სხვა

12:26 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ შვეიცარიის ძლევით დაიწყო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე - დასკვნითი რაუნდი გამარჯვებით გახსნა. სერბი სპეციალისტის, იოვან პოპოვიჩის გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ შვეიცარიას ძალიან ადვილად მოუგო - 24:7.

მესამე რაუნდს პორტუგალია მასპინძლობს და საქართველოს ნაკრებს სულ 5 მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება. დღეს 2 თამაშს ჩაატარებს: თბილისის დროით 15 საათზე მალტასთან, ხოლო 22:30 საათზე ბელარუსთან. ხვალ – სლოვაკეთს შეხვდება, ზეგ კი – პორტუგალიას.

პირველ და მეორე შესარჩევ რაუნდებში ქართველმა წყალბურთელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს, ორივეჯერ პირველი ადგილი დაიკავეს და ევროპის შესარჩევი ეტაპის საერთო რეიტინგში საფრანგეთთან და რუსეთთან ერთად პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებენ. პლეი-ოფში სულ 6 ნაკრები გადის. საქართველოს ამ ექვსეულში მოხვედრა თითქმის გარანტირებული აქვს. ახლა მთავარია, სამი რაუნდის შემაჯამებელ საერთო ცხრილში მინიმუმ მესამე ადგილზე მაინც გავიდეს, რათა პლეი-ოფში უძლიერეს ევროპულ ნაკრებებს არ შეხვდეს.

აქედანვე ცნობილია, რომ მეოთხე-მეექვსე ადგილზე გასულ ნაკრებებს ევროსაგზურისთვის ბრძოლა ესპანეთთან, რუმინეთთან და ოლიმპიურ ჩემპიონ ხორვატიასთან მოუწევთ. პირველ სამეულს კი ჰოლანდიასთან, თურქეთთან და მაკედონიასთან.

პლეი ოფიდან გასული ექვსი გუნდის გარდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უნგრეთი, სერბეთი, იტალია, ჩერნოგორია, საბერძნეთი და გერმანია ითამაშებენ. ამ ექვსეულმა ევროპირველობაზე გამოსვლის უფლება კონტინენტის წინა შეჯიბრების შედეგებით მოიპოვა.

0.114186