საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ქალაქ ეილატში მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ისრაელის ეროვნული გუნდი 74:73 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი ორქულიანი ბოლო წამებზე ქართველთა ნატურალიზებულმა ამერიკელმა მცველმა რიკი ჰიკმანმა ჩააგდო, რომელსაც საერთო ჯამში არცთუ შედეგიანი შეხვედრა გამოუვიდა.
შეგახსენებთ, რომ ისედაც ტრავმებით გაწამებული საქართველოს ნაკრები ებრაელებთან პირველ მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე წარსდგა. ნაკრების კაპიტანმა ფეხი ჯერ კიდევ თბილისურ შეკრებაზე დაიზიანა და თავის დაზღვევის მიზნით, მისი ისრაელთან პირველ თამაშში დასვენება გადაწყდა.
სასიხარულოა, რომ ასეთი დანაკლისის მიუხედავად, იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა დამაჯერებლად იასპარეზეს და ფაქტობრივად, საუკეთესო შემადგენლობით მოთამაშე ისრაელის გუნდის დრამატულ ბრძოლაში სძლიეს, ჯილდოდ კი სპეციალურად გასული შერკინებისთვის დაწესებული ეილატის თასი ერგოთ.
როგორც აღვნიშნეთ, გადამწყვეტი შეტევა ჰიკმანის (მან 30:56 წუთში თამაშიდან 10-დან 3 სროლა გამოიყენა და 6 ქულას დასჯერდა) იყო, თუმცა, მატჩის მთავარი ფიგურები მაინც “ძირძველი” ქართველები იყვნენ. გიორგი შერმადინმა 19 ქულით და 12 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა, ვიქტორ სანიკიძემ 20 ქულას 7 მოხსნა წაამატა, ხოლო გიორგი ცინცაძის მონაგარი 11 ქულა და 5 პასი იყო.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად საქართველოს ნაკრებს სათადარიგოთა სკამიდანაც საკმაო სარგებელი ჰქონდა. ამ მხრივ განსაკუთრებით დუდა სანაძე გამოირჩა, რომელმაც 3-დან 2 სამქულიანი და ორქულიანი გამოიყენა და 8 ქულას გამორჩა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა კი 5 ქულას მიითვალა.
ქართველი კალათბურთელები პირველივე მეოთხედში 10-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, თუმცა, მე-2 და მე-3 მეოთხედი ჯამში 14 ქულით დათმეს და კარგა ხანს მდევრის როლში ყოფნა მოუხდათ.
თამაშის კვანძი ბოლო წამებზე გაიხსნა, როდესაც სანიკიძემ სამქულიანით სტუმრები 72:70 დააწინაურა, “ჰიუსტონ როკიტსის” წევრმა ომრის კასპიმ შორეული სამქულიანითვე ისევ ისრაელი გაიყვანა წინ, აღნიშნულს ჰიკმანის ხსენებული შეტევა მოჰყვა, იმავე კასპის ზედ საფინალო სირენის წინ შესრულებული კიდევ ერთი სამქულიანი კი არაზუსტი გახლდათ.
28 აგვისტოს ისრაელის და საქართველოს ნაკრებები ძალებს კიდევ ერთხელ მოსინჯავენ. მომავალი შეხვედრა უკვე ჰაიფაში გაიმართება და მოსალოდნელია, რომ მასში მონაწილეობას მანუჩარ მარკოიშვილიც მიიღებს.
ისრაელი – საქართველო 73:74 (13:21, 22:16, 21:13, 17:24)
ისრაელი: ელიაჰუ (26 წ. 16 ქ. 5 მ. 3 პ.), კასპი (34 წ. 18 ქ. 11 მ.), ოჰაიონი (25 წ. 4 ქ. 7 მ. 8 პ), ჰალპერინი (19 წ. 12 ქ. 3 მ. 5 პ.), გრინი (4 წ.); ლიმონადი (13 წ. 3 ქ.), ნისიმი (9 წ.), ნაიმი (6 წ. 5 ქ.), პნინი (11 წ. 5 ქ.), კოზიკარო (12 წ.), ხანომი (10 წ.), ჩერნოვიცი (8 წ.).
მწვრთნელი: არიკ შივეკი.
საქართველო: ცინცაძე (34 წ. 11 ქ. 5 პ.), შერმადინი (31 წ. 19 ქ. 12 მ.), ჰიკმანი (31 წ. 6 ქ. 4 მ. 4 პ.), ფაცაცია (26 წ. 3 ჩ.), სანიკიძე (33 წ. 20 ქ. 7 მ.); ბოისა (1 წ.), სანაძე (14 წ. 8 ქ.), ცქიტიშვილი (9 წ. 5 ქ.), ბურჯანაძე (7 წ. 2 ქ.), ლეჟავა (9 წ.), ფხაკაძე (6 წ. 3 ქ.).
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.
მატჩის მიმოხილვა
http://www.sport5.co.il/HTML/articles/Article.416.150025.html