კალათბურთი

0:48 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სარაგოსელ ქართველთა პირველი მარცხი

გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი წააგო. არაგონული კლუბი ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით “კანარიასს” დაუხვდა და 60:66 დამარცხდა.

გასულ შეხვედრაში დიდად თავის გამოჩენა ვერც ქართველმა კალათბურთელებმა მოახერხეს. შერმადინიც და სანიკიძეც მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყვნენ, თუმცა, ბარაქიანი მონაგარი ნამდვილად არ ჰქონიათ.

შერმადინმა მოედანზე 21:26 წუთი გაატარა და 6 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 1 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

17:55 წუთს ითამაშა სანიკიძემ, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ “ვიკამ” 5 პერსონალური ფოლი მიიღო. მანამდე ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, სამქულიანი ააცილა და ორ ქულას 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება წაამატა. სანიკიძემ 3 შეცდომა დაუშვა, მასზე კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

ამ წარუმატებლობის შემდეგ, “სარაგოსა” თითო მოგება-წაგებით მე-9 ადგილზე დამკვიდრდა. ორივე თამაში წააგო 18-გუნდიან ლიგაში მე-16 პოზიციაზეა ბექა ბურჯანაძის “კახასოლი”. სევიელებმა ამჯერად “უნიკახას” უმასპინძლეს და უშანსოდ – 65:85 დამარცხდნენ.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 14 წუთი დაჰყო და აქტივში 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა. ბექამ 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან სამქულიანი გამოიყენა, 1 შეცდომა დაუშვა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

ვთბ-ლიგაში მე-2 მატჩი მოიგო და A ჯგუფს სათავეში ჩაუდგა გიორგი ცინცაძის “დონეცკი”. უკრაინულმა გუნდმა ჩეხურ “ნიმბურკს” 80:74 სძლია, ქართველმა კალათბურთელმა კი 24:31 წუთში 3 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ცინცაძე დონეცკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

უკრაინულ სუპერლიგაში ლევან ფაცაციას “დნიპრო-აზოტი” “დნიპროს” დაუხვდა და 67:81 წააგო. ქართველმა ფორვარდმა 20:11 წუთში 5 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ფაცაციამ 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, 3 სამქულიანი ააცილა, 1 შეცდომა დაუშვა, 4-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა. 2 ტურის თავზე “დნიპრო-აზოტი” 2 მარცხით ბოლოსწინა მე-13 საფეხურზე იმყოფება.

0.115359