ძიუდო

0:39 | 28.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

საშიში სტატისტიკა – უმედლოდ და უქულოდ

ქართულ ძიუდოს რომ ცუდი დროება უდგას, დიდი ხანია მტკიცება აღარ სჭირდება, მაგრამ ის, რაც ამ უქმეებზე პოლონეთში მოხდა, წარუმატებელი პერიოდის გათვალისწინებითაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ვარშავულ მსოფლიოს თასზე, 23 ქვეყნის ნაკრებმა მოახერხა ჩასათვლელი ქულის მოპოვება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, 23 ქვეყნის წარმომადგენელმა შეძლო შვიდეულში შესვლა. საქართველოს ნაკრები კი ამ ოცდასამეულს მიღმა დარჩა. აქვე ვთქვათ, ქართული გუნდი პოლონეთში გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა (წონის ლიდერობის უმთავრესი კანდიდატები იაპონიაში გადიან შეკრებას), მაგრამ გასამართლებლად არც ეს გამოდგება. სამწუხაროდ, სპორტის ამ სახეობაში ანგარიშგასაწევმა სხვა ქვეყნებმაც შესუსტებული განაცხადები წარადგინეს ვარშავაში. იაპონელები და სამხრეთკორეელები კი შეჯიბრზე არც ჩასულან.
 ორდღიანი ტურნირის მეორე დღეს, მედლები დარჩენილ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდა. კიმონო ოთხმა ქართველმა მოირგო და მერვედფინალს ვერც ერთი ვერ გასცდა. უფრო ზუსტად, მერვედფინალში მხოლოდ ერთმა – დავით ლორიაშვილმა (100 კგ) გააღწია.
 მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი პირველსავე წრეში, ისლანდიელ ტორმოდურ იონსონთან იპონით დამარცხდა. პაატა ღვინიაშვილმა (81 კგ) და გიორგი ცოციაშვილმა (90 კგ) კი მხოლოდ თითო შეხვედრის მოგება მოახერხეს და შემდეგ უნგრული ბარიერები ვერ დაძლიეს. ღვინიაშვილმა მილან ბურგეშთან წააგო, ცოციაშვილმა – გაბორ ვერთან. ორივემ წმინდად.
 ერთადერთ ნათელ წერტილად, შეიძლება ლორიაშვილის მიერ ევროპის უნგრელი ჩემპიონის, დანიელ ჰადფის ძლევა შეიძლება მივიჩნიოთ. ეს ორთაბრძოლა მეთექვსმეტედფინალში შედგა. შემდეგ კი ქართველ ძიუდოისტს რუსმა დავიდ ბიტიევმა ორი შიდოთი აჯობა.
ალბათ აჯობებდა, ვარშავული მიმოხილვა მთლიანად ძიუდოს ქართველი გულშემატკივრების ინტერნეტ-შეფასებებით შეგვევსო, მაგრამ ვითვალისწინებთ რა, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ორი თვეც აღარ რჩება და ნაკრები მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ნაწილს იწყებს, “მძიმე” კომენტარების გამოყენებისგან თავი შევიკავეთ. მხოლოდ იმ ქვეყნებს ჩამოვთვლით, რომელთაც გუნდურ ჩათვლაში საქართველოზე უკეთესი შედეგი აჩვენეს: საფრანგეთი, სომხეთი, იტალია, უკრაინა, ბრიტანეთი, პოლონეთი, ისრაელი, გერმანია, უნგრეთი, რუსეთი, ბრაზილია, ჩინეთი, ბელგია, ესპანეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, მონღოლეთი, შვეიცარია, ალჟირი, აზერბაიჯანი, ისლანდია, ჰოლანდია, ყაზახეთი.

ძიუდო. მსოფლიოს თასი
ვარშავა. 27 თებერვალი

81 კგ
1 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)
2 იანიკ გუტშე (გერმანია)
3 ჟოაკიმ ბოტიე (ბელგია)
3 ალენ შმიტი (საფრანგეთი)

90 კგ
1 რობერტო მელონი (იტალია)
2 ვიქტორ ფიშმანი (ისრაელი)
3 მილან რანდლი (სლოვაკეთი)
3 კამილ მაგომედოვი (რუსეთი)

100 კგ
1 კირილ მარე (საფრანგეთი)
2 ბალინტ ფარკაში (უნგრეთი)
3 დავიდ ბიტიევი (რუსეთი)
3 რომან პოლოსინი (რუსეთი)

+100 კგ
1 სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა)
2 ადრიენ პინი (საფრანგეთი)
3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)
3 ანდრეი ვოლკოვი (რუსეთი)

 

 


ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.140773