საკალათბურთო ევროთასის მე-2 ტურში გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” ბერლინის “ალბას” ესტუმრა და 7 779 მაყურებლის თვალწინ 68:71 დამარცხდა. ქართველთაგან ესპანური კლუბის სასტარტო ხუთეულში მხოლოდ შერმადინი იყო და სარგებლიანობის კოეფიციენტის (16) მიხედვით, გუნდში საუკეთესოც გახლდათ.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 26:18 წუთი გაატარა და არაგონელებს 14 ქულა, 6 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 1 პასი შესძინა. შერმადინმა 8-დან 4 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
თანამემამულისგან განსხვავებით, არცთუ კარგი მატჩი ჰქონდა სანიკიძეს, რომელმაც თამაშიდან 9-დან მხოლოდ 1 ტყორცნა გამოიყენა. ვიქტორი საქმეში 24:51 წუთს გახლდათ და 6-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა.
ქართველმა ფორვარდმა 4 ქულას 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება წაამატა. სანიკიძე ერთხელ შეცდა, 2-ერ დაუფარეს, ამდენივეჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.
შერმადინის გარდა, სარაგოსელთაგან ათქულიან ზღვარს მხოლოდ ჯოზეფ ჯონსი გადასცდა. მისი მონაგარი 14 ქულა და 6 მოხსნა იყო. რაც შეეხება “ალბას”, ამ გუნდს დევიდ ლოგანმა (18 ქულა), რეჯი ედინგმა (15) და იონას ვოლფჰარტმა (15) ულიდერეს.
ბერლინელებმა მე-2 გამარჯვება იზეიმეს და ევროთასის D ჯგუფს სათავეში ფრანგულ “გრაველინთან” ერთად ჩაუდგნენ, ქართველთა კლუბი კი თითო მოგება-წაგებით მე-3 ადგილზეა. 30 ოქტომბერს “სარაგოსა” ისევ გერმანიას ეწვევა და ბონში ჯგუფის აუტსაიდერ “ტელეკომს” ეთამაშება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სანიკიძე გამოცოცხლდი ტო რა მოგივიდა?
მჯერა ვიკასი... აუცილებლად შევა სათანადო ფორმაში
მონტეპასკიშიც ეგეთი სტატისტიკა ჰქონდა დაახლოვებით
მიდი ვიკა გული არ გაიტეხო უნდა შეხვიდე ძველ ფორმაში მე მჯერა შენი!!!
აუუ სანიკიძეს რა დაემართაა ? ასე თუ გააგრძელა დასვამენ ღრმა სსათადარიგო სკამზე ! @
საღოლ გიო