შაბათ-კვირას ევროპის სტადიონებზე ცხრა მაღალი დონის სანაკრებო თამაში გაიმართა და “ბებერი კონტინენტის” წარმომადგენელთაგან მომხვდურებთან გამარჯვება მხოლოდ ერთმა - საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა!
რაგბში თითზე ჩამოსათვლელია შემთხვევები, როდესაც მეორე დონის ნაკრები პირველი, რაგბის საერთაშორისო საბჭოს მოწინავე ათეულში მყოფ ნაკრებს ამარცხებს, მაგრამ “ბორჯღალოსანთა” თავდადებულმა ბრძოლამ, სამშობლოს და საკუთარი ხალხის სიყვარულმა, მათ სასწაული შეაძლებინა და “მიხეილ მესხზე” ისტორიული გამარჯვება გამოცხვა. საქართველომ რეიტინგში თავისზე 9 საფეხურით და 12 ქულით წინ მყოფი სამოა 16:15, აბსოლიტურად დამსახურებულად დაამარცხა!
ეს ის შემთხვევაა, რომელზე საუბარიც ქართული რაგბის, ზოგადად ქართული სპორტის გულშემატკივრებს არასდროს მობეზრდებათ. რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს, სტადიონზე მყოფებს, გინდათ თამაშის ტელევიზორში მნახველებს, არასდროს დაავიწყდებათ “ბორჯღალოსანთა” სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იმ სამოას წინააღმდეგ, რომლისთვის უცხო არაა ავსტრალიის, არგენტინის, უელსის, იტალიის და შოტლანდიის დამარცხება. ჩვენ, ქართული რაგბის ქომაგები, ვალდებულები ვართ ამ ბიჭებს ყოველთვის ვუთხრათ მადლობა და არა მხოლოდ ამ კონკრეტული გამარჯვებისთვის, არამედ იმისთვის, რომ მათი ნებისმიერი თამაშის შემდეგ ყველა ჩვენგანს გვეამაყება ქართველობა. ეს ის ბიჭები არიან, რომლებიც მუდამ იმსახურებენ საუკეთესოს, მათთვის საუკეთესო კი, ნებისმიერი თამაშისას (და არა მხოლოდ რუსეთთან მატჩისას) ტრიბუნების შევსება და გულმხურვალე ქომაგობაა.
გარდა ჩვენი ქომაგობისა, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თამაში ჩატარდეს დიდ და არა 2, ან თუნდაც 3 ათასიან სტადიონებზე. ეს ბიჭები იმსახურებენ, რომ მათთვის “ეროვნული” სტადიონის კარი მუდამ ღია იყოს და სხვაგან თამაშები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდეს, თუ ამას თავად რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა ისურვებს. ეს კი, აუცილებელია, რადგან საქართველოს ნაკრები მთელი საქართველოსია და აუცილებელია მისი თამაშები არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისში, ბათუმში, გორში, რუსთავში და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იხილონ.
ეს ჩვენს შესახებ, მაგრამ ამ სტატიის მთავარი მიზანი იმ თამაშების მიმოხილვაა, რომლებიც ევროპის სხვა სტადიონებზე გაიმართა. ეს თამაშები კი, მართლაც საუცხოო საყურებელი გამოდგა.
მათგან გამორჩეული დუბლინში გაიმართა, სადაც მაყურებელმა მთელი 80 წუთის განმავლობაში ისეთი რაგბი იხილა, რისთვისაც ხალხს სპორტის ეს სახეობა უყვარს. ეს იყო დრამატული მატჩი, რომელშიც ირლანდია გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ახალმა ზელანდიამ ბოლო წამზე გატანილ ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და ამ 2 ქულის წყალობით წელს ჩატარებულ ბოლო, მე-14 თამაშში მე-14 გამარჯვება მოიპოვა.
არადა, მასპინძლებს საუცხოო დასაწყისი ჰქონდათ. ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა, როდესაც ირლანდიამ მწყობრად შეუტია, 9 ნომერმა კონორ მიურეიმ რაქიდან აიტაცა ბურთი და ორმაგი ბოჭვის მიუხედავად ის ჩათვლის მოედანში დაამიწა. რეფერიმ მომენტი ვიდეორეფერისთან გადაამოწმა და ხელი მაღლა აღმართა, ხოლო ჯონათან სექსტონმა გარდასახვა შეასრულა. ირლანდიელებმა ტემპი არ დააგდეს და მე-10 წუთზე ობრაიანის კარგი გარღვევისა და აქტიურობის შემდეგ, რორი ბესტმა მეორე ლელო გაიტანა - მან მარჯვნივ პასის იმიტირებით მცველები დააბნია და ორ მათგანს შორის გაძვრა, ხოლო სექსტონმა ესეც გარდასახა.
რორი ლელოს გატანისას დაშავდა და მალე შეცვალეს, ზელანდიელებმა კი, ბურთზე კონტროლი დაამყარეს და შეუტიეს, მაგრამ მე-17 წუთზე ისრაელ დაგს მასპინძელთა 22-ის ხაზთან ბურთი რომ აუთამაშდა, ის დეივ კერნის ნადავლი გახდა და მესამე ლელოს გასატანად 80 მეტრი ირბინა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ მე-17 წუთისთვის 19-ქულიანი უპირატესობა ირლანდიელებს გამარჯვების იმედს საფუძვლიანად უტოვებდა. მაგრამ “ოლ ბლექსი” “ოლ ბლექსია”, ის ჩვეულ სტილში აბურთავდა, აარონ კრუდენმა მეტოქის დაცვაში უდიდესი ნაპრალი იპოვა, ბურთი ფეხით შეაცურა, მას ჯულიან სავეა მიყვა და ერთი ლელო გაქვითა.
კრუდენის გარდასახვას შესვენებამდე სექსტონმა ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 22:7 დასრულდა. მეორე ტაიმში ირლანდია მამაცურად იცავდა თავს, მაგრამ კრუდენმა ჯარიმით დეფიციტის 12 ქულამდე დაყვანა შეძლო. შემდეგი დარტყმა ზელანდიელს გაუფუჭდა, მაგრამ “ოლ ბლექსის” წნეხს მასპინძლებმა ვეღარ გაუძლეს და შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა ბენ ფრენკსმა რაქიდან ბურთი მათ ჩათვლის მოედანში შეიტანა, ხოლო კრუდენმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა.
ირლანდიამ შეუტია, ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და სექსტონს მისი გამოყენება რომ მოეხერხებინა მეტოქისთვის მიუწვდომელი გახდებოდა, მაგრამ დამრტყმელს მიზანმა უმტყუნა. დრო წუთნახევრის ამოწურული იყო, როცა ირლანდიის დაცვა მესამედ გატყდა, მათ მარცხენა ფლანგის ჩაკეტვა ვერ მოასწრეს და შეცვლაზე შესულმა რაიან კროტმა ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხოლო კრუდენმა კონცენტრაცია არ დაკარგა, კუთხიდან გარდასახვა ძელებსშუა გააძვრინა და “ოლ ბლექსმა” წელიწადი დაუმარცხებლად ჩაამთავრა - 24:22.
სამხრეთ აფრიკა საფრანგეთს “სტად დე ფრანსეზე” ეწვია და “მამლები” მათსავე მიწაზე უკანასკნელი 16 წლის მანძილზე პირველად დაამარცხა. თამაში არცთუ კარგი სანახავი გამოდგა, რადგან შეტევაში გუნდებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ და ლელოებიც მეტოქეთა შეცდომის ხარჯზე გავიდა. სამაგიეროდ, კარგად ითამაშა ორივე გუნდის დაცვამ. თამაში აფრიკელთათვის იდეალურად დაიწყო, რადგან ფრანგები მეორე წუთზევე შეცდნენ და პიტერსენმა ლელო გაიტანა, ხოლო შტეინმა გარდასახვას ორი ჯარიმა შემატა და 39-ე წუთისთვის “ბოკე” 13:0 დაწინაურდა.
მორგან პარას დებიუტი ჩაუვარდა და სანამ სხვაობა 7 ქულა იყო, ერთი იოლი ჯარიმა გაუცუდდა. სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს პასკალ პაპემ რაქში თავისუფალი ბურთი რომ აიტაცა იოან იუჟემ ლელო გაიტანა და პარამ ამჯერად გარდასახვა ზუსტად შეასრულა. პირველის მსგავსად, აფრიკელებმა ლელო მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანეს, მაგრამ ის ვიდეორეფერიმ გააუქმა. საათის თავზე შტეინმა სტუმართა უპირატესობა ჯარიმით გაზარდა, შეცვლაზე შესულმა დუსენმა ჯარიმითვე 74-ე წუთზე უპასუხა და დარჩენილ წუთებს ინტრიგა შეუნარჩუნა, მაგრამ ასევე შეცვლაზე შესულმა ლამბიმ ეს ინტრიგა ჯარიმითვე 79-ე წუთზე მოკლე - 19:10 სამხრეთ აფრიკის სასარგებლოდ.
ავსტრალიამ ნოემბრის ტესტზე მესამე თამაში მოიგო. ამჯერად მათ შოტლანდიას ორი უპასუხო ლელო გაუტანეს და 21:15 იმარჯვეს. სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა, მაგრამ ლეალიიფანომ ხუთი დარტყმა გააცუდა. სქოთებმა იბრძოლეს, შესვენებაზე ერთქულიანი დეფიციტით გავიდნენ და მერეც სხვაობა ისეთი იყო, მოგების შანსს ინარჩუნებდნენ, მაგრამ დასკვნით 30 წუთში ქულის აღება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და უფრო ძლიერმა ავსტრალიამაც დამსახურებულად გაიმარჯვა.
არგენტინამ უელსთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ, ძალები მოიკრიბა და იტალიას რომში არცთუ სანახაობრივ მატჩში 19:14 აჯობა. მასპინძლები ტომაზო ალანის ორი ჯარიმით დაწინაურდნენ და 24-ე წუთზე მან მესამე დარტყმაც გამოიყენა, მაგრამ მანამდე ხუან იმჰოფის ლელო ნიკოლას სანჩესმა ზუსტად გარდასახა და შესვენებამდე ჯარიმაც მიითვალა - 10:9. სანჩესის მორიგ ჯარიმას, მასპინძლებმა კამპანიაროს ლელოთი უპასუხეს და 14:13 დაწინაურდნენ, თუმცა, გარდასახავა არაზუსტი რომ იყო, სანჩესმა სტუმრებს ჯარიმით ლიდერობა მალევე დაუბრუნდა, ხოლო 72-ე წუთზე არეკნიც გაიტანა. იტალიელთა ბოლო გაბრძოლება უშედეგო აღმოჩნდა და “პუმებმა” იტალიაში ნოემბრის ტესტებზე პირველი გამარჯვება იზეიმეს.
ექვსი ერის გუნდებიდან ერთადერთმა უელსმა იმარჯვა, მაგრამ მისი მეტოქე ტონგა იყო და მასთან მხოლოდ 10-ქულიანი უპირატესობა დიდ წარმატებად ვერ ჩაითვლება. ეს თამაში ყველაზე ადრე, პარასკევს ჩატარდა და მასპინძლები 24-ე წუთისთვის უკვე 17:0 იგებდნენ. ოუენ უილიამსისა და ეშლი ბეკის ლელოებს, ჰალფპენიმ ზუსტი გარდასახვები შემატა და მანამდე ჯარიმაც გაიტანა. ტონგამ ერთი საპასუხო ლელო 33-ე წუთზე გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და მას შემდეგ მთელი 50 წუთი მაყურებელმა უქულო თამაში იხილა - 17:7.
ჩვენი დონის გუნდებიდან ყველა უშანსოდ დამარცხდა. რუმინეთს ფიჯი ეწვია და ერთი საჯარიმო ლელოს პასუხად სამი გაუტანა - 26:7. რუმინელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო თბილისის “ლოკომოტივის” აღზრდილი კვაჭი ოთარ ტურაშვილი. აშშ საქართველოს შემდეგ რუსეთს ეწვია და “დათვები” 28:7 დაამარცხა. აქაც სტუმრებმა ერთ გაშვებულ ლელოს სამით უპასუხეს, ხოლო რუსთა პირველ ხაზში ძმებმა ცნობილაძეებმა ითამაშეს. კანადამ საქართველოსა და რუმინეთის ჯავრი პორტუგალიაზე იყარა, მას შვიდი ლელო გაუტანა და 52:8 გაანადგურა, ხოლო იაპონიამ ესპანეთთან უფრო პრაგმატულად ითამაშა, ოთხი ლელოს გარდა ქულები ჯარიმებითაც აგროვა და 40:7 იმარჯვა.
ამრიგად, ნოემბრის ტესტ-მატჩები მხოლოდ ორი გუნდისთვის არ დასრულდა. 30 ნოემბერს უელსი ავსტრალიას დაუხვდება, რის შემდეგაც სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდები ივნისამდე დაისვენებენ, ხოლო ევროპული ნაკრებები ექვსი ერისა და ერთა თასის თამაშებისთვის მოემზადებიან.