ესპანურმა “სარაგოსამ”, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინის წასვლის შემდეგ, ერთი ქართველი კალათბურთელი – ვიქტორ სანიკიძეღა იცავს, ჩემპიონატში მორიგ წარმატებას მიაღწია.
არაგონელები მადრიდში “ფუენლაბრადას” ესტუმრნენ და 81:72 იმარჯვეს, ქართველი ფორვარდი კი სარგებლიანობის კოეფიციენტის (20) მიხედვით, გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.
სანიკიძემ 4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 13 ქულას 7 მოხსნა და 3 პასი წაამატა. აღსანიშნავია, რომ ქართველ კალათბურთელს ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
სანიკიძის გარდა, სტუმართაგან 10-ქულიან ზღვარს ჰენკ ნორელი (14), მაიკლ როლი (13) და იონ არნე სტეფანსონი (13) ასცდნენ. “ფუენლაბრადას” რიგებში 17 ქულით საუკეთესო ჯეიმს ფელდეინი იყო.
აღსანინავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ “სარაგოსა” 7 ქულის სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა, მე-2 ნახევარში მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა.
სანიკიძის კლუბმა 13 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და მე-6 ადგილზე მყარად იმყოფება, ამასთან მე-3 პოზიციაზე მყოფ “ბარსელონას” მხოლოდ 2 მოგებით ჩამორჩება.
“სარაგოსა” მომდევნო მატჩს 9 მარტს შინ “გრან კანარიასთან” ჩაატარებს.