ფეხბურთი

23:17 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო მეხუთე კალათაში?

17 ოქტომბერს ფიფა განახლებულ რეიტინგს გამოაქვეყნებს, თუმც, ინტერნეტ-სივრცეში უკვე გაჩნდა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი შესარჩევი მატჩების გათვალისწინებით გადახალისებული კლასიფიკაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 2016 წლის ევროპის პირველობის წილისყრისას ბოლოსწინა მე-5 კალათაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს და ის ახალი რეგლამენტით წარიმართება. ფინალურ ეტაპზე 16-ს ნაცვლად 24 გუნდი ითამაშებს, საგზურებისთვის კი 53 ნაკრები იბრძოლებს, რომელთა შორის უეფა-ს მიერ მცირე ხნის წინ საკუთარ წევრად აღიარებული გიბრალტარიც იქნება.

ცხადია, კუნძულელები ბოლო მე-6 კალათაში არიან, სადაც ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ლიხტენშტეინი, მალტა, ანდორა, სან მარინო და ფარერის კუნძულებიც ფიგურირებენ, საქართველოს ნაკრები კი სწორედ ჩამოთვლილ აუტსაიდერებს უსწრებს და მე-5 კალათაში ბელარუსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ალბანეთთან, ლიტვასთან, მოლდოვასთან, მაკედონიასთან, აზერბაიჯანთან და კვიპროსთან ერთად მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის ფორმატის თანახმად, 53 ნაკრები 9 ჯგუფში განაწილდება, საიდანაც 2 საუკეთესო და ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი პირდაპირ გავა, ხოლო 8 მესამეადგილოსანი პლეი ოფის გზით გაარკვევს კიდევ 4 გუნდს. ამგვარად, გამოვლენილი 23 ნაკრები ფინალურ ეტაპზე მასპინძელ საფრანგეთს შეუერთდება.

ისიც ვთქვათ, რომ მომავალი ტურნირის წილისყრა მომავალი წლის 23 თებერვალს ნიცაში, კერძოდ კი, კონგრეს-ცენტრ “აკროპოლისში” შედგება. ცნობილია ისიც, რომ უშუალოდ ფინალური რაუნდის წილისყრა 2015 წლის 12 დეკემბერს პარიზში ჩატარდება.

 

ნაკრებთა განთესვა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წინ

1. ესპანეთი, გერმანია, ჰოლანდია, იტალია, ინგლისი, საბერძნეთი, პორტუგალია, რუსეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა.

2. შვედეთი, უკრაინა, ხორვატია, დანია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი, უნგრეთი, ირლანდია.

3. სერბეთი, თურქეთი, სლოვენია, რუმინეთი, ისრაელი, ნორვეგია, სლოვაკეთი, ავსტრია, ჩერნოგორია.

4. სომხეთი, პოლონეთი, შოტლანდია, ფინეთი, ლატვია, უელსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ისლანდია.

5. ბელარუსი, ჩრდილოეთ ირლანდია, ალბანეთი, ლიტვა, მოლდოვა, მაკედონია, აზერბაიჯანი, საქართველო, კვიპროსი.

6. ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ლიხტენშტეინი, მალტა, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი, ფარერის კ-ბი.

0.106113