რაგბი

14:05 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სასტარტოში მხოლოდ შველიძე იყო

 

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში უკვე ხუთი ტური მიილია და გამოიკვეთა ის გუნდები, რომლებიც სავარაუდოდ მთავარ ჯილდოს გაითამაშებენ. სასიხარულოა, რომ ლიდერებს შორის უმეტესად ქართველი ლეგიონერების გუნდები არიან, მაგრამ განვლილ ტურში სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ჩვენებური მოხვდა, ხოლო კიდევ სამმა შეცვლაზე ითამაშა.

რეგულარულ გათამაშებას 17 ქულით ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” ლიდერობს, რომელმაც გასულ ტურში სტუმრად “ბიარიცი” 24:13 დაამარცხა. ქართველმა ლეგიონერებმა შუა კვირაში, IV ტურში ითამაშეს და ამჯერად მწვრთნელმა ისინი განაცხადში არ შეიყვანა.

ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ”, რითაც საწყის ორ მატჩში მხოლოდ სამი ქულის აღების შემდეგ (ფრე და მცირე სხვაობით მარცხი), მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა და 16 ქულით მეორე ადგილზეა. მონპელიელებმა საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” მშრალზე დატოვეს და 25:0 იმარჯვეს, თანაც სამი ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. ოთხი ქართველიდან მოდენაზე არცერთი არ გასულა. გორგოძის, კაკოვინისა და ბრეგვაძის შემთხვევაში, ამის მიზეზი ტრავმებია, ხოლო ნარიაშვილს მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა. “ტულუზას” ტრავმების მხრივ პრობლემები რომ მიეძალა, ეს მის შედეგებზეც აისახა და 11 ქულით მხოლოდ მე-9 ადგილზეა.

ქართული დერბი არ შედგა ტურის მეორე ცენტრალურ შეხვედრაშიც, რომელშიც დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” 16 ათასამდე პარიზელი გულშემატკივრის წინაშე დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” 23:16 დაამარცხა. ზირაქაშვილი ტრავმირებულია, ჟვანია განაცხადში არ იყო და თამაშში მონაწილეობა მხოლოდ ქუბრიაშვილმა მიიღო. ის თამაშში პირველად მე-11 წუთზე ჩაერთო ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად და მოედანი 23-ე წუთზე დატოვა, ხოლო 63-ეზე სრულფასოვნად შევიდა შეცვლაზე და ბოლომდე გაისარჯა.

ტაიმი “კლერმონმა” 6:3 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში მასპინძლები უკეთ ათამაშდნენ და 62-ე წუთისთვის 16:6 დაწინაურდნენ. 67-ე წუთზე “კლერმონმა” ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ხუთიოდე წუთში 7 ქულა თავადაც გაუშვა. 75-ე წუთზე პასკალ პაპემ მეორე ყვითელი, ანუ წითელი ბარათი მიიღო და სხვაობაც ერთ გარდასახულ ლელომდე დავიდა, მაგრამ კლერმონელთა იერიშები უშედეგოდ დასრულდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ამრიგად, “სტად ფრანსე” 14 ქულით მე-4 ადგილამდე დაწინაურდა, “კლერმონმა” კი, იმ ერთი ქულის წყალობით ჯამში 15 მოაგროვა და მე-3 საფეხურზეა.

დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ” ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა გიორგი ჟღენტის “პერპინიანს” და 19:16 იმარჯვა. სტუმართა რიგებში ჟღენტი მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან გამოჩნდა მოედანზე, როდესაც მისი გუნდი 6:9 აგებდა და დასკვნითი 40 წუთი ითამაშა, მაგრამ გუნდს მხოლოდ პრემიალური ქულის აღებაში დაეხმარა. “რასინგ მეტრო” 12 ქულით V-VIII ადგილებს იყოფს, ხოლო “პერპინიანს” ქულით ნაკლები აქვს და “ტულუზასთან” IX-X ადგილებს ინაწილებს.

ერთადერთი ქართველი ლეგიონერი, რომელიც V ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყო, “ბრივის” პირველხაზელი გოდერძი შველიძეა, რომელიც კარლენ ასეიშვილმა 46-ე წუთზე შეცვალა. ბრიველებმა “”ბაიონს” უმასპინძლეს და 17:10 იმარჯვეს. უქულო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებმა მეორე ნახევრის დასაწყისში ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს. მეტოქის ჯარიმას მათ 55-ე წუთზე კვლავ 7-ქულიანი შეტევით უპასუხეს და ჯარიმით კიდევ უფრო დაწინაურდნენ, მაგრამ სულ ბოლოს ლელო თავადაც მიიღეს და მეტოქეს პრემიალური ქულა ააღებინეს, თავად კი, 4 ქულა ჩაიწერეს. ახლა “ბრივს” 9 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-13 საფეხურზე აღზევდა.

ტრავმირებული ანტონ ფეიქრიშვილის გარეშე “უაიონთან” 9:19 დამარცხდა საფრანგეთის ჩემპიონი “კასტრი”, რომელიც 12 ქულით მე-7 ადგილზეა. ზაზა ნავროზაშვილის გარეშე “გრენობლთან” 14:21 დამარცხდა და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა  “ბორდო”. ბორდოელებს 10 ქულა აქვთ და მე-11 ადგილზე არიან. მომდევნო ტურის თამაშები 13-14 სექტემბერსაა დანიშნული.

0.123212