დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველი ეროვნული ჩემპიონატისგან განსხვავებით, პრობლემად რჩება თამაშებზე გულშემატკივრის დასწრება, ფეხბურთი კი მაყურებლის გარეშე წარმოუდგენელია. ნახევრადცარიელი ან ცარიელი სტადიონი ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე, სტადიონზე მაყურებლის დასწრებას კი განაპირობებს: ფეხბურთისადმი დიდი სიყვარული, ან მინდორზე რომელიმე ცნობილი და მაღალი დონის მოთამაშისადმი ინტერესი.
დღეს, ფეხბურთისადმი გულშემატკივართა სიყვარული მხოლოდ სანაკრებო დონეზე გამოიხატება და არა საკლუბო. ეროვნული პირველობისადმი ინტერესის ნაკლებობას განაპირობებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში არ მოიძებნებიან იმ დონის მოთამაშეები, რომელთა სანახავადაც გულშემატკივარი სტადიონზე შეგნებულად ივლის. ასეთი ფეხბურთელების სიმცირე განაპირობებს ეროვნული ჩემპიონატისადმი ტელევიზიების ზერელე დამოკიდებულებასაც. დღეს საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ეროვნული ჩემპიონატი პრაქტიკულად არ შუქდება და თუ შუქდება, ამაშიც ტელევიზია თანხას ითხოვს, ნაცვლად იმისა, რომ კლუბებმა ნახონ სარგებელი სატელევიზიო რეპორტაჟებიდან.
“დინამო”, “მეტალურგი”, “ტორპედო”, “ზესტაფონი” - ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებიც მუდმივად მაღალი შედეგებისთვის იბრძვიან და ტრადიციულად მონაწილეობენ ევროტურნირებში, თუმცა წარუმატებლად. ამ გუნდებს ახლა უკვე გორის “დილაც” შეემატა.
ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში სავსებით რეალურია წარმატების მიღწევა, თუმცა ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება წარმოუდგენელი და შეუძლებელია სოლიდური ინვესტიციის გარეშე. იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ გამოიძებნოს გარკვეული რაოდენობის თანხა, რომლის მეშვეობითაც ზემოთ ჩამოთვლილ 4-5 გუნდში მოიწვიონ ისეთი ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებსაც კარიერის დასრულებამდე რამდენიმე წელიწადი დარჩათ. სპორტსმენები, რომლებიც საფეხბურთო სამყაროში ცნობადი სახეები არიან და დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ.
მაგალითისთვის: ხავიერ სავიოლა, პაბლო აიმარი, რივალდო, ჯიბრილ სისე, ხუან რომან რიკელმე და მრავალი სხვა მსოფლიო დონის, თუმცა კარიერის დასასრულისკენ მიმავალი ფეხბურთელი, გარკვეული თანხის, წელიწადში 800 000-დან 1 000 000 ევროს სანაცვლოდ გააფორმებს კონტრაქტს ქართულ კლუბთან. საერთო ჯამში კი ოთხ-ხუთ გუნდში ამ ღირებულების მოთამაშეთა ჩამოყვანა და კლუბების ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე იმ კონკრეტული სათამაშო რგოლის მიხედვით დაკომპლექტება, რომლის შევსების მოთხოვნაც კლუბს ექნება, დადებით როლს ითამაშებს კლუბისა და ფეხბურთის პოპულარიზაციაში. თითო გუნდში 2-2, საუკეთესო შემთხვევაში კი 3-3 მოთამაშის გადანაწილება დადებით შედეგს მოგვცემს. ყოველივე კი, უპირველესად, სტადიონზე მაყურებლის დასწრებაზე აისახება.
მაგალითისთვის: თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” შეხვედრისას, როდესაც მინდორზე 4 ისეთი ფეხბურთელი იქნება, როგორებიც ხავიერ სავიოლა და რივალდო (დინამო), ხუან რომან რიკელმე და პაბლო აიმარი (ტორპედო) არიან, გულშემატკივრის თამაშზე დასწრება 100%-ით გარანტირებულია.
სახელფასო ფონდის მოძიება
ასეთი დონის ფეხბურთელთან ერთწლიანმა საკონტრაქტო ღირებულებამ უნდა შეადგინოს 800 000-დან 1 000 000 ევრომდე. ეს თანხა სანახევროდ უნდა გაიღონ ინვესტორმა (სპონსორმა) და სახელმწიფომ და არა კონკრეტულმა კლუბმა, რაც გულისხმობს, რომ ინვესტორი (სპონსორი) და სახელმწიფო ერთი წლის განმავლობაში ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე 4-5 გუნდისთვის თავად შეიძენს ფეხბურთელებს, ანუ ფინანსურ დახმარებას არ გაუწევს კლუბებს, რადგან, შესაძლოა, თანხა არამიზნობრივად დაიხარჯოს. ეს იქნება ინვესტორის და სახელმწიფოს მიერ კლუბებისთვის გაცემული კრედიტი, რომელსაც იგი დაიბრუნებს არა კონკრეტული კლუბისგან, არამედ თამაშებზე დასასწრებად გაყიდული ბილეთებით შემოსული თანხებიდან, რაც ეროვნული ჩემპიონატის პირობებში მცირედია იმასთან შედარებით, რასაც თავად გაიღებს ამ პროექტში დასაფინანსებლად. ამიტომ, ინვესტორი და სახელმწიფო უშუალოდ უნდა განკარგავდეს მოწვეულ ფეხბურთელთა სარეკლამო საქმიანობის უფლებებს (მაისურებისა და ფოტოების გაყიდვა, პიარაქციებისა და კომერციული ჩვენებების მოწყობა), რათა ამ მხრივაც მოხერხდეს გახარჯული თანხების მობილიზება.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ამ ფეხბურთელების მონაწილეობით, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრას “დინამო არენასა” და “მიხეილ მესხზე” მინიმუმ 20 000 მაყურებელი ეყოლება, რეგიონებში კი ანშლაგი გარანტირებული იქნება. ბილეთის ფასი მინიმუმ 3 ლარი უნდა იყოს, რაც მხოლოდ გაყიდული ბილეთებიდან კვირაში 60 000 ლარს შემოიტანს.
ქართულ საფეხბურთო სამყაროში ასეთი სახეების გამოჩენა რადიკალურად შეცვლის დამოკიდებულებას ეროვნული პირველობისადმი სატელევიზიო რეპორტაჟების მიმართულებითაც. გაიზრდება ინტერესი ტელევიზიების მხრიდან და თუკი დღეს პირდაპირი რეპორტაჟის განხორციელება სახვეწარია, ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იქნება და უკვე თავად ტელევიზიის ინტერესში შევა რეპორტაჟების ჩვენება. ეს პირდაპირ კავშირშია პროექტში სპონსორთა ჩართულობასთან.
იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ქართული კლუბი მიაღწევს წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე და მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ფინალური ეტაპის საგზურს, შემოსავლები საგრძნობლად გაიზრდება (რამდენად, ამას ოდნავ ქვევით იხილავთ ცხრილის სახით), ამ თანხის უმეტესი ნაწილი კი ისევ ინვესტორს და სახელმწიფოს დაუბრუნდება.
უეფას ევროპის ლიგა
1 საკვალიფიკაციო 90000
2 საკვალიფიკაციო 90000
3 საკვალიფიკაციო 90000
პლეი-ოფი 90000
ჯგუფური ეტაპი მონაწილეობა 600000
თითო მატჩი 50000 (300000)
მოგება 120000
ფრე 60000
180000
1/8 270000
¼ 360000
½ 630000
ფინალისტი 2000000
გამარჯვებული 3000000
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ გუნდები გავლენ ჯგუფურ ეტაპზე პლეი ოფის სამონაწილეო თანხა უქმდება
შენიშვნა: თანხები მოცემულია ევროებში
უეფას ჩემპიონთა ლიგა
მონაწილეობა 200000
1 საკვალიფიკაციო 130000
2 საკვალიფიკაციო 130000
3 საკვალიფიკაციო 130000
პლეი-ოფი 100000
ჯგუფური ეტაპი მონაწილეობა 3800000
თითო მატჩი 550000 (3300000)
მოგება 800000
ფრე 400000
1/8 3000000
¼ 3300000
½ 4200000
ფინალისტი 5600000
გამარჯვებული 9000000
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ გუნდები გავლენ ჯგუფურ ეტაპზე, მონაწილეობის და I, II, და III საკვალიფიკაციო ეტაპების სამონაწილეო თანხა უქმდება
შენიშვნა: თანხები მოცემულია ევროებში
დღეისთვის საქართველოში განვითარებული ინფრასტრუქტურა მყარი გარანტიაა იმისა, რომ ქვეყანა მაღალ დონეზე დიდი რაოდენობის ტურისტის მიღებას უზრუნველყოფს. ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს, მეტოქე გუნდების გულშემატკივართა სახით, უამრავი ქომაგის მასპინძლობა მოუწევს, რაც დამატებით შემოსავალს მოიტანს. ამასთან, არანაკლებ მომგებიან პოზიციაზე აღმოჩდებიან ის კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოსთან ერთად განახორციელებენ ამ პროექტს. მაგალითისათვის თუ “თი-ბი-სი ბანკი” ხავიერ სავიოლას ტრანსფერის განხორციელებლად გაიღებს 300 000 ევროს ეს ფეხბურთელი ერთი წლის განმავლობაში გახდება ბანკის სარეკლამო სახე, რომელიც ბანკის მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას ისევე, როგორც ყველა სარეკლამო რგოლში. 300 000 ევრო კი ნებისმიერი ფინანსურად ძლიერი კომპანიის წლიური სარეკლამო ბიუჯეტის მცირე ნაწილია.
კონტრაქტის მიხედვით გასათვალისწინებელი რამდენიმე პუნქტი:
კონტრაქტის მიხედვით, ზემოაღნიშნული დონის ფეხბურთელებმა მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ ტურის ცენტრალურ და სატურნირო თვალსაზრისით პრინციპულ შეხვედრებში.
ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ფეხბურთელის საცხოვრებელი პირობები მისი მოთხოვნის შესაბამისად.
ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ფეხბურთელისა და მისი ოჯახის წევრთა 24-საათიანი უსაფრთხოება.
ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ფეხბურთელისა და მისი ოჯახის წევრების მგზავრობა წელიწადში რამდენჯერმე წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის საფუძველზე.
ფეხბურთელმა კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა უნდა მიიღოს სრულად, დროულად და ამის გარანტი უნდა იყოს სახელმწიფო, რაც კიდევ უფრო მყარს გახდის ფეხბურთელთან თანამშრომლობას.
კომპანიები, რომლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტის განხორციელებაში:
1. ჯეოსელი
2. მაგთი
3. ბილაინი
4. თიბისი-ბანკი
5. სტანდარტ ბანკი
6. ლიბერთი ბანკი
7. ლუკოილი
8. რომპეტროლი
9. ხალიკ ბანკი
10. საქართველოს ბანკი
11. ვითიბი-ბანკი
12. ქართუ ბანკი
13. ბანკი რესპუბლიკა
14. ტოტალიზატორები
15. სამორინეები
16. მადნეული
17. ნატახტარი
18. კასტელი
...და სხვა
იმ შემთხვევაში თუ 18-დან თითოეულმა კომპანიამ ამ პროექტის განსახორციელებლად წლიური სარეკლამო ბიუჯეტიდან გამოყო 300 000 ევრო, საერთო ჯამში თანხის რაოდენობა მიაღწევს 5 400 000 ევროს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ამ პროექტის განსახორციელებლად დაჭირდება 2 600 000 ევროს გამოყოფა.
გარდა ამისა, სახელმწიფოს დაფინანსებით უნდა დაკომპლექტდეს მუშა ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს ამ პროექტის განხორციელებასა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჯგუფი ოფისით, საჭირო ტექნიკური აღჭურვილობითა და სამუშაო პირობებით. ასევე, უზრუნველყოს მსოფლიოს მასშტაბით მათი გადაადგილება, რათა ცალკეულმა ჯგუფებმა აწარმოონ მოლაპარაკებები ფეხბურთელებთან და მათ აგენტებთან. რაც მთავარია, სახელმწიფომ უნდა გამოუცხადოს სრული ნდობა პროექტზე მომუშავე ჯგუფს. თუმცა, ყველა ფინანსური ოპერაცია და ნებისმიერი გადაწყვეტილება სახელმწიფოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. მომუშავე ჯგუფს უნდა მიეცეს გარკვეული დრო ამ პროექტის განსახორციელებლად და ყველა მიმართულებით ხელი შეეწყოს.
ამ პროექტის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად და პერსონალის საჰონორარო სისტემის ჩამოსაყალიბებლად საჭირო იქნება დამატებითი 1 500 000 ლარის გამოყოფა. ეს თანხები გადანაწილდება ცალკეული ჯგუფების მივლინებებზე, მოლაპარაკებების წარმოებაზე, სასტუმროებზე, თვითმფრინავის ბილეთებსა და ჰონორარზე. პროექტის განხორციელების შემდეგ, წარმოდგენილი იქნება ყველა საბუთი, სადაც დეტალურად და ნათლად აისახება თუ სად და რაში დაიხარჯა საორგანიზაციო ჯგუფისთვის გამოყოფილი თანხები. დარჩენილი სხვაობა დაუბრუნდება ქვეყნის ბიუჯეტს.
მთლიანობაში კი ამ პროექტის განსახორციელებლად საჭიროა:
8 000 000, 10 000 000 ან 15 000 000 ევრო (მოთხოვნებისა და სურვილის მიხედვით) და 1 500 000 ლარი
ლაშა დვალიშვილი
P.S. worldsport.ge-ის მთავარი რედაქტორისგან: იმედია, ამ წერილს, რომელსაც პრაქტიკულად პროექტის სახე აქვს, ჩვენს ვებგვერდზე (და არა მარტო აქ) დიდი გამოხმაურება და რაც მთავარია, შედეგი მოჰყვება. სულაც არაა აუცილებელი, რომ ბატონი ლაშას ყველა მოსაზრებას დაეთანხმოთ ან პირიქით, მაგრამ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამდენწლიანი ფუჭი საუბრებიდან მართლაც საქმეზე გადასვლა რომაა საჭირო, ამაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით.
ჰოდა, აგერ ბატონო ქართული ფეხბურთის გამოცოცხლების ერთ-ერთი ჩამოყალიბებული ვარიანტი. ვიმსჯელოთ და თუკი ვინმეს უკეთესი აზრები გაუჩნდება, ნამდვილად არავის ეწყინება. ჩვენ ზუსტად ამის – თქვენი იმედი გვაქვს!
და კიდევ - აღნიშნული პროექტის განხორციელება (თუკი ეს მოხდა) არ ნიშნავს, რომ ქართულ ფეხბურთში სხვა აღარაფერი იქნება გასაკეთებელი და დონით ერთბაშად გავუთანაბრდებით წამყვან საფეხბურთო ქვეყნებს. უბრალოდ, ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმისა, რასაც ქართული ფეხბურთის ფეხზე დაყენება ჰქვია. დარწმუნებული ვარ, ყოველივე ამაზე თავად ავტორი უახლოეს მომავალში უფრო დეტალურად ისაუბრებს.