ბლოგი

16:04 | 14.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქმე და ლაყაფი

გუშინ, ერთმა ჩემმა მეგობარმა, საქართველოში ჩამოსულ შვეიცარიელ ბანკირს უთხრა: მომავალ კვირას ბარში წავიდეთ და ევროპის ლიგის თასზე თქვენს “ბაზელს” ერთად ვუგულშემატკივროთ – ეს რა მაგარი გუნდი გყოლიათო. შვეიცარიელმა კი მხრები აიჩეჩა და გამოუტყდა, რომ საფეხბურთო კლუბ “ბაზელის” შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით სმენოდა და ისიც კი არ იცოდა, საერთოდ რა იყო ევროპის ლიგა. უფრო მეტიც, ამ შვეიცარიელმა ბანკირმა ჩემს მეგობართან ერთგვარი სანაძლეო დადო, რომელიც შვეიცარიელმა მოიგო. საქმე ისაა, რომ შვეიცარიელი ქართველს დაენაძლევა, რომ “ბაზელის” წარმატების ამბავი, არა მხოლოდ მას, არამედ, შვეიცარიის საელჩოს თანამშრომლებსაც არ ეცოდინებოდათ. სამ ადამიანთან გადარეკეს და მართლაც აღმოჩნდა, რომ ფეხბურთი და “ბაზელი”, მომიტევეთ და მათაც სულ ცალ ფეხზე ეკიდათ.

ასეთი ვრცელი და ცოტა უცნაური შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ კიდევ ერთხელ ნათელმეყო ის ისედაც ცხადი ჭეშმარიტება, რომ საფეხბურთო წარმატებებს ხშირად მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის საფეხბურთო ტრადიციები და გულშემატკივრის მონდომება სულაც არ განსაზღვრავს. ხშირად, წარმატების “საიდუმლოება” მხოლოდ სწორ მენეჯმენტსა და კარგ სატრანსფერო პოლიტიკას უკავშირდება.

ქართველებს, მართალია, თვითგვემა ძალიან გვიყვარს და ჩვენს ისედაც ცხად და ხელშესახებ ნაკლოვანებებს, ხშირად კიდევ უფრო მეტად ვაბუქებთ. სხვამ რომ გვისმინოს, შეიძლება მთელს დედამიწაზე ყველაზე ავ ხალხად ჩაგვთვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპაში (მათ შორის ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაშიც) არიან ქვეყნები, სადაც ფეხბურთი ქართველებზე მეტად ნამდვილად არ უყვართ და ვერც იმას იტყვი, რომ გულშემატკივრობით იკლავდნენ თავს. ამის მიუხედავად, მათი კლუბები თუ ნაკრებები გარკვეულ წარმატებებს აღწევენ, როდესაც სხვა, თითქოს ერთი შეხედვით უფრო დიდი ტრადიციის მქონე ქვეყნები, ისტორიის წუნწუხში ყურყუმელაობენ.

დაახლოებით ჩვენს დღეშია ჩვენი მეზობელი სომხეთი. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბოლო დროს, სომხეთის საფეხბურთო ნაკრებმა მთელს მსოფლიოს უფრო მეტი ფხა და მონდომება აჩვენა, ვიდრე ჩვენმა გუნდმა. ამასწინათ, სომხური ლუდის საქართველოში ექსპორტიორი 25 წლის რიგითი ერევნელი ბიჭი გავიცანი, რომელმაც სომხურ ფეხბურთზე თითქმის ყველაფერი თავიდან ბოლომდე გვიამბო. გვითხრა სომეხ ლეგიონერებზე, მათ სტადიონებზე და ინფრასტრუქტურის პრობლემებზე, ნაკრების მწვრთნელებზე და სხვა... ერთი სიტყვით, კაცმა სომხურ ფეხბურთზე იმაზე ბევრი რამ იცოდა, ვიდრე ერთ ჩვეულებრივ რიგით ქომაგს “მოეთხოვება.” რა თქმა უნდა, ყველა სომეხი სომხურ ფეხბურთში მასსავით არაა ჩახედული და შესაბამისად, არც ყველა შვეიცარიელია ჩვენს მიერ უკვე ხსენებული ბანკირივით ფეხბურთისგან შორს მდგომი, მაგრამ ამ ცალკეული შემთხვევებით, გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც შეგვიძლია.

რამდენიც არ უნდა ვილაყბოთ “ჩვენს დიდ საფეხბურთო ტრადიციებზე”, “ლაღ ქართულ ფეხბურთზე” და სხვა... ფაქტი ისაა, რომ 21-ე საუკუნეში, ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება, მხოლოდ მონდომებითა და მკერდზე მუშტის ბრახუნით ვერ მოხერხდება. ამისთვის თანხები და რაც მთავარია, სწორი მენეჯმენტია საჭირო. ათწლეულების განმავლობაში ქართულ ფეხბურთში უაზროდ გაფლანგული ფული იმდენი გვინახავს, რომ ასეთი შემთხვევების ჩამოთვლა კიდევ ერთხელ მოგვიშლის ნერვებს და კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს, თუ რა საზარელი სენია ამბიციურობა, რომელსაც თან არაპროფესიონალიზმი ახლავს.

ფული მართლაც საჭიროა და ქართველ საფეხბურთო ჩინოსნებსაც ერთთავად “ფული გვაკლია” აკერიათ პირზე. მაგრამ რომ მიეცეთ ეს ფული, დარწმუნებულები ხართ რომ გააკეთებენ რამეს? დარწმუნებულები ხართ, რომ ფულის მიცემიდან მეორე დღეს, მათ ავტოფარეხებში ახალ, ძვირადღირებულ ავტომანქანებს არ დავლანდავთ? რავა, ვერ იკადრებენ თუ რა...

0.11767