წლეულს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში უცნაური სახელწოდების, ძალიან საინტერესო გუნდი – “სასკო” გამოჩნდა. დღეისათვის “ა” ჯგუფში ის 36 ქულით მეორე ადგილზეა და 2 პუნქტით ჩამორჩება ლიდერ “გურიას”. გუნდის მთავარი მწვრთნელი ცნობილი ქართველი სპეციალისტი 54 წლის თენგიზ კაციაა, რომელსაც თავის დროზე საქართველოს თითქმის ყველა ასაკის ნაკრებში უმუშავია, ყოფილა თბილისის სტუ-სა და რუსთავის “მეტალურგის” მთავარი მწვრთნელი, ერთი ხანი “ამერშიც” მუშაობდა, 2005 წლიდან კი “სასკოშია”. გუნდი 1993 წელს დაბადებულ “ნორჩი დინამოს” ბაზაზეა შექმნილი. მისი მფლობელი საამშენებლო კომპანია “სასკოს” დირექტორი გია სიჭინავაა და ეს ერთი შეხედვით უცნაური სახელიც აქედან მოდის. აბრევიატურა არ გეგონოთ. ბიჭები უკვე წლებია, ერთად მოდიან. რამდენიმე აღზრდილი სხვა კლუბებშიც გაუშვეს. მათგან ყველაზე ცნობილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების და დანიური “ორჰუსის” თავდამსხმელი დავით სხირტლაძეა.
შარშან მე-2 ლიგაში გაიმარჯვეს, მაგრამ ფინანსური პრობლემები შეექმნათ და სეზონის წინ მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა. კიდევ კარგი, რომ მშველელად უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი თორნიკე გულუა გამოუჩნდათ, რომელიც ახლა სიჭინავასთან ერთად კლუბის თანამეპატრონე გახლავთ.
ჯერ ჩემპიონატის ნახევარიც არ გასულა, მაგრამ გუნდმა უკვე მოიპოვა პოპულარობა. “თემქელებს” (ასე უწოდებენ სტადიონის ადგილმდებარეობის გამო. “სასკო” სპორტკომპლექს “შატილის” ბაზაზე ემზადება და თამაშობს) ქომაგები ემატებათ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი, რომ ყმაწვილები შემოქმედებით ფეხბურთს თამაშობენ, უმთავრესად მოკლე და საშუალო გადაცემებით ცდილობენ კომბინაციების აწყობას. მეორე და მთავარი კი ის უშუალო და მეგობრული ატმოსფეროა, რომელიც მხოლოდ ამ ასაკის ადამიანებში შეიძლება იყოს. ბაზაზე მისულები, ამაში მალევე დავრწმუნდით. ბიჭები დიდი ხალისით აგორებდნენ ბურთს. კაციას მათთან მამაშვილური დამოკიდებულება აქვს და ჩვენს კითხვაზე, ვის გამოარჩევდითო, გულწრფელად გვპასუხობს: გაგიგიათ მშობელი შვილებს ერთმანეთისაგან არჩევდეს? ყველანი კარგები არიან და თუ ასე გააგრძელეს, დიდი მომავალი ელით. თუმცა, ამისთვის კიდევ ძალიან ბევრი შრომა დასჭირდებათ. ხომ იცით, უამრავი ნიჭიერი ბავშვი გვყავს, მაგრამ გარკვეულ ასაკს რომ მიაღწევენ, იკარგებიან. ეს უსიამოვნო ტრადიცია როგორმე უნდა დავარღვიოთო.
საინტერესოა, რომ ხელფასს მხოლოდ რამდენიმე შედარებით უფროსი ასაკის ფეხბურთელი იღებს. დანარჩენებს კი გარკვეული კარგი მატჩების მერე ერთგვარ წამახალისებელ სტიპენდიას უხდიან. მთავარი ამოცანა მათი მომზადება და პროფესიონალებად ჩამოყალიბებაა, რათა უფრო მაღალ დონეზე ითამაშონ, ამიტომ უმაღლესში გადასვლა თვითმიზანი არ გახლავთ. თუ ვინმეს უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდა, ხელს არავინ შეუშლის.
მწვრთნელმა არავინ გამოარჩია. ჩვენ კი რამდენიმე მათგანს მაინც ვახსენებთ. ნახევარმცველები: ოთარ ჩაფიძე, გია არახამია და თორნიკე ქორჩილავა, ასევე მათზე ერთი წლით უმცროსი (1994 წელს დაბადებული) ბაქარ ქარდავა – სადღეისოდ ესენი სხვებზე უფრო ყოჩაღობენ. და, რა თქმა უნდა, გიორგი ქვილითაია, აბაშელი ყმაწვილი, რომელმაც მიმდინარე პირველი ლიგის 15 ტურში 21 გოლი გაიტანა და “ა” ჯგუფის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ის ცნობილი ფეხბურთელის – მამუკა ქვილითაიას ვაჟია. თამაში აბაშის “რიონში” დაიწყო (მწვრთნელები ზაზა კუცია და კოსტა კუჭუხიძე). 2008 წლიდან კი “სასკოშია”. შარშან მე-2 ლიგის გათამაშების 17 მატჩში 25 გოლი გაიტანა და ცოტააო – გვითხრა, ტრავმამ შემიშალა, თორემ გაცილებით მეტს შევაგდებდიო. წარმოგიდგენიათ?! მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გახდეს: 191 სანტიმეტრი სიმაღლისაა, კარგად თამაშობს ცენტრშიც და ფრთებზეც, მოედნის სიღმიდანაც შეუძლია გამწვავება, ბურთის “დაჭერაც” იცის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიზანმიმართული და ძლიერი ნებისყოფისაა. მწვრთნელები ამბობენ, ამ წლებში საოცარი პროგრესი განიცადაო. ახლა ყველაფერი მის ხელთაა, ავანსი გაცემულია და ვისურვოთ, გიორგიმ ასევე მუყაითად გააგრძელოს შრომა და ის “მოჯადოებული წრეც” იღბლიანად გადალახოს, ჩვენს ნიჭიერ მოზარდებს დიდი ფეხბურთის მიღმა რომ ტოვებს ხოლმე.
სოლომონ გულისაშვილი