საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, გუშინ კაუნასში პირველი ვარჯიშები ჩაატარა. ცეცაძის გუნდმა დილითაც ივარჯიშა და საღამოსაც. დღეიდან, ორჯერადი ვარჯიშები აღარ იქნება და წვრთნა მხოლოდ საღამოობით გაიმართება. შეთანხმების მიხედვით, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები გუნდები კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტადიონზე ივარჯიშებენ.
დღეს, ნაკრებს რამდენიმე ღონისძიება აქვს. დილა, საუზმის შემდეგ, უეფას ოფიციალური ფოტოსესიით დაიწყება და მსაჯებთან შეხვედრით გაგრძელდება. ამის შემდეგ, გუნდი დაისვენებს და საღამოს ვარჯიშისთვის მოემზადება. დღესვე კაუნასში ჩამოდიან ქართული ტელევიზიები, რომლებიც ჩემპიონატის აქტიურ გაშუქებაში მაშინვე ჩაერთვებიან.
კარგი ამბების კვალდაკვალ, უსიამოვნოს, სამწუხაროდ, ვერ ავცდით. ლატვიაში, ბოლო ვარჯიშზე მიღებული წელის ტრავმამ ისე შეაწუხა ნაკრების მეკარე გაბრიელ თებიძე, რომ მას უკვე მესამე დღეა არ უვარჯიშია და ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა.
თებიძის ტრავმის შესახებ ნაკრების ექიმს დავით ზაქრაძეს და ვკითხეთ: “გამოკვლევების გარეშე ზუსტ დიაგნოზს ვერ გეტყვით, მაგრამ არის ტკივილი წელის არეში. ეს შეიძლება იყოს როგორც კუნთოვანი ტკივილი, ასევე ხერხემლის, ასე ვთქვათ, ნერვული ტკივილი. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს არ არის ხერხემლის პრობლემა, რადგან ტრავმა მკურნალობას ექვემდებარება და ეს კარგი ტენდენციაა. აი, მაგალითად დღეს, ტკივილი თითქმის აღარ აქვს; მხოლოდ, ძალიან ღრმა და მკვეთრ მოძრაობებზე რეაგირებს. მოკლედ, მიდის მკურნალობისა და ამასთან ერთად, რეაბილიტაციის პროცესი.
ჯერ ვერ ვიტყვით, მზად იქნება თუ არა თამაშისთვის, რადგან ვარჯიშები გამოტოვა და არანაირი ტკივილის შეგრძნება არ უნდა ჰქონდეს. ანუ, ფსიქოლოგიურად თავისუფალი უნდა იყოს იმისგან, რომ მას არ სტკივა და შესაბამისად, ეს არ უნდა იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი. სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ის პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა, მანამდე ვერაფერს ვიტყვით“.
ვარჯიშის შემდეგ, მეკარე ბაჩო მიქავასაც გავესაუბრეთ, რომელიც უკვე მეორე დღეა, მეგობრის და თანაგუნდელის გარეშე ვარჯიშობს.
ბაჩო მიქავა: “დილით კაუნასში პირველად ვივარჯიშეთ. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. რა თქმა უნდა, უკვე ყველა ვგრძნობთ, სად ვართ. რეჟიმიც განსხვავებული და მკაცრი გვაქვს. ბიჭები მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი სწორად და კარგად გავაკეთოთ. ჩვენ აქ საბრძოლველად ჩამოვედით და ეს სულ გვახსოვს. მოკლედ, იგრძნობა, რომ ევროპის ჩემპიონატია.
ვარჯიშები კარგად მიდის და ყველა ჯანმრთელადაა. სამწუხაროდ, გაბის ტრავმა ძალიან მოულოდნელი იყო. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გამოჯანმრთელდება და ჩვენთან ერთად იქნება.
- ნაკრებში ოფიციალური თამაში ჯერ არ გქონია და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არის შანსი, რომ შენი დებიუტი პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, საფრანგეთის წინააღმდეგ შედგეს. რას ფიქრობ ამაზე?
- ნერვიულობით არ ვნერვიულობ, რადგან ასეთი ვარ. რა თამაშიც არ უნდა მქონოდა, არასდროს ვღელავდი. ჩემთვის სულ ერთია, ვისთან სათამაშოდ გავდივარ. მთავარია, მე ვიყო დამაჯერებელი და გოლი არ გავუშვა. ახლაც ასე ვარ... ანუ კარი მშრალად უნდა შევინახო და პირიქით – ბიჭებმა გაიტანონ.
- შენ პროგნოზები კარგად გეხერხება და საკმაოდ ზუსტადაც გამოგდის. ამ შემთხვევაში, რას ფიქრობ მომავალ მატჩზე?
- საფრანგეთს 1:0 მოვუგებთ და გოლს ბუდუ ზივზივაძე გაიტანს. ასე თუ მოხდა, ადამიანი არ იქნება ჩემზე ბედნიერი.
სფფ-ის პრესსამსახური
კაუნასი, ლიტვა