ძიუდო

22:22 | 4.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო დაინომრა, ხელფასებიც გადანაწილდა

ნაკრების ლიდერებნაკლულ საქართველოს ჩემპიონატზე მძიმე წონითი კატეგორია ის გამონაკლისი იყო, რომელშიც ტატამზე ეროვნული გუნდის უმთავრესი კანდიდატებიც გავიდნენ. ერთადერთი გამონაკლისი ლაშა გუჯეჯიანი გამოდგა, რომელმაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვარჯიში კი განაახლა, მაგრამ იაპონურ შეკრებაზე ტრავმა მიიღო და სპორტკომპლექს “არენაში” მიმდინარე შიდა პირველობას გვერდიდან მიადევნა თვალყური.
ჩემპიონობის მთავარი ფავორიტები ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი იყვნენ. სწორედ მათი ფინალით დაგვირგვინდა საქართველოს შარშანდელი ჩემპიონატი და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ხანჯალიაშვილი ავიდა. ამჯერადაც ბადის საპირისპირო მხარეს მოხვდნენ და ფინალამდეც ისევ მივიდნენ. იქ კი უკვე ოქრუაშვილმა იმარჯვა, ეფექტური წმინდა გდებით.
გადამწყვეტ შეხვედრამდე ხანჯალიაშვილი გაცილებით იოლად მივიდა. ამირან წაქაძეს, უშანგი კოკაურსა და სლავა რეზესიძეს იპონ-იპონ გასცდა და ამასთან, ერთად ოთხწუთნახევარი აკმარა. ოქრუაშვილმა კი გიგა ჯიხვაძე ვაზარით ჩამოიცილა, ხოლო ამბროსი კონკროშვილი, მირიან გონჯილაშვილი და ახალგაზრდებს შორის ევროპის ვერცხლის პრიზიორი ლევან მატიაშვილი – მხოლოდ თითო იუკოთი.
ბრინჯაოს პრიზიორები რეზესიძე და მატიაშვილი გახდნენ. ამ უკანასკნელმა რეპეშაჟის ფინალში ახალგაზრდულ ნაკრებში თავის თანაგუნდელ უშანგი კოკაურს ბრწყინვალე იპონით სძლია. რეზესიძემ კი გონჯილაშვილს ჰანტეითი აჯობა.
ძალიან საინტერესო ფინალით უნდა დაგვირგვინებულიყო 81 კილოგრამი წონითი კატეგორიაც, რადგან ერთმანეთის პირისპირ საქართველოს შარშანდელი ჩემპიონი გიორგი ბაინდურაშვილი და ბოლო წლებში ნაკრების ერთ-ერთი სტაბილური წევრი ლევან წიკლაური დაუპირისპირდნენ. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა შეხვედრის დასაწყისში მსაჯების მიერ მიღებული მკაცრი გადაწყვეტილება – ფეხში შესვლის წესის დარღვევისთვის, ბაინდურაშვილი მოხსნეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული წიკლაურს მიანიჭეს. აქვე, ახალი ჩემპიონისგან ფინალამდე ძლეულთა სიაც: ალექსანდრე ბოხაშვილი, დავით გაზდელიანი, იოსებ ჩილინდრიშვილი და პაატა ღვინიაშვილი. ბაინდურაშვილმა კი ზაზა დავაძე, არჩილ უსტარაშვილი, ვახტანგ სარაჯიშვილი და დავით კარბელაშვილი დაამარცხა. ეს უკანასკნელი, შარშანდელის მსგავსად, ამჯერადაც კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ავიდა, მეორე ბრინჯაოს კი, 2010 წლის ფინალისტი ღვინიაშვილი დაეუფლა.
90 კილოგრამში, ზედიზედ მეორედ გაჩემპიონდა ლაშა გურული. ამ ქუთაისელმა ძიუდოისტმა საჩემპიონო გზაზე ამირან მაჭავარიანი, გიორგი ეპიტაშვილი, გიორგი მერმანიშვილი, ბექა ნავერიანი და გიორგი ნოზაძე ჩამოიშორა. ამ უკანასკნელს, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, 2 იუკოთი აჯობა. ნოზაძისგან ძლეულთა შორის შარშანდელი ფინალისტი საბა გავაშელიშვილიც მოხვდა, რომელიც ამჯერად, სულაც სამეულს მიღმა დარჩა. მე-3 ადგილები ნავერიანმა და მერმანიშვილმა დაიკავეს. განსაკუთრებით ეფექტურად მერმანიშვილმა იჭიდავა. რეპეშაჟის ფინალში მისგან ავთანდილ ბოგვერაძისთვის გაკეთებული ბრწყინვალე გდების ნახვა ერთ რამედ ღირდა.
ძედიზედ მეორედ დამარცხდა საქართველოს პირველობის ფინალში დავით ლორიაშვილი (100 კგ). თუკი შარშან ნაკრების უმთავრეს კანდიდატთან, ლევან ჟორჟოლიანთან წააგო, ამჯერად, ტურნირის ერთ-ერთ აღმოჩენასთან, ირაკლი ქობლიანიძესთან დაკარგა ოქრო. შეხვედრის ბედი, დამატებით დროში, ქობლიანიძის მიერ შესრულებულმა იპონმა გადაწყვიტა, თუმცა ფაქტია, იმ დროს ლორიაშვილი უკვე საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. შესაძლოა, მეტოქეზე მეტადაც დაიღალა, მაგრამ მისი გაპასიურების მთავარი მიზეზი ტრავმა იყო.
“ფინალის დაწყებიდან რამდენიმე წამში, პირველივე ილეთის გაკეთებისას, კუნთი საშინლად მეტკინა, მეორედ დაძაბვისას კი რაღაც უცნაური ხმაც გავიგონე. მივხვდი, საქმე ცუდად იყო და ვიფიქრე, ჭიდაობა ხომ არ შევწყვიტო მეთქი, მაგრამ ოქროსთან ერთ ნაბიჯში ვიყავი და თავს ძალა დავატანე. ტკივილი აუტანელი ხდებოდა”, – განაცხადა დავით ლორიაშვილმა ფინალის დასრულებიდან დაახლოებით ოც წუთში. იქამდე კი, საშინელი ტკივილის გამო, საუბარიც უჭირდა. ბეჭებზე დავარდნის შემდეგ, წამოდგომაც კი ვერ შეძლო და ტატამიდან საექიმო მაგიდამდე მძიმე წონის ფინალისტებმა მიიყვანეს. ქობლიანიძესთან წაგებამდე, ლორიაშვილმა სერგო ბალიაშვილი, ვალერი იმერლიშვილი და ონისე ბუღაძე იპონებით დაამარცხა.
საქართველოს ახალმა ჩემპიონმა, ირაკლი ქობლიანიძემ ლამაზი ჭიდაობით ყურადღება საწყისი ეტაპებიდანვე მიიქცია. ფინალამდე მან ვახტანგ მაილაშვილს, მიხეილ ნარიმანიძესა და ბექა ბერძენიშვილს მოუგო.
საქართველოს ჩემპიონები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან ყოველთვიურ ხელფასს – 500 ლარს მიიღებენ, ვერცხლის პრიზიორების გასამრჯელო 300 ლარია, ხოლო ბრინჯაოსნების – 150 ლარი, ოღონდ წინა წლისგან განსხვავებით, ამჯერად საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ახალი წესის შემუშავებას გეგმავს, რომლის თანახმადაც, წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატთან გათანაბრებული კიდევ სამი შიდა ტურნირი უნდა გაიმართოს. შესაბამისად, სახელფასო ფონდიც ყოველი ტურნირის შემდეგ თავიდან გადანაწილდება.
საერთო გუნდურ ჩათვლაში, პირველი ადგილი ქვემო ქართლის გუნდმა დაიკავა, რომელმაც 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მე-2 ადგილზე შიდა ქართლი (1-1-4) გავიდა, ხოლო მესამეზე – თბილისი (1-1-3).
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
4 დეკემბერი

81 კგ
1 ლევან წიკლაური (კახეთი)
2 გიორგი ბაინდურაშვილი (მცხეთა მთიანეთი)
3 დავით კარბელაშვილი (შიდა ქართლი)
3 პაატა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)

90 კგ
1 ლაშა გურული (იმერეთი)
2 გიორგი ნოზაძე (შიდა ქართლი)
3 გიორგი მერმანიშვილი (რაჭა ლეჩხუმი)
3 ბექა ნავერიანი (ქვემო ქართლი)

100 კგ
1 ირაკლი ქობლიანიძე (თბილისი)
2 დავით ლორიაშვილი (ქვემო ქართლი)
3 ბექა ბერძენიშვილი (თბილისი)
3 ონისე ბუღაძე (თბილისი)

+100 კგ
1 ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა მთიანეთი)
2 ზვიად ხანჯალიაშვილი (კახეთი)
3 ლევან მატიაშვილი (თბილისი)
3 სლავა რეზესიძე (ქვემო ქართლი)

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091643