კალათბურთი

10:31 | 3.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდელები თურქეთში შვედეთთან დამარცხდნენ

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ საქარიაში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩი გამართა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ქართველების პირველი მეტოქე შვედეთი გახლდათ, რომელთანაც ჩვენებმა 16 ქულის სხვაობით – 51:67 წააგეს.

საქართველოს ნაკრებისთვის მატჩი სახარბიელოდ ვერ წარიმართა. ბევრი შეცდომებისა და აცილებული ბურთების ფონზე შვედებს თამაში არ უჭირდათ და საწყისი მეოთხედი ხომ იოლად მოიგეს, დიდი შესვენებისთვის 14 ქულით დაწინაურდნენ.

მესამე პერიოდში ქართველებმა მეტოქეს აჯობეს. აქცენტი დაცვაზე გააკეთეს და მეტოქეს შეტევის ორგანიზებას, ანაც შედეგიანად დაგვირგვინებას იოლად არ ანებებდნენ. საპასუხოდ, შეტევაში სწრაფად გადადიოდნენ და ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს – 37:45 ბოლო მეოთხედის წინ.

ქართველებს წარმატების მცირე შანსი კი გააჩნდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. შვედებმა შორიდანაც ჩააგდეს და სწრაფი შეტევების დროსაც, ქართველებმა კი შეცდომებს უხშირეს. საბოლოოდ, კაზანჯიანის გუნდმა 16-ქულიანი მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგით დავით აფხაზავა გამოირჩა, რომელმაც 17 ქულა და 6 პასი მოაგროვა. 7 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ქუთაისელ ლადო ფურცხვანიძეს. 4 თებერვალს, საქართველოს ნაკრები გერმანიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

 

16-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი. საქარია. თურქეთი. 2 თებერვალი

შვედეთი – საქართველო 67:51 (18:11, 17:10, 10:16, 22:14)

საქართველო: დარბაიძე (2ქ, 4მ), ლოლიშვილი (2), ცხოვრებოვი, ფურცხვანიძე (7ქ, 12მ), აკობია, ლეონიძე (5), დოლიძე, გვიანიძე (4), თვალაბეიშვილი (2ქ, 6მ), ბულაშვილი (5), აფხაზავა (17ქ, 6პ, 3მ, 2ჩ), ბაბილოძე (7).

www.gbf.ge 

0.118242