ვასილ მაისურაძემ, 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში მუშაობის პერიოდში, გუნდი ჯერ ელიტ რაუნდში გაიყვანა, ხოლო შემდეგ –ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ნახევაფრინალში. ამჯერად, 19-წლამდელთა თავკაცმა ამოცანა მინიმუმი შეასრულა და მისი გაწვრთნილები ელიტ რაუნდში მოხვდნენ.
საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში უელსი დიდი ანგარიშით (5:1) დაამარცხა და არც მოლდოვასთან შექმნია პრობლემა. გამომდინარე იქიდან, რომ ჰოლანდიამ “დინამო არენაზე” უელსს ვერ სძლია (0:0), ქართველებს ძალიან რეალური შანსი აქვთ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავონ. მათ, ჰოლანდიასთან 18 ნოემბერს გასამართ ბოლო ტურის მატჩში ფრეც ხელს აძლევთ.
განვლილი შეხვედრის ბედი საწყის 8 წუთში გადაწყდა, როდესაც ტურნირის მასპინძლებმა მოლდოვას ორი გოლი გაუტანეს და შემდეგ, ამ უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება, როგორც იტყვიან “ტექნიკის საქმე” იყო. სხვათა შორის, მოლდოველები მეკარე პაველ გალაცს უნდა უმადლოდნენ, რომ უფრო დიდი ანგარიშით არ წააგეს.
მე-4 წუთზე, ლუკა ზარანდია მარჯვნიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ერთ მცველს გაცდა, ხოლო მეორემ ფეხი წაუკრა ბურთზე, რომელიც ლუკა კიკაბიძეს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი, ერთი შეხებით მცველი ჩამოიცილა და მეორეთი ანგარიში გახსნა – 1:0.
მე-8 წუთზე, გიორგი აბურჯანიამ მოწინააღმდეგის საჯარიმოში გიორგი პაპუნაშვილთან “კედელი” გაითამაშა და ბურთის მიღების შემდეგ, შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:0.
43-ე წუთზე, დავით ჯიქიამ ორი მოლდოველი ჩამოიცილა და საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა – გალაცმა ბურთი ნახტომში მოიგერია.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, ზარანდია ბურთიანად მოლდოველთა საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და პასი ჯიქიას მისცა, რომელსაც ახლო მანძილიდან შემოტრიალებით ზუსტად დარტყმაში ხელი მცველმა შეუშალა.
მეორე ტაიმი 4 წუთის დაწყებული იყო, როდესაც აბურჯანიამ საუცხოო პასით მოლდოველთა საჯარიმოში “გახსნილი” ზარანდია გალაცს შეატოვა, მაგრამ ქართველმა ნახევარმცველმა მეკარეს ვერ აჯობა. 52-ე წუთზე, ჯიქიამ თავით “მოპარა” ბურთი მცველს და საჯარიმოს გარედან მეკარისთვის ბურთის თავს ზემოთ გადაგდებას უშედეგოდ შეეცადა.
57-ე წუთზე, მარჯვნიდან კუთხური გიორგი გოროზიამ ჩამოაწოდა და მათე ცინცაძემ თავით ახლო მანძილიდან ვარდნაში ბურთი კარს ააცილა. მოლდოველებმა კარის მიმართულებით პირველად მე-60 წუთზე დაარტყეს, მაგრამ ბექა ქურდაძე ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა.
61-ე წუთზე, ჯიქიას ძალიან კარგი პასის მერე, აბურჯანია მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ გალაცს ბურთი ვერ ააცილა. 66-ე წუთზე, ჯიქიამ მარჯვნიდან კიდევ ერთხელ გაამწვავა სიტუაცია, საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და დაარტყა - კარიდან ოდნავ წინ გამოსულმა გალაცმა ბურთი მოიგერია.
78-ე წუთზე, სახიფათოდ გიორგი გოროზიამ დაარტყა და მოლდოველთა მეკარემ კვლავ იყოჩაღა. 90-ე წუთზე, ჯიქიას გადაცემის შემდეგ, ზარანდიამ მოლდოველთა საჯარიმოში კარიდან გამოსულ გალაცს გვერდი აუარა, მაგრამ სუსტად დაარტყა და ბურთი ცარიელი კარიდან მიხაი როსკამ გამოიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა 19-წლამდელებმა ელიტ რაუნდში გასვლა მოედნის ცენტრში ხორუმის წაცეკვებით აღნიშნეს და სტადიონზე მოსულ მცირერიცხოვან ქომაგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
ვასილ მაისურაძე: “ვულოცავ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს, ჩემს გუნდსა და საკუთარ თავს ელიტ რაუნდში გასვლას. ვიცოდი, რომ პირველ ნომრად უნდა გვეთამაშა. ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ჰოლანდიასთან მატჩში სასტარტო შემადგენლობის ბირთვი შენარჩუნდება და შესაძლოა, ერთი-ორი ცვლილება განვახორციელოთ. ჰოლანდიასთან საინტერესო თამაში იქნება, თავისუფლად ვითამაშებთ. ვნახოთ რა გამოვა. ორი ლამაზი თამაში ჩავატარეთ და ალბათ, ვიმსახურებდით სტადიონზე უფრო მეტი მაყურებელი მოსულიყო”.
გარდა ამისა, მაისურაძემ პრესკონფერენციაზე მყოფი 16 წლის მეკარე ბექა ქურდაძეც შეაქო ორ მატჩში საიმედო გარჯისთვის.
თავად ქურდაძემ შემდეგი თქვა:
“დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბს და ბიჭებს. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. სწრაფად გატანილმა ორმა გოლმა ჩვენზეც იმოქმედა და მოლდოვაზეც. ელიტ რაუნდში დამსახურებულად გავედით”.
იური ოსიპენკო: “სწრაფმა ორმა გოლმა გაგვტეხა და მთელი ჩვენი თამაში გატეხა, რომლის გადაწყობაც მოგვიწია. 10 წუთში ორი გოლი გავუშვით და მატჩი ვეღარ შემოვატრიალეთ. ფეხბურთი 90 წუთი უნდა ითამაშო. ჰოლანდიასთან ერთი ტაიმი კარგად ვითამაშეთ. საქართველოსთან 80 წუთი არცთუ ცუდად ვითამაშეთ. ჩვენ ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და სასწაულის იმედი გვქონდა. საქართველო და ჰოლანდიას ფინალურ ეტაპზე გავლენ. საქართველოს ნაკრებს ელიტ რაუნდში მოხვედრას ვულოცავ და ფინალურ ეტაპზე გასვლას ვუსურვებ”.
საქართველო – მოლდოვა 2:0 (2:0)
15 ნოემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ჭანტურია (კ), ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი (გოროზია, 46), ჯიქია, კიკაბიძე (კერძევაძე, 61), თევზაძე, ზარანდია.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
მოლდოვა: გალაცი, ვლასი, როგაჩი, ვალერი მაკრიტჩი, კალუგერი (კ), ბირდანი (ანდრონიკი, 63), პაირელი (ანდრეი მაკრიტჩი, 84), ბეჟანი, როსკა, კემშჩი, დამასკანი (რუბენია, 52).
მთავარი მწვრთნელი: იური ოსიპენკო.
გოლები: 1:0 კიკაბიძე (4), 2:0 აბურჯანია (8).
გაფრთხილება: ვლასი (32), ბირდანი (42).
მთავარი მსაჯი: ოლივერ დრახტა (ავსტრია).
| 1. | საქართველო | 2 | 2 | 0 | 0 | 7:1 | 6 |
| 2. | ჰოლანდია | 2 | 1 | 1 | 0 | 3:0 | 4 |
| 3. | უელსი | 2 | 0 | 1 | 1 | 1:5 | 1 |
| 4. | მოლდოვა | 2 | 0 | 0 | 2 | 0:5 | 0 |







