კალათბურთი

0:43 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სარაგოსა” ვილნიუსში რევანშს ვერ გადაურჩა

გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ევროთასის მეორე რაუნდის P ჯგუფში ერთი კვირის წინ “ლიეტუვოს რიტასი” 94:60 გაანადგურა, ვილნიუსში ჩასულმა კი იგივე მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 75:87 წააგო.

ქართველი კალათბურთელები არაგონელთა სასტარტო ხუთეულში იყვნენ. შერმადინმა 23:09 წუთში 6-დან 4 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 6 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 1 პასი და 1 დაფარება წაამატა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ცენტრს ბურთი არცერთხელ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17 გახლდათ და იგი სტუმართა რიგებში მხოლოდ ცენტრის პოზიციაზე მისსავე კონკურენტ – ჰოლანდიელ ჰენკ ნორელს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 16:22 წუთში 16 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა, მეტოქეებს კი 7 ფოლი “აჰკიდა”.

რაც შეეხება სანიკიძეს, მან მხოლოდ 12:18 წუთს ითამაშა და სტუმრებს 4 ქულა, 2 პასი და 1 დაფარება შესძინა. ვიქტორმა 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, 3 სამქულიანი ააცილა და 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

თუკი ერთი კვირის წინ სარაგოსელებმა ერთბაშად 13 სამქულიანი ჩააგდეს, ამჯერად, პერიმეტრიდან მხოლოდ 26.1%-იანი მაჩვენებელი (6 23-დან) ჰქონდათ და საქმეც ცუდად წაუვიდათ.

ისიც ვთქვათ, რომ სტუმრები 3 მეოთხედის თავზე მხოლოდ 4 ქულას აგებდნენ, თუმცა, დასკვნითი მეოთხედის საწყის შვიდ წუთში (!) ქულაც კი ვერ ჩააგდეს და მარცხს ვეღარ გადაურჩნენ.

ქართველთა კლუბს ოთხ ტურში ერთადერთი გამარჯვება შერჩა და P ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. მართალია, მერვედფინალში ორი მოწინავე გადის, თუმცა, უკვე ცხადია, რომ ესპანურ კლუბს მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება.

“სარაგოსა” მომდევნო მატჩს 12 თებერვალს ისევ სტუმრად ხორვატულ “ცედევიტასთან” ჩაატარებს, ხოლო მე-2 ჯგუფურ ეტაპს 19 თებერვალს შინ ლიდერ თურქულ “ბეშიქთაშთან” თამაშით დახურავს.

0.117584