კალათბურთი

11:49 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს გზა ევრობასკეტ 2015-ისკენ დღეს იწყება

დღეიდან იწყება ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. ევრობასკეტის 11 საგზური განაწილებულია და უახლოეს 17 დღეში ის 13 ნაკრები უნდა გამოვლინდეს, რომლებიც კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპს შეავსებენ.

სანამ საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატზე და იმის შესახებ ვიტყოდეთ, თუ რა გზით მოხვდა ხსენებული 11 გუნდი ევრობასკეტზე, აღვნიშნავთ, რომ ფინალური ეტაპის ჩატარების ადგილი ჯერაც გაურკვეველია. ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, რომლის თავზეც თვითმფრინავებიც კი ვერ დაფრინავენ უსაფრთხოდ და რა გასაკვირია, თუკი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობამ ამ ქვეყანას ევრობასკეტის მასპინძლობა ჩამოართვა.

საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის სექტემბერში გაირკვევა, თუ სად ჩატარდება ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი. ერთი რამ ცხადია – ეს იქნება ევრობასკეტზე გასული ქვეყანა, რადგან იმ მომენტისთვის ჩემპიონატის მონაწილე 24-ივე ნაკრების ვინაობა გვეცოდინება.

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე გასული პირველი ქვეყანა ესტონეთია, რომელმაც ეს საგზური 2013 წლის აგვისტოში მოიპოვა. ფიბა-ევროპამ “ა“ და “ბ“ დივიზიონები რომ გააერთიანა, 2013 წელს, როცა სლოვენიაში ევრობასკეტი ტარდებოდა, ქვედა ეშელონის ქვეყნები  უსაქმოდ რჩებოდნენ. ამიტომაც, ფიბა-ევროპამ “ბ“ დივიზიონის ყოფილ წევრებში გაათამაშა მომავალი, 2015 წლის ჩემპიონატის 1 საგზური, რომელიც ესტონეთმა მოიგო.

დანარჩენი 10 საგზური მოიპოვეს ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საუკეთესო შვიდმა (საფრანგეთი, ლიტვა, ესპანეთი, ხორვატია, სლოვენია, უკრაინა, სერბეთი) გუნდმა, ასევე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე (“უაილდ ქარდით”) მოხვედრილმა ნაკრებებმა – ფინეთმა, თურქეთმა და საბერძნეთმა.

ასე და ამგვარად, დღეიდან დაწყებულ ტურნირს ევრობასკეტ 2015-ის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი ჰქვია, რომელშიც 26 გუნდი 13 საგზურისთვის იბრძოლებს. შექმნილია 7 ჯგუფი - 5 ოთხგუნდიანი და 2 სამგუნდიანი. ჯგუფების გამარჯვებულები ევრობასკეტის საგზურს პირდაპირ მიიღებენ, ხოლო 7 მეორეადგილოსნიდან ფინალურ ეტაპზე 6 საუკეთესო გავა.

მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც საუკეთესო მეორეადგილოსნის გამოვლენას ეხება: რადგან ჯგუფეში გუნდების რაოდენობა არათანაბარია, B, ჩ, D, E და F ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ გუნდებს ბოლოადგილოსნებთან ნათამაშები 2 მატჩის შედეგები ჩამოეჭრებათ. ამ გზით შვიდივე ჯგუფის მეორეადგილოსანს თამაშების თანაბარი რაოდენობა ექნებათ და საუკეთესოც მარტივი – მოგებ-წაგებებისა და ბურთების შეფარდების გზით გამოვლინდება.

მაშ ასე, დღეს საკვალიფიკაციო ტურნირი იწყება და ქართველი ქომაგის ყურადღება E ჯგუფისკენ იქნება მიმართული, რომელშიც საქართველოს მეტოქეობას ჩეხეთი, პორტუგალია და უნგრეთი გაუწევენ. პირველ ტურში საქართველო ჩეხეთს მასპინძლობს, ხოლო პორტუგალია – უნგრეთს.

www.gbf.ge

0.120504