სტატიები

17:24 | 22.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ათწლეულის რეკორდს უმიზნებს

ევროტურნირებში მონაწილე უეფას წევრი (სულ 53) ქვეყნების 2011-2012 წლების ჯამურ რეიტინგში, საქართველო 32-ე ადგილზეა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში საუკეთესო შედეგია. კი მართალია, ევროსეზონის ბოლომდე ცვლილებები კიდევაა მოსალოდნელი, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, 36-ე ადგილზე (აღნიშნულ პერიოდში საუკეთესო მაჩვენებელი) უკეთესი შედეგი ჩვენ ქვეყანას აუცილებლად ექნება.

მოკლედ იმის შესახებ, რას ემსახურება ნახსენები რეიტინგი. ბოლო 5 სეზონის (მიმდინარეს ჩათვლით) მონაცემებით, უეფა ადგენს ქვეყნების წარმომადგენელთა რაოდენობას ჩემპიონთა და ევროპის ლიგის გათამაშებებზე 2013-2014 წლების სეზონში. ამრიგად, საქართველოს მიმდინარე მონაგარი 7,791 ქულაა და მას, წინ მყოფი მხოლოდ 3 ქვეყნის (უნგრეთი - 9,625, ფინეთი - 8,883, ბოსნია-ჰერცეგოვინა - 8,416) გადასწრების რეალური შანსი აქვს.
ცნობისათვის, ჯამურ რეიტინგში მეთექვსმეტედან ბოლო - 53-ე ადგილამდე გასულ ქვეყანას, ჩემპიონთა ლიგაზე - 1, ხოლო ევროპის ლიგაზე - 3 გუნდის წარდგენის უფლება აქვს. ნახსენები ჯამური სტატისტიკით, ქართველებისთვის დიდად ვერაფერი შეიძლება შეიცვალოს (რადგან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ერთი გუნდის დასამატებლად, ქვეყანამ მე-15 ადგილი მაინც უნდა დაიკავოს, რომელზეც ახლა 20,325 ქულის დამგროვებელი ავსტრიაა), მაგრამ კონკრეტულად 2011-2012 წლების რეიტინგის მომატების და სამომავლო წინსვლისთვის საფუძვლის ჩაყრა ნამდვილად შეიძლება.
მომავლის პერსპექტივის მხრივ, ქართველებს რომ ოპტიმისტური განწყობა უნდა გვქონდეს, განვლილ ორ ეტაპში დაგროვილი ქულებიდანაც ჩანს. ოთხმა ქართულმა გუნდმა 12 შეხვედრა გამართა და ჩასათვლელი 8 ქულით, 2011-2012 წლების რეიტინგში 2,0 (ქულების (8) მონაწილე გუნდების ოდენობაზე (4) გაყოფით მიიღება) ქულა მიითვალა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებისთვის, გუნდი ქვეყნის რეიტინგს ერთ ქულას მატებს, ფრისთვის კი - 0,5-ს. აღნიშნული პრინციპით, ამ ეტაპზე თითოეული ქართული გუნდის მიერ ჯამურ რეიტინგში შეტანილი წვლილი ასე გამოიყურება: თბილისის “დინამო” - 3 ქულა (3 მოგება), რუსთავის “მეტალურგი” - 3 ქულა (2 მოგება, 2 ფრე), “ზესტაფონი” - 1 ქულა (1 მოგება), “გაგრა” - 1 ქულა (1 მოგება).
მიმდინარე რეიტინგის (2,0) მიხედვით, საქართველო დღეისათვის მხოლოდ უნგრეთს (2,125) ჩამორჩება. თუმცა, ასეთმა დაწინაურებამ არ უნდა მოგვატყუოს - ჯერ ხომ წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების გუნდებს სტარტი არ ჰქონიათ.
ზემოთ, ნახსენები წლიური რეიტინგული მაჩვენებლის მნიშვნელობას შევეხეთ. ახლა ისიც ვთქვათ, რომ ბოლო 10 ევროსეზონის (2002-2003 წლებიდან დაწყებული) საუკეთესო შედეგი, საქართველომ 2004-2005 წლების სეზონში აჩვენა - 2,666. შეგახსენებთ, რომ მაშინ, გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა თბილისის “დინამომ” უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია (გუნდმა იქ ქულის აღებაც ვერ შეძლო, მაგრამ ჯგუფში მოხვედრისთვის კუთვნილი ბონუსი მიითვალა).
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ევროტურნირებს 4-დან 3 ქართული გუნდი კიდევ შემორჩა (რომელთაგან, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის რეალური შანსი, მინიმუმ ორს მაინც აქვს), საქართველოს ბოლო ათწლეულის რეკორდის დამყარება შეუძლია.
ბოლოს იმ ქვეყნების შესახებ, რომლებსაც საწყისი 2 საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, უეფას საკლუბო ტურნირებზე მონაწილე აღარ ჰყავთ. ესენია: ჩერნოგორია, ალბანეთი, მალტა, მოლდოვა, უელსი, ესტონეთი, ჩრდ. ირლანდია, სომხეთი, ფარერები, ანდორა, სან მარინო. ორ-ორი გუნდი შემორჩათ - ბელარუსს, სერბეთს, ბოსნიასა და სლოვენიას. რეიტინგში საქართველოს “ტოლ-სწორი” ქვეყნებიდან (5 და მეტი ჯამური სარეიტინგო ქულა) თითო წარმომადგენელი დარჩათ - უნგრეთს, ფინეთს, ლიტვას, მაკედონიას, ისლანდიას, აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და ლატვიას.
 

 

ფრიდონ კერვალიშვილი

    

0.116642