების დერეფანი ერთ-ერთ ძლიერი მხარე იყო და საკუთარის გარდა მეტოქის რამდენიმე მოწოდებაც “ბორჯღოლასანთა” ნადავლი გახდა. პირველი ლელოდან სამიოდე წუთი იყო გასული, როდესაც აგრესიული დაცვის შედეგად ბელგიელებმა ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგეს, ის მაჩხანელმა აიტაცა და ცენტრში დაარტყა, ხაზი დავით კაჭარავამ გაჭრა და ლელოში ბურთი კვირიკაშვილს შეაყოლა. თითქმის პირველის მსგავსი პოზიციიდან მანვე გარდასახვა ამჯერად ზუსტად შეასრულა - 12:0.
10 წუთის შემდეგ ცხადი შეიქმნა, რომ ლამის ტრადიციად ქცეული ჩაგდებული სადებიუტო მატჩისგან დაზღვეულები ვიყავით და ქართველი მორაგბეები ამჯერად საქმეს ზედმიწევნით სერიოზულად უდგებოდნენ, მაგრამ მორიგ ლელომდე მაყურებელს 10-12 წუთი მოუხდა მოცდა. მერე “მეკომ” ფეხით გადაკიდებული ბურთი აიღო და თავად შეუტია, დაახლოებით 40 მეტრის ნიშნულთან ხაზი ლაშა ხმალაძემ გაჭრა და შებოჭილმა, ვარდნაში, ბურთი მერაბ შარიქაძეს ამოუგდო, რომელიც ვეღარავინ შეაჩერა. კვირიკაშვილის გარდასახვა ამჯერად ქვედა ძელს მოხვდა.
პრემიალური ქულის ასაღებად ოთხი ლელოს გატანა იყო საჭირო და უკანახაზელებმა 34-ე წუთზე მეოთხე ლელოც შექმნეს. ბელგიელთა 22-ში დანიშნული შერკინებიდან გამოსული ბურთი ხმალაძემ მიიღო და ფეხით ჩათვლის მოედანში შეაცურა, ალამთან კი, მას კვირიკაშვილი დაეწია. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი დრო რომ ამოიწურა, კვირიკაშვილმა ჯარიმა კარში იძულების წესით დაარტყა და პირველი ნახევარი 25:0 დასრულდა.
ამრიგად, 40 წუთის შემდეგ ორივე მიზანი შესრულებული იყო - გამარჯვებასთან ერთად “ბორჯღალოსნებს” პრემიალური ქულისთვის საჭირო ოთხი ლელოც გატანილი ჰქონდათ და ჰეიგმა ნელ-ნელა საქმეში სათადარიგოები ჩაერთო. ამან თამაში ოდნავ არია და მეორე ტაიმში ლელოთა სიმცირეც სწორედ ამის შედეგია. მეხუთე ლელო 55-ე წუთზე მეტოქის შეცდომას მოყვა. მეტოქეს ბურთი ჩვენს ნახევარზე დაუვარდა, ის შარიქაძემ აიტაცა და ბელგიელთა 22-თან მისულმა, სანამ სამი მცველი შებოჭავდა ფეხით ჩათვლის მოედნისკენ შეაცურა. მარცხენა ფრთაზე ყველას მაჩხანელმა დაასწრო და საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვემ მონაგარს 24-ე სანაკრებო ლელო შემატა.
დასკვნით 20 წუთში ნამქერი წამოვიდა, რომელიც ჩვენს მორაგბეებს სახეში ეცემოდა და ამან სიტუაცია გაართულა, მაგრამ ჯარიმის კარში დარტყმა თუნდაც კარის გასწვრივ 10 მეტრიდან არავის უკადრია და მალე მეექვსე ლელოც გავიდა. 5-მეტრა დერეფანს მოლი მოყვა, მაგრამ რუმინელმა რეფერიმ ბურთის დამიწება ვერ დავაფიქსირეო და 5-მეტრა შერკინება დაგვიბრუნა. ახლა შერკინებამ დაახევინა მეტოქეს უკან, გიორგი ჩხაიძემ ბურთი ფეხით ჩათვლის მოედანში შეიტანა და იქ დაამიწა. შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ კვირიკაშვილის ხაზი გააგრძელა და გარდასახვა მარჯვენა ძელს გაარტყა.
ბელგიელებს მოგების იმედი თამაშამდეც არ ჰქონდათ, აი ლელოს გატანა კი, სწყუროდათ და ჯარიმები კარში რომ არ დაარტეს 67-ე წუთზე პირველად შევიდნენ ქართველთა 22-ში, მაგრამ საინტერესო ვერაფერი მოიფიქრეს. მერე რეფერიმ ზურაბ ჟვანია გაასინბინა, მაგრამ მეტოქე მეტობაშიც ვერაფერს გამორჩა და საქართველოს ნაკრებმაც მშრალად, 35:0 იმარჯვა.
ერთ კვირაში საქართველოს ნაკრებს გასვლითი მატჩი ელის ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრებთან, რომელიც დღეს რუმინეთს ბუქარესტში ეთამაშება. ჰეიგს გუნდი მოსაგებად მიყავს და “ბორჯღალოსნები” ლისაბონის გზას ორშაბათს გამთენიისას დაადგებიან. ეს კარგია, რადგან ადაპტაციის გარდა, ბიჭებს უკეთეს ამინდში და უკეთეს პირობებში ექნებათ მზადების საშუალება და იმედია, პორტუგალიიდანაც ხუთი ქულით ხელდამშვენებულნი დაბრუნდებიან.
პრესკონფერენცია
რიშარ მაკ’ქლინთოქი (ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ამ თამაშზე არაფერი იყო დამოკიდებული. წინა შემთხვევებში, უკრაინა და გერმანია, რომლებიც ერთა თასზე ახალი აღზევებულები იყვნენ, უკან ფაქტობრივად პირველი წრის შემდეგვე ბრუნდებოდნენ, ჩვენ კი, ამ დონეზე დარჩენის შანსი გვაქვს და ჩვენი ბედი ერთ კვირაში, მადრიდში გადაწყდება. ჩემი ბიჭების თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, მით უმეტეს, რომ დაახლოებით 10 წამყვან მორაგბეს დასვენების საშუალება მივეცით. ჩვენი მარცხი კანონზომიერი იყო და მას ვერც ამინდს და ვერც სხვა მიზეზებს ვერ დავაბრალებ.
მადლობა ქართველებს, რომლებიც სუფთად გვეთამაშნენ და ტრავმის გამო არავინ დაგვაკლდება. ჩვენ გუნდში ქართველი აქამდეც გვყავდა - რამდენიმე წლის წინ ჩვენს ნაკრებში გიორგის ძმა, დავით ნემსაძე თამაშობდა. ქართველებს რაგბი გენეტიკაში გაქვთ და ამიტომ, ახლა თორნიკე მეგრელიძე დავიმატეთ, რომელსაც დებიუტი ჰქონდა. მისით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, 2-3 წელიწადში ის რაგბში თავის სიტყვას იტყვის”.
მიქაელ დე’მოლდერ (ბელგიის ნაკრების კაპიტანი): “მადლობა საქართველოს მასპინძლობისთვის და თბილი დახვედრისთვის. მეტოქემ პატივი გვცა და სუფთად გვეთამაშა, რისთვისაც მადლობას მათაც ვუხდი. შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ დღეიდან საქართველოს ჩვენი სახით დიდი გულშემატკივარი ეყოლება”.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მადლობა რაგბის კავშირის თითოეულ თანამშრომელს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამდენი გააკეთა და დღეს ჩვენთვის მოედანი გაამზადა. მე გუშინ ვიყავი სტადიონზე და რაც ვნახე იქიდან გამომდინარე, არ მეგონა დღეს მოედანი ასეთ, ნორმლურ მდგომარეობაში თუ დაგვხვდებოდა. მიუხედავად რთული პირობებისა, ჩვენ 6 ლელო გავიტანეთ და ქულა არ მიგვიღია, რაც ძალიან კარგი შედეგია.
კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით და განსაკუთრებით საწყისი 15 წუთით. ეს მონაკვეთი გეგმის მიხედვით ჩავატარეთ და თუ ასე გავაგრძელეთ, ნებისმიერ პირობებში მოვახერხებთ შედეგიან თამაშს. ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ, რთული თამაშებისას აუცილებელია, რომ მორაგბეებმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.
ჯერ არ ვიცით რა მდგომარეობაშია ქუბრიაშვილის ხელი. შესაძლოა, მას მოტეხილობა დაუდგინონ. მომავალ მატჩში პორტუგალიის ნაკრებს მყარ მოედანზე, უკეთეს პირობებში ვეთამაშებით. ახლა ჩვენ მათი თამაშის ანალიზს ჩავატარებთ და შემადგენლობაში გვექნება თუ არა ცვლილებები, სწორედ ტრავმებისა და მეტოქის მატჩის ანალიზის შემდეგ გადაწყდება. ლისაბონში სულ სხვა თამაში გველის, რადგან პორტუგალიას ბევრად ძლიერი ნაკრები ჰყავს და მრავალფეროვანი შეტევებით გამოირჩევა”.
ირაკლი მაჩხანელი (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “ტრავმის შემდეგ კარგი აღდგენითი პროცესი გავიარე და თავს მშვენივრად ვგრძნობ. ტრადიციულად, დაწყება ყოველთვის გვიჭირდა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამჯერად ყველაფერი ძალიან კარგი იყო. ნოემბრის მატჩების შემდეგ არავის აღუნიშნავს, რომ ჩვენმა გუნდმა დაბალანსებული რაგბი ითამაშა და ახლა ჩვენ მხოლოდ შერკინებით კი არა, უკანა ხაზითაც კარგად ვუტევთ. მაშინ გატანილი ოთხი ლელოც სწორედ უკანახაზელების ანგარიშზეა და ეს თავად მეტყველებს ბევრ რამეზე.
დღესაც, მიუხედავად სათამაში პირობებისა, შერკინება და უკანა ხაზი თანაბრად დაიტვირთვა. ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. წინ კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს, რათა ყველაფერი დავხვეწოთ და ალბათ, საბოლოოდ ეს ყველაფერი სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს”.
2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
მეორე წრე. პირველი ტური
1 თებერვალი. შაბათი
თბილისი. “ავჭალა”. 2000 მაყურებელი
საქართველო - ბელგია 35:0 (25:0)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (23. ბექა წიკლაური 59), 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე (22. ლაშა მალაღურაძე 57), 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი 49); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ზურაბ ჟვანია 47), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 47), 3. დავით ქუბრიაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 47), 4. კოტე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი (19. გიორგი ნემსაძე 57), 6. გიორგი თხილაიშვილი (ნარიაშვილი 75), 7. გიორგი ჩხაიძე, 8. დიმიტრი ბასილაია (20. ვიტო კოლელიშვილი 57).
6 ლელო: მიქაუტაძე, კვირიკაშვილი (2), შარიქაძე, მაჩხანელი, ჩხაიძე
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი
1 ჯარიმა: კვირიკაშვილი
1 სინბინი: ჟვანია (73)
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი ( ახალი ზელანდია)
ბელგია: 15. სილვენ რუს, 14. თორნიკე მეგრელიძე (21. სიმონ მაროტ 74), 13. გიომ ბრებან, 12. გიომ პირონ, 11. მარკ ჩონგე (23. ალან ვილიამს 50), 10. კისტოფერ ბრაუნ (22. ფლორან დებატი 41), 9. ჰენდრიკ ბროუვერსი; 1. ჟიულიან მასიმი (17. ალენ მირიალაკის 41), 2. თომას დინსტ (16. ბასტიან ფერმიულენ 50), 3. მაქსიმ ჟადო (18. ანდრე კუემუ 74), 4. სირილ ნანა, 5. პიერ ჰენდრიკს (19. ბრიოკ ფრატერ 64), 6. ჟიულიან მორელი (20. კორანტენ ლე’კლუ 50), 7. მიქაელ დე’მოლდერ (კაპ.), 8. დენის ეპე.
მთავარი მწვრთნელი: რიშარ მაკ’ქლინთოქი
რეფერი: ვლად იორდაკესკუ (რუმინეთი)
კიდეებზე: რადუ პეტრესკუ, იონუც ბოდეა
რუმინეთი - პორტუგალია
ესპანეთი - რუსეთი
1 | საქართველო | 6 | 5 | 1 | 0 | 170-61 | 24 |
2 | რუმინეთი | 5 | 4 | 1 | 0 | 114-65 | 19 |
3 | რუსეთი | 5 | 3 | 0 | 2 | 110-116 | 14 |
4 | პორტუგალია | 5 | 1 | 1 | 3 | 75-96 | 7 |
5 | ესპანეთი | 5 | 0 | 2 | 3 | 72-129 | 5 |
6 | ბელგია | 6 | 0 | 1 | 5 | 92-166 | 5 |
მომდევნო ტური. 8 თებერვალი
პორტუგალია - საქართველო
რუსეთი - რუმინეთი
ესპანეთი - ბელგია