ფეხბურთი

18:38 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ უელსთან კითხვები არ დატოვა

მსგავს მინი-ტურნირებში პირველი თამაშის მოგება ჯგუფიდან გასვლის კარგი საწინდარია. საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა დასახული ამოცანა შეასრულა და უელსთან 3 ქულა აიღო. მატჩის მერე, ქართველების თავკაცმა ვასილ მაისურაძემ აღნიშნა, რომ ასეთ იოლ გამარჯვებას არ ელოდა. მართლაც, მასპინძლები ორი ტაიმის განმავლობაში დომინირებდნენ და უპირატესობა ანგარიშშიც ჯეროვნად ასახეს. მეტიც, ყველა რეალური საგოლე მომენტი რომ გამოეყენებინათ, ანგარიში კიდევ უფრო გამანადგურებელი იქნებოდა. რაც შეეხება ერთადერთ გაშვებულ ბურთს, უელსელმა საჯარიმო დარტყმა უბადლოდ შეასრულა და ბექა ქურდაძეს შანსი არ დაუტოვა.

საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გახსნა მე-7 წუთზე შეეძლო, როდესაც ნიკა ჭანტურიას პასის მერე, დავით ჯიქიამ საჯარიმოს ხაზამდე გამოსულ ბილი ობრაიანს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო, მაგრამ ნახევარი მეტრიდან მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა. მალევე, იმავე ჯიქიამ საშუალო მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ზედა ძელს გადასცდა.

23-ე წუთზე, ალექსანდრე გურეშიძემ თავისი ნახევრიდან გადაცემა გიორგი პაპუნაშვილს გაუკეთა, რომელმაც უელსელთა ცენტრალური მცველების შეუთანხმებელი თამაშით კარგად ისარგებლა და ეფექტურად გადაუგდო ბურთი თავს ზემოთ კარიდან გამოსულ ობრაიანს – 1:0.

25-ე წუთზე, ლუკა ზარანდიამ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური შეასრულა და ახლო მანძილიდან მათე ცინცაძეს უფრო ძლიერად რომ დაერტყა, ალბათ, ანგარიში გაიზრდებოდა. 27-ე წუთზე, პაპუნაშვილი მეტოქის საჯარიმოში პასს ჯიქიას აძლევდა, რომელმაც ბურთი ვერ დაიმორჩილა, თუმცა, ბრედლი ვიქჰემმა ისეთი ცუდი გადაცემა მისცა თავის მეკარეს, რომ ჯიქიას ცარიელ კარში გოლის გატანის მეტი არაფერი დარჩენოდა – 2:0.

29-ე წუთზე, ოთარ კაკაბაძის მიერ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი უელსელთა მეკარემ ნახტომში მოიგერია. მალევე, ბრიტანელთა საჯარიმოში გახსნილ ჯიქიას პარტნიორმა პასი არ დაუგვიანა და ფორვარდის დარტყმის მერე, ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

43-ე წუთზე, ზარანდიამ მარჯვენა ფრთიდან მორიგი კუთხური მოაწოდა და გურეშიძემ თავით მეტად ლამაზი გოლი გაიტანა. ტაიმის ბოლო წუთზე, ზარანდიამ უელსელთა საჯარიმოში ერთი მეტოქე ზურგსუკან მოიტოვა და მას ზუსტად დარტყმის საშუალება ჯოშუა იორვერთმა არ მისცა, რომელიც ფეხებში ჩაუვარდა. სხვათა შორის, ხსენებულ ეპიზოდში ზარანდიას შეეძლო პასი ახლოს მდგომი პაპუნაშვილისთვის მიეცა, რომელსაც არავინ მეურვეობდა.

მეორე ტაიმი მცირე ხნის დაწყებული იყო, რომ ჯიქია ორიგინალური ფინტით ჯერ ერთ მოწინააღმდეგეს გასცდა, შემდეგ საჯარიმოში მეორე უელსელიც მოატყუა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მიზანს ააცილა.

56-ე წუთზე, ჯიქიამ მოწინააღმდეგის საჯარიმოში მიიღო ბურთი, იორვერთსა თავს ზემოთ გადაუგდო და მიწაზე დაუშვებლად დაარტყა – 4:0. გოლი უდავოდ ეფექტური აღმოჩნდა.

58-ე წუთზე, მარცნიდან გიორგი თევზაძის პასის მერე, ჯიქია საჯარიმოს გარეთ გამოსულ ობრაიანს ბურთს თავს ზემოთ უგდებდა და უელსელთა მეკარემ ის ხელებით შეაჩერა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო. ბრიტანელთა მწვრთნელმა კარში მაიკლ ქროუ ჩააყენა, რომელმაც იორვერთი შეცვალა. საჯარიმო დარტყმა მათე ცინცაძემ საუცხოოდ შეასრულა – 5:0.

77-ე წუთზე, გიორგი აბურჯანიამ, ბრიტანელთა გოლკიპერს ლევან შენგელია შეატოვა, რომელმაც გოლის გატანის რეალური შანსი ხელიან გაუშვა. 81-ე წუთზე, ჯორჯ უილიამსმა რეიდი მოედნის ცენტრიდან წამოიწყო, გზად გვერდი რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს აუარა, მაგრამ საჯარიმოში შესულს გურეშიძემ აღარ დაარტყმევინა.

ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, თომას ოსალივანმა საჯარიმო დარტყმა ოსტატურად შეასრულა და ანგარიშში სხვაობა ერთი ბურთით შეამცირა.

გერანტ უილიამსი: “მატჩი ჩვენთვის ძალიან არასასიამოვნო ანგარიშით დასრულდა. გულგატეხილები ვართ. საქართველოს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს, რომელშიც ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ. ისინი ბურთს ძალიან კარგად ფლობენ და კარგად მოძრაობენ. შემიძლია ვთქვა, რომ მარტივი გოლები გავუშვით”.

ვასილ მაისურაძე: “შედეგით კმაყოფილი ვართ. არ მეგონა ასე იოლად თუ მოვიგებდით. აქცენტი პირველ თამაშზე გავაკეთეთ და ჩვენთვის ყველაფერი კარგად დამთავრდა. ამ დღეს უკვე ვივიწყებთ და მოლდოვასთან თამაშისთვის მზადებას ვიწყებთ. ცინცაძემ ბოლო 10 დღეში 4 თამაში ჩაატარა და დაღლა ეტყობოდა. იგივე შეიძლება ითქვას აბურჯანიაზე. ამიტომ, თავის ზონაში პრესინგი ისე ვერ ითამაშეს, როგორც გვინდოდა. მოლდივას შარშან ვეთამაშეთ. ხელწამოსაკრავი გუნდი არაა. მოლდოვასთან პირველ ნომრად ვითამაშებთ”.

ალექსანდრე გურეშიძე: “თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბიჭებს მინდა მადლობა გადავუხადო. ვაპირებთ კიდევ უფრო მოვუმატოთ”.

საქართველო – უელსი 5:1 (3:0)

13 ნოემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, ჭანტურია (კ), ცინცაძე, გურეშიძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი (შენგელია, 66), ჯიქია (კერძევაძე, 62), კიკაბიძე, თევზაძე, ზარანდია (ახვლედიანი, 77).

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

უელსი: ობრაიანი, ვიქჰემი, ჯონი (კ), ევანსი, იორვერთი (ქროუ, 60), დევისი, შიჰენი (ვიქსი, 73), რიდი (ჯონსი, 73), ოსალივანი, ჯორჯ უილიამსი.

მთავარი მწვრთნელი: გერანტ უილიამსი.

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (23), 2:0 ჯიქია (27), 3:0 გურეშიძე (43), 4:0 ჯიქია (56), 5:0 ცინცაძე (61), 5:1 ოსალივანი (86).

გაფრთხილება: პაპუნაშვილი (16), ოსალივანი (78), დევისი (80).

გაძევება: ობრაიანი (58)

მთავარი მსაჯი: მათიას გესტრანიუსი (ფინეთი).

0.077067