ფეხბურთი

14:05 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგას გაუმარჯოს!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თავის აღმასკომთან ერთად ყოველგვარი სპორტული პრინციპი დაარღვია და 26-ე ეროვნულ ჩემპიონატში 16 გუნდი დაუშვა. ისე, ამ იდეის ავტორ ვეტერანებს დღემდე ვერ გაუგიათ ან გაგება არ უნდათ, რას ნიშნავს სპორტული პრინციპის დარღვევა. ყოველ შემთხვევაში, მსგავს კითხვას თავად სვამენ. ისინი უკვე აღარც იმაზე აპელირებენ, რომ სახელმწიფო “ფულს გამოდის”.

სპორტის მინისტრმა გარკვევით თქვა, რომ სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს ამოქმედდება. ისე, კარგი იქნება თუ იმ დროსთვის მაინც მოესწრება, რადგან ჯერ ეს პროგრამა არ დამტკიცებულა. კლუბებს კი უთხრეს, რომ 450000-450000 ლარს დაურიგებდნენ და გასაკვირად უმრავლესობა ამ ფულით თავის შენახვას დათანხმდა. თუ ამ კლუბების მესვეურები ფონს ხსენებული ფინანსებით გადიან, მაშინ მილიონებს რაღას ითხოვენ? ე.ი. ისინი 450000 ლარშიც “ჯდებიან” და მეტი არ სჭირდებათ. ყოველ შემთხვევაში ლოგიკურად ასეა. სხვათა შორის, ჯერ ეს თანხაც არ მიუღიათ.  

კვლავ ყბადაღებული თემაა საბიუჯეტო გუნდები. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ისინი საერთოდ არ უნდა არსებობდნენ. თუმცა, ამ მიდგომას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. ყოველ შემთხვევაში ისეთი მახინჯი ფორმით, როგორც აქამდე მუნიციპალიტეტები კლუბებს ინახავდნენ, არ უნდა ფინანსდებოდნენ. სპორტის სამინისტროში და შემდეგ ფედერაციაშიც არ დამალეს, რომ თურმე ზოგიერთ მუნიციპალურ კლუბს 120, 90 და ა.შ. თანამშრომელი ჰყავს გაფორმებული და გამოყოფილი თანხების 80 პროცენტი მათ ხელფასზე იხარჯება.

გასაკვირია, მუნიციპალური კლუბების მიერ ლეგიონერების მიწვევა, ასევე ე.წ. “პადიომების” (საკონტრაქტო თანხების) დარიგება. საქართველოს რეგიონებში ხალხს წყალი და გაზი არ აქვს, ზოგან დენი არაა შეყვანილი და ამ დროს ფეხბურთელს “პადიომს” აძლევენ, კიდევ რამდენიმე ათას ლარს ხელფასს უხდიან. მუნიციპალიტეტებმა ის მაინც განსაზღვრონ, რომ კლუბმა ლეგიონერი არ ჩამოიყვანოს და გარკვეული სახელფასო ზღვარი დაწესდეს. იგივე რაიონის მოსახლეობას ჰკითხა ვინმემ, რა უფრო პრიორიტეტულია ფეხბურთი თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. გასაგებია ეს ფული, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ხმარდებოდეს, მაგრამ კლუბში, ისეთი ხალხია გაფორმებული, რომლებიც თამაშს საერთოდ არ ესწრებიან და თვის ბოლოს ხელფასს პენსიასავით იღებენ. ეს რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, სამართლებრივად კი...

პირველ ტურში ორ თამაშს დავესწარი და 16-გუნდიანი ჩემპიონატის ინიციატორებისთვის თვალი არ მომიკრავს. არც მათი არგუმენტია მისაღები, რომ პირველ ლიგაში ფულს არავინ დებს და ინვესტორს მხოლოდ უმაღლესი ლიგა აინტერესებს. რაღაც ვერ ვხედავ, რომ სპონსორები რიგში იდგნენ უმაღლესის კლუბების დასაფინანსებლად. ის მოსაზრებაც მიუღებელია, რომ თუ გუნდი პირველ ლიგაშია, რაიონის გამგებელი ყურადღებას არ აქცევს.

მაშინ, შევქმნათ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა, რომელსაც აღმოსავლეთ და დასავლეთი ლიგებად დავყოფთ და არავინ გავარდება. უმაღლესი და პირველი ლიგის ჩათვლით 36 გუნდი გამოდის, თუ თითო ლიგაში 18-18 გუნდი იქნება და გამარჯვებულებმა ჩემპიონის ტიტული გაითამაშონ. ქართული მიდგომიდან გამომდინარე ყველა კმაყოფილი იქნება, ყოველ წელს არც რეგლამენტი შეიცვლება და უმაღლესიდანაც არავინ გავარდება. მავანნი მაინც ამტკიცებენ, რომ 12 გუნდი იქნება თუ 16 ხარისხი იგივეა - მე 36-ს ვთავაზობ.

თურმე, უმაღლესში გუნდების გაზრდა ფეხბურთის მასობრივობას გაზრდის და თავის გამოჩენის საშუალება მეტ ბავშვს მიეცემა. საქართველოში მასობრიობა როგორ ესმით არ ვიცი, მაგრამ ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატს დავესწარი და ადგილზე ვნახე, მასობრიობა რაა. დილიდან საღამომდე ბავშვები “კოპაკაბანას” პლაჟით დაწყებული და თავისი უბნის მოედნებით დამთავრებული ბურთს დასდევენ. არც სხვა ქვეყნების პრაქტიკიდან გამიგია, რომ მასობრიობას კლუბების რაოდენობის გაზრდა იწვევდეს.

საქართველოში კიდევ გავზარდოთ 36-მდე და მასობრიობაც ავტომატურად გაიზრდება. სტადიონები არც 16 გუნდისთვისაა საკმარისი და დიდი ამბავი, ერთი და იმავე სტადიონზე კვირაში რამდენიმე გუნდი თუ ითამაშებს. სამაგიეროდ, სტადიონის მფლობელი კლუბი ან ფედერაცია ქირის თანხას მიიღებს. “მიხეილ მესხზე” და მის სათადარიგო მოედანზე თამაშისთვის ფედერაცია ხომ კლუბებს თანხას ახდევინებს. მოკლედ, საქართველოს ეროვნულ ლიგას გაუმარჯოს. ურიგო იდეა არა გუნდების რაოდენობის გაზრდის მომხრეებისთვის.

 

0.115581