მას შემდეგ, რაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, ჩვენი გულშემატკივარისთვის მომავალი ტურნირის სხვა მონაწილეთა ვინაობაც საინტერესო გახდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპირველობის საგზური ავტომატურად ჰქონდა დაბევებული მასპინძელ ლიტვას, ელიტ-რაუნდიდან კი საქართველოს დარად თურქეთმაც იყოჩაღა, რომელმაც მე-7 ჯგუფში იტალიას, უკრაინას და რუსეთს აჯობა.
დღეს ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა გაირკვა. მე-3 ჯგუფის მასპინძელმა პორტუგალიამ ბულგარეთი და ჩეხეთი, შესაბამისად, 7:0 და 4:1 გაანადგურა, გადამწყვეტ მატჩში კი ასევე 6 ქულის მქონე დანიას 1:0 სძლია. აღსანიშნავია, რომ დანიელები უკვე მე-5 წუთიდან კაცნაკლულნი თამაშობდნენ, მსაჯმა კი მათ კარში 2 პენალტი დანიშნა, მოკლედ პორტუგალიელებს საქმე ძალიან გაუადვილა.
ამგვარად, გასარკვევი 4 ფინალისტის ვინაობაღა დარჩა, რომელთაგან სამი ხვალ დასახელდება. პირველ ჯგუფში პირველობასთან ყველაზე ახლოს მასპინძელი ავსტრია გახლავთ, რომელსაც საფრანგეთის მსგავსად 6 ქულა გააჩნია და ბოლო ტურში სწორედ “სამფეროვნებთან” შეხვედრაში ხელს ყაიმიც აძლევს.
პოლონეთი იღებს მე-4 ჯგუფის მატჩებს, თუმცა, მასპინძლებს პირველობის თეორიული შანსიც კი აღარ გააჩნიათ. ევროპის პირველობის საგზურს ურთიერთშეხვედრაში 6 ქულის მქონე ესპანეთი და 4-ქულიანი ხორვატია გაითამაშებენ. ცხადია, ფრე პირენეელებს აწყობთ.
დღესვე, დიდი ამბებია მოსალოდნელი მე-5 ჯგუფში, სადაც ოთხივე ნაკრებს ერთნაირი მონაგარი – 3 ქულა გააჩნია. ნორვეგიაში მიმდინარე ოთხთა ტურნირის სტარტზე უდავო ფავორიტებად გერმანია და ჰოლანდია მიიჩნეოდნენ, თუმცა, დიდი შანსია, პირველი ადგილი ვერცერთმა მოიპოვოს.
დასკვნით ტურში გერმანია და ჰოლანდია ერთმანეთის პირისპირ დადგებიან, მასპინძელი ნორვეგია კი კვიპროსს დაუპირისპირდება და იქნებ ნანატრ საგზურსაც გამოჰკრას ხელი. დიდი შანსია, ამ ჯგუფში მოწინავეებს ერთნაირი რაოდენობის ქულები აღმოაჩნდეთ, რა შემთხვევაშიც, საქმეში ურთიერთშეხვედრები ჩაერთვება.
ბოლოს მე-2 ჯგუფზე ვთქვათ, რომლის გამარჯვებულის ვინაობასაც 11 ივნისს შევიტყობთ. აქ პირველობის თეორიულ შანსს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს. ბოლო ტურში შვეიცარია (4 ქულა) სლოვაკეთს (1) ეთამაშება, ხოლო მასპინძელი სერბეთი (3) – ირლანდიას (2).
შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება, მომავალი ტურნირის კენჭისყრა კი 14 ივნისს ასევე ლიტვაში შედგება.