ახლახან დასრულებული უიმბლდონის ტურნირი კვლავინდებურად რჩება მოჭარბებული ინტერესის არეალში. მისი შედეგით ყველაზე მეტად ბრიტანელებმა გაიხარეს, ხოლო შოტლანდიელი ენდი მარეისა და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ფინალის ტელეაუდიტორიამ დიდ ბრიტანეთში 17.3 მილიონი მაყურებელი შეადგინა.
ეს ბრიტანეთისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე ყველაზე მეტი მაყურებელი ტალანტ-შოუს ფინალურ გამოშვებას ჰქონდა. გადაცემამ 13.1 მილიონიანი აუდიტორია მიაჯაჭვა ტელეეკრანს.
77 წლიანი პაუზის შემდეგ ბრიტანელი ჩოგბურთელი კვლავ გახდა უიმბლდონის ჩემპიონი, რაც ენდი მარეის სარეკლამო შემოსავალს საგრძნობლად გაუზრდის. ლონდონის მარკეტინგული სააგენტო brandRapport-ის დირექტორის ნაიჯელ კური სხვადასხვა გათვლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მარეის წლიური სარეკლამო შემოსავალი 50 მილიონ გირვანქას (74 მილიონი დოლარი) გაუტოლდება.
“ბრიტანელს ძალიან დიდი ხანია უიმბლდონი არ მოუგია, ამიტომაც მარეის წინაშე სარეკლამო თვალსაზრისით ამოუწურავი შესაძლებლობები გადაიშალა”, - აცხადებს კური.