რაგბი

18:12 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომდე კანადა “მაორმა” ავარჯიშა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მომავალმა მეტოქე კანადამ, ევროპულ ტურნეზე გამგზავრების წინ ტორონტოში ახალი ზელანდიის “მაორს” უმასპინძლა და მართალია 15:40 დამარცხდა, მაგრამ ტესტ-მატჩებამდე ხარისხიანად წაივარჯიშა.

მკვიდრი ზელანდიელებით დაკომპლექტებული “მაორი” ჩრდილოამერიკულ ტურნეზე ძლიერი შემადგენლობით გაემგზავრა და კვირის თავზე “ბორჯღალოსანთა” კიდევ ერთ მეტოქე აშშ-სთანაც გამართავს მატჩს. ტორონტოში გამართულმა თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია და სტადიონზე არა მხოლოდ კანადის, არამედ ჩრდილოამერიკის რაგბის ისტორიაში ყველაზე მეტი - 22 566 მაყურებელი მივიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ტორონტოს სტადიონ BMO-ზე დასწრების სარეკორდო მაჩვენებელიცაა.

თამაში მზიან, მაგრამ ცივ ამინდში გაიმართა. ამაღელვებელი და განსაკუთრებული “ჰაკას” შემდეგ, პირველებმა კანადელებმა შეუტიეს და მათმა გარემარბმა ჯეფ ჰასლერმა ანგარიში ლელოთი გახსნა. ლაიამ ანდერვუდს გარდასახვა გაუფუჭდა, რის შემდეგაც მასპინძლებს შესვენებამდე ქულის აღების შანსი აღარც მისცემიათ. ამის შემდეგ “მაორიმ” სიჩქარეები ჩართო და 19 უპასუხო ქულა მიითვალა. სამი ლელო უკანახაზელებმა გაიტანეს და ორი გარდასახვაც გამოიყენეს - 19:5.

მეორე ტაიმი კვლავ მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, მაგრამ ამჯერად ქულები სტუმრებმა აიღეს. მათ ლელოს ზუსტი გარდასახვა, რაზეც კანადელებმა 55-ე წუთზე ანდერვუდის ჯარიმით უპასუხეს, მერე მძლავრად შეუტიეს და აარონ კარპენტერმა კანადელთა მეორე ლელო გაიტანა. ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო და ჩამორჩენა 11 ქულამდე დავიდა. ასეთი სხვაობა 68-ე წუთამდე შენარჩუნდა, მერე “მაორმა” კიდევ ორი ლელო გაიტანა და 40:15 იმარჯვა, ახლა კი, ფილადელფიაში გაემგზავრება და აშშ-ს ნაკრებს გაეჯიბრება. რაც შეეხება კანადელებს, ისინი 9 ნოემბერს თბილისში, 16:30 საათზე “დინამო არენაზე” საქართველოს ნაკრების წინაშე წარსდგებიან.

“ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვათ. მწვრთნელების დავალებები ვერ შევასრულეთ და ამის გამო დავისაჯეთ. ვფიქრობ, რაგბის განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესით კანადელებმა უნდა ვიამაყოთ. წარმოუდგენლად ბევრი მაყურებელი მოვიდა ჩვენი თამაშის სანახავად და ვიმედოვნებ, რომ ისინი ჩვენი გარჯით კმაყოფილი დარჩნენ და სტადიონი სხვა დროსაც გაივსება” - განაცხადა კანადელთა მეორეხაზელმა ტაილერ არდრონმა.

ჩრდილოამერიკელთა მთავარმა მწვრთნელმა კირან კროულიმ თქვა: “მეტოქეს ბურთი დავუთმეთ, ეს კი, შეცდომა იყო. მეორე ტაიმში რაღაცეები შევცვალეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა. არ უნდა დაგვავიწყდეს ვის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მეტოქედ რაგბის ზელანდიელი სპეციალისტები გვყავდა, რომელებიც პროფესიულ დონეზე თამაშობენ და არ უნდა გაგვიკვირდეს მუდმივი წნეხის ქვეშ რომ ვიყავით. მეტი მოთმინება გვმართებს და შედეგიც უკეთესი იქნებოდა. აუცილებელია, რომ ამ დონეზე მეტი თამაშის საშუალება გქონდეს, რათა ზეწოლას უკეთ გაუძლო. მომავალი თამაშისთვის გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა, რამდენიმე მორაგბის გარჯით დღეს კმაყოფილი დავრჩი”.

კოლინ კუპერი (“მაორის” მთავარი მწვრთნელი): “ვიცოდით, რომ კანადა აგრესიულ თამაშს შემოგვთავაზებდა, მაგრამ მათგან ექსპანსიურ თამაშს არ ველოდით. მეტოქემ ისეთი გრძელი დარტყმებიც არ განახორციელა, რომ ჩვენებური კონტრშეტევები წამოგვეწყო. ამიტომ, ბევრი შრომა მოგვიწია და საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ლელოებშიც აისახა. კანადელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩენა გვაიძულეს”.

0.11399