სხვა

19:29 | 25.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქებარის მაქებარი

 ორიოდე წლის წინათ ჯამლეთ ხუხაშვილის ინტერვიუ წავიკითხე. მასთან დიალოგი არმაზ სანებლიძეს მიჰყავდა და მის კითხვას კომენტატორის რაობაზე ბატონმა ჯამლეთმა ასე უპასუხა – ბავშვობაში დედამ მითხრა “საქებარს მაქებარი რომ არ ჰყავდეს, უქებარი დარჩება”. აგერ უკვე 50 წელია ჯამლეთ ხუხაშვილი მშობლის ამ დარიგებას თუ შეგონებას პირნათლად ასრულებს, ქართული სპორტისა და მთლიანად ყოველი ქართული საქმის სამსახურშია ჩამდგარი, მიკროფონის მეშვეობით ყველას დამსახურებისამებრ საკადრისს უზღავს და ოპტიმისტური ნოტით გაჯერებული რეპორტაჟებით გულშემატკივარს სამომავლო გამარჯვებების იმედით აღავსებს.

მართლაც რომ იშვიათია ბატონი ჯამლეთის დარი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. ახალგაზრდობაში ერთდროულად სპორტის რამდენიმე სახეობას მისდევდა და ყველა მათგანში წარმატებული გახლდათ. თავად განსაჯეთ, თავისუფალ ჭიდაობასა და ფეხბურთში მოსწავლეთა შორის თბილისის ჩემპიონი გახდა, კარგად ცურავდა და თამაშობდა მაგიდის ჩოგბურთს, ხელბურთში კი იმ დიდი გუნდის წევრი გახლდათ, რომელიც საკავშირო პირველობებს იგებდა და პრიზიორი ხდებოდა. ცხადია, აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ბატონი ჯამლეთი საყვარელი საქმის სამსახურში უნდა დარჩენილიყო და მან კომენტატორის საინტერესო და ამავდროულად რთული პროფესია აირჩია. ეს 50 წლის წინათ მოხდა და მას შემდეგ მოყოლებული ჯამლეთ ხუხაშვილის ხმა ნაცნობი და საყვარელი მთელი ქართველი საზოგადოებისთვის გახდა. დაუღლელ, ენერგიულ ჟურნალისტს რეპორტაჟები საქართველოს პრაქტიკულად ყველა ქალაქიდან წაუყვანია, ტელეეკრანებთან და რადიომიმღებებთან მიჯაჭვულებს ჯამლეთ ხუხაშვილის ხმა გვესმოდა მოსკოვიდან, კიევიდან, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების დედაქალაქებიდან. მას ერთნაირად პროფესიულად და ემოციურად მიჰყავს არა მარტო საფეხბურთო და საკალათბურთო ბატალიები, სპორტის სხვა სახეობების რეპორტაჟებსაც მსმენელისთვის მიმზიდველად უძღვება.

განსაკუთრებით უნდა გავუსვათ ხაზი ბატონი ჯამლეთის მოღვაწეობას საკალათბურთო მწვრთნელის რანგში. იგი ჩვენი ეროვნული ნაკრების პირველი უფროსია (დღევანდელ ენაზე თუ ვიტყვით, მენეჯერი), მის მიერ დამოძღვრილმა “მაკაბიმ” კი არაერთი მაღალი კლასის მოთამაშე აღუზარდა ქართულ კალათბურთს. მისი აღზრდილებიდან მხოლოდ 2 მოთამაშის დასახელებაც კმარა. ვლადიმერ სტეფანია (პირველი საკალათბურთო ნაბიჯები სწორედ ბატონი ჯამლეთის მეთვალყურეობით გადადგა) პირველი ჩვენი თანამემამულეა, რომელმაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშა, გიორგი შერმადინმა კი ორჯერ მოიგო კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ევროლიგა. ჯამლეთ ხუხაშვილი თამამად შეგვიძლია ისეთი ქართველი საკალათბურთო მწვრთნელ-კორიფეების გვერდით მოვიხსენიოთ, როგორებიც გიორგი ავალიშვილი და სულიკო თორთლაძე არიან. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის “მაკაბი” კვლავ ჩაება ჩვენ სუპერლიგაში, ბატონ ჯამლეთი კი ახალი ქართველი ვარსკვლავების გაზრდას ცდილობს. დარწმუნებული ვარ, საწადელსაც მიაღწევს.

დღეს სამორინე “ლიდერ-ბეთმა” ჯამლეთ ხუხაშვილის საიუბილეო საღამოს ჩატარება ითავა და კარგად ორგანიზებული შეხვედრა სიკეთითა და სითბოთი გაჯერებული გამოვიდა. ვეტერანმა და მოქმედმა სპორტსმენებმა, ჟურნალისტებმა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარჩინებულმა ადამიანებმა ბატონი ჯამლეთის ღვაწლს გაუსვეს ხაზი და სამომავლო წარმატებებიც უსურვეს. სიამოვნებით ვუერთდებით ყველა მილოცვასა და სურვილს.

P.S. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ კოტე მახარაძის ყოველწლიური პრემია დააარსა. ჯილდოს პირველი ლაურეატი ჯამლეთ ხუხაშვილი გახდა, რომელმაც ფულადი პრიზი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობის ფონდში გადარიცხა.

0.117274