ესპანურმა “სარაგოსამ” ევროთასის გათამაშებაში 2 მარცხის წილ მე-2 გამარჯვება იზეიმა და ისე როგორ იქნებოდა, თავი ქართველ კალათბურთელებს არ გამოეჩინათ. არაგონელებმა მშობლიურ “პაბელონ პრინსიპე ფელიპეზე” იტალიური “ვირტუსი” 74:68 დაამარცხეს, გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე კი მოედანზე გამორჩეული ფიგურები იყვნენ.
შერმადინმა მოედანზე 29:50 წუთი გაატარა და 15 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
თავის მხრივ 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა სანიკიძემ, რომელმაც რომაელთა წინააღმდეგ 21:49 წუთს ითამაშა. ვიქტორმა 5-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ერთხელ მას დაუფარეს, ერთხელ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
ამ გამარჯვების წყალობით, “სარაგოსამ” D ჯგუფში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, შემდეგ მატჩს კი 12 ნოემბერს სტუმრად ფრანგულ “გრაველინთან” ჩაატარებს. ცნობისთვის, ფრანგებს ზურგს 3 მოგება უმაგრებთ და დამატებითი მაჩვენებლებით პირველ პოზიციაზე იმყოფებიან.