ვენის ოთხდღიანი ევროპირველობა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. გადამწყვეტ ბრძოლაში, ამირან ტოტიკაშვილის გუნდმა საფრანგეთი 3:2 დაამარცხა.
დებულების თანახმად, შეხვედრები ხუთ წონით კატეგორიაში – 66, 73, 81, 90 და +90 კილოგრამებში მიმდინარეობდა. ქართველებმა კი ოქროს მედალი უკვე 4 შეხვედრის დასრულებისთანავე გაინაღდეს. არადა, ყველაფერი ცუდად დაიწყო – დავით ასუმბანი სოფიან მილუსთან იპონზე დავარდა და საფრანგეთი დაწინაურდა. ზაზა კედელაშვილმა (73 კგ) ლუის კორვალს იპონითვე აჯობა და ანგარიში გაათანაბრა. ლევან წიკლაურმა (81 კგ) ანტუან ჯანინისთვის შესრულებული ულამაზესი გდებით საქართველო დააწინაურა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) რომან ბუფეს ოქროს მედლის მომტანი იპონი აგემა. მართალია, მძიმეწონოსანი ლაშა გუჯეჯიანი უხვტიტულა ტედი რინერთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა, მაგრამ ეს შეხვედრა უკვე აღარაფერს წყვეტდა.
შეგახსენებთ, ფინალამდე ქართულმა ხუთეულმა მოლდოვა და პოლონეთი ჩამოიცილა. აქვე ერთი საინტერესო დეტალიც, ლევან წიკლაურმა და ვარლამ ლიპარტელიანმა ევროპის გუნდური ჩემპიონატი სამ-სამი მოგებით ჩაამთავრეს.
ოთარ მაღლაკელიძე







