საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ესტონეთში გუშინ და დღეს 2 საკონტროლო მატჩი გამართა და მასპინძელ თანატოლთა ნაკრებს მოგებ-წაგებით გაეყარა.
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი შეხვედრა 20 ქულით – 56:76 წააგო. ნაკრების მენეჯერის, შოთა ბენდელიანის თქმით, ესტონელებმა მეორე მეოთხედში ქართველების ინერტულობით ისარგებლეს და მოპოვებული უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.
რადიკალურად განსხვავებული გამოდგა მეორე შეხვედრა, რომელშიც ქართველმა 16-წლამდელებმა 18-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს.
ორივე მატჩის სასტარტო ხუთეულში ითამაშეს გიგი გოგობერიშვილმა, ლევან გოგალაძემ და ვილი ისიანმა. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად გამოირჩეოდა და ორივე მატჩში ორმაგი დუბლი გაიფორმა. პირველ ჯერზე ისიანმა 15 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა, მეორეში კი – 15 ქულა და 10 მოხსნა.
საქართველოს ნაკრები საქართველოში დღეს დაბრუნდება და ხვალ გეზს ჰოლანდიისკენ აიღებს, სადაც ქალაქ ვირტში – 17 და 18 ივლისს მასპინძელთა ნაკრებთან 2 საკონტროლო შეხვედრას გამართავს.
თბილისში დაბრუნებულ ნაკრების შემადგენლობაში მთავარი მწვრთნელი ცვლილებებს მოახდენს, 2 კანდიდატის ნაცვლად გუნდში 3 სხვას ჩასვამს და ჰოლანდიაში 13 მოთამაშით გაემგზავრება.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. ტალინი. 13 ივლისი
ესტონეთი – საქართველო 76:56 (19:20, 25:7, 15:12, 17:17)
საქართველო: გოგალაძე (4), გოგობერიშვილი (11), ლომიძე (4), ალიევი (6ქ, 4მ), ისიანი (15ქ, 15მ, 3ჩ); კერესელიძე (2), ქვარაია, ცქიფურიშვილი (8), თვალაბეიშვილი (2), გიორგაძე (2), ხსირტლაძე (2), აფხაზავა.
ესტონეთი – საქართველო 43:61 (12:24, 7:9, 10:14, 14:14)
საქართველო: გოგალაძე (8ქ, 4მ), გოგობერიშვილი (6ქ, 5 მ, 3პ), სხირტლაძე, გიორგაძე (2ქ, 5მ), ისიანი (15ქ, 10მ, 3ჩ), ალიევი (4ქ, 4მ, 5 დაფარება), კერესელიძე (2), ქვარაია, ცქიფურიშვილი (5ქ, 5მ), ლომიძე (15), თვალაბეიშვილი, აფხაზავა (4ქ, 4მ, 2ჩ).
www.gbf.ge