ცნობილი გახდა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა, რომელიც დღეს საღამოს 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ციკლის სასტარტო მატჩში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ჩეხების წინააღმდეგ თამაშის შანსი ნიკა მეტრეველს, ზაზა ფაჩულიას, გიორგი ცინცაძეს, დუდა სანაძეს, ლევან ფაცაციას, ვიქტორ სანიკიძეს, ბექა ბურჯანაძეს, გიორგი შარაბიძეს, თორნიკე შენგელიას, ბესიკ ლეჟავას, ბექა წივწივაძეს და მიხეილ ჭოჭუას ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვს გუნდში კიდევ 3 კალათბურთელი ჰყავს გამოძახებული, თუმცა, გიორგი შერმადინი და ოთარ ფხაკაძე ტრავმირებულნი არიან, მიხეილ ბერიშვილი კი მომავალი შეხვედრის განაცხადს მიღმა მწვრთნელის გადაწყვეტილებით დარჩა.
თავის მხრივ, ჩეხები თბილისში 13 კალათბურთელით ჩამოვიდნენ, რომელთაგან მხოლოდ 1 დაისვენებს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველო-ჩეხეთის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება და მას ემინ მოღულკოჩი (თურქეთი), მორიც რაიტერი (გერმანია) და მილოშ კოლენშიჩი (მონტენეგერო) განსჯიან, კომისარი კი რუვენ ვიროვნიკი (ისრაელი) იქნება.