საქართველოს საკალათბურთო თასის გათამაშების შარშანდელ ფინალში ერთმანეთს თბილისური გუნდები, “შსს აკადემია” და “ოლიმპი” შეხვდნენ. წლეულს კი, 29 მარტს დანიშნული გადამწყვეტი მატჩი დედაქალაქის გუნდების გარეშე ჩაივლის. “სოხუმის” შემდეგ მეორე ფინალისტი “ქუთაისი” გახდა, რომელმაც საპასუხო მატჩში, ამჯერად თბილისში მოახერხა “არმიას” დამარცხება (78:74). საინტერესოა აღინიშნოს, რომ სოხუმელები და ქუთაისელები საქართველოს თასის ფინალში პირველად ითამაშებენ.
“არმიასა” და “ქუთაისის” მატჩის პირველი პერიოდი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და საწყისი მეოთხედის მიწურულს მასპინძლები უკვე 7 ქულას იგებდნენ. ამით მათ ქუთაისელთა საპირველმატჩო უპირატესობა (+6) გააბათილეს და 2 მატჩის ჯამში წინ გასვლაც მოახერხეს, მაგრამ მეორე და მესამე მეოთხედებში, მალხაზ კოხრეიძის გუნდმა მეტოქეზე უკეთ ითამაშა და ბოლო მეოთხედის წინ ქუთაისელები 60:56 იგებდნენ. ცხადია, “არმიამ” ბოლომდე იბრძოლა და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო 2 მატჩის ჯამში გამარჯვებულის ვინაობა, თუმცა ასპარეზობის დასკვნით ნაწილში კვლავ ქუთაისელებმა იყოჩაღეს და მეორე ნახევარფინალურ მატჩშიც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, ამჯერად 78:74.
დღევანდელი შეხვედრის გმირად ქუთაისელთა მეფარე აკაკი დვალიშვილი შეგვიძლია მივიჩნიოთ. მან 27 ქულას 14 მოხსნა მიამატა და დიდი როლი შეასრულა თავისი გუნდის საერთო წარმატების მიღწევაში.
ქუთაისელთაგან კარგი თამაშით თავი ზაურ ფაშაევმა (10ქულა, 4მოხსნა, 8პასი, 3ჩაჭრა), გიორგი ცეკვავამ (19ქულა) და გიორგი ბარბაქაძემ (12ქულა) გამოიჩინეს. არმიელთაგან საუკეთესო გიორგი შარაბიძე იყო, რომელმაც დვალიშვილის მსგავსად ორმაგი დუბლი შეასრულა (21ქულა, 10მოხსნა).
დღევანდელ ნახევარფინალურს თუ შევაჯამებთ, “სოხუმმა” და “ქუთაისმა” 2 მატჩის ჯამში დამსახურებულად მოიპოვეს ფინალის საგზური და 29 მარტს მაყურებელი საინტერესო გადამწყვეტი შეხვედრის მომსწრე გახდება.
არმია - ქუთაისი 74:78 (23-18; 14-17; 19-25; 18-18)
პირველი მატჩი 64:70
მატჩისშემდგომი კომენტარები
მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): ისეთი შეხვედრა შედგა, როგორც საქართველოს თასის ნახევარფინალს შეეფერება. დღეს არანაკლები ბრძოლა იყო, ვიდრე ქუთაისში, სადაც როგორც მასპინძლებს, ბუნებრივია, გარკვეული უპირატესობა გვქონდა. ჩვენი ბიჭები მაქსიმალური კონცენტრაციით შეხვდნენ დღევანდელ თამაშს, იყო შეცდომებიც, მაგრამ ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ, მოინდომეს და სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა გამარჯვება. უღრმესი მადლობა მოთამაშეებს, ჩვენ ხელმძღვანელობას და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის აქტიურად გვამხნევებენ და ემოციურ ფონს გვიქმნიან. ფინალი უდავოდ საინტერესო იქნება, რადგან „ქუთაისმაც“ და „სოხუმმაც“ ფინალური საგზური მონდომების ხარჯზე მოიპოვა.
კოტე ტუღუში („არმიას“ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ „ქუთაისს“ ღირსეულ გამარჯვებას, რომელიც ჩვენზე კარგად აღმოჩნდა მომზადებული. სამწუხაროდ, სათანადო ძალა ვერ მოვიკრიბეთ, ორივე მატჩში უამრავი შეცდომა დავუშვით, მაგრამ სეზონი გრძელდება და ეს მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება.







