ძიუდო

14:30 | 8.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჰოლანდიელი ჩემპიონით ძლიერდება

 

ჰოლანდიელი ძიუდოისტი, ევროპის ჩემპიონი ესტერ სტამი მალე საქართველოს მოქალაქე გახდება და ეროვნული ნაკრების ღირსებასაც დაიცავს. ინფორმაცია, რომელიც “მსოფლიო სპორტმა” მოიპოვა, უკვე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმაც დაგვიდასტურა.

“ესტერ სტამმა თავად გამოთქვა საქართველოს სახელით ჭიდაობის სურვილი. მითხრა, რომ ჰოლანდიის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა უკვე ჩააყენა საქმის კურსში და მათგან პრობლემა არ შეექმნება. წინასწარ შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ. დარჩა იურიდიული ფორმალობები, რომელთა მოსაგვარებლადაც ადვოკატი იმუშავებს. სტამი ჩვენი ნაკრების წევრი საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის აღებისთანავე გახდება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ქევხიშვილმა.

ესტერ სტამი 1987 წელსაა დაბადებული. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჰოლანდიის მოქმედი ჩემპიონია, თუმცა შიდა კონკურენციაში ისეთ ძიუდოისტებთან უწევს ბრძოლა, მსოფლიოს ტატამზე სხვა ქვეყნის სახელით გასვლა ალბათ მისთვისაც მაინც საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. შეგახსენებთ, ამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის მოწინავე ხუთეულში ორი ჰოლანდიელია: ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი კიმ პოლინგი სულაც რეიტინგის ლიდერია. იუნიორებსა და ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი ლინდა ბოლდერი კი მეხუთეა. სტამი მხოლოდ 91-ე პოზიციას იკავებს. თანამემამულეთაგან მას ევროპის 5-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი ედიტ ბოსხიც (49-ე ადგილი) უსწრებს.

ესტერ სტამი ევროპის ჩემპიონი 2007 წელს, ზალცბურგში გახდა, 23-წლამდელთა შორის.

0.127316