ვიქტორ სანიკიძის ”სარაგოსამ” ესპანეთის ჩემპიონატში სასახელო გამარჯვება იზეიმა. არაგონელებმა ევროპული კალათბურთის გრანდი “ბარსელონა” 85:79 დაამარცხეს, ყველაზე სასიხარულო კი ის გახლდათ, რომ ქართველ კალათბურთელს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი ჰქონდა.
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მასპინძელთა მხრიდან ყველაზე მეტხანს – 28:14 წუთს ითამაშა. ვიქტორმა 5-ვე ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 15 ქულას 8 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა წაამატა.
ქართველმა ფორვარდმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. სანიკიძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24 გახლდათ, მასთან ყველაზე ახლოს (22) კი ბელგიის ნაკრების უკანახაზელი ჯონატან ტაბუ იყო 19 ქულით და 6 მოხსნით.
აღსანიშნავია, რომ “სარაგოსამ” მატჩის პირველი ტაიმი 11 ქულის სხვაობით მოიგო და მართალია, კატალონიელებმა ძალიან მოინდომეს, სეზონში მე-7 მარცხს ვერ გადაურჩნენ. კატალონიელთა ბერძენმა ლეგიონერმა კონსტანტინოს პაპანიკოლაუმ ორმაგი დუბლი (12 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა, ანტე ტომიჩმა კი 15 ქულას 8 მოხსნა წაამატა.
“სარაგოსამ” 10 მარცხი წილ მე-16 გამარჯვება იზეიმა და “გრან კანარიასთან” ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს.
13-13 მოგება-წაგებით მე-9 პოზიციამდე დაქვეითდა ბექა ბურჯანაძის “კახასოლი”, რომელიც მადრიდში ერთპიროვნულ ლიდერ “რეალს” ესტუმრა და მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა გაუწია – 75:81.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 02:36 წუთი გაატარა და სევილიელებს 3 ქულა შესძინა. ბურჯანაძემ ორქულიანი ჩააგდო და ზედ ბონუს-საჯარიმოც მიაყოლა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
“კახასოლს” 20 ქულით ლატვიელმა კრისტაპს პორჟინგისმა ულიდერა, მადრიდელთა ვეტერანმა ფელიპე რეიესმა კი კასტილიელებს ორმაგი დუბლი შეაწია – 13 ქულა, 12 მოხსნა.