პლიაჟის ფრენბურთის წყვილმა საქა-რთველომ, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი გოგონები კრისტინა სანტანა და ანდრეცა ჩაგაში იცავენ, 2010 წლის მსოფლიოს ტურის მიმდინარეობისას საუკეთესო შედეგი აჩვენა. სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ ეტაპზე საქა-რთველომ მოწინავე 12 გუნდში გააღწია, რისთვისაც 240 სარეიტინგო ქულა და 6 ათასი დოლარი მიიღო.
სანტანამ და ჩაგაშმა ტურნირის სტარტზე თითო მოგება-წაგება მიითვალეს და ბრძოლის გაგრძელების საშუალება მიეცათ. დღეს, 24-ე ნომრად განთესილმა საქა-რთველომ ახალზელანდიურ წყვილს (ბლანდელი-სკარლეტი, 26) 2:1 (22:20, 19:21, 15:10) სძლია, შემდეგ კი სლოვენიელ დებ ფაბიანებსაც (31-ე) აჯობა – 2:1 (22:24, 21:16, 15:9).
კიდევ ერთი მოგების შემთხვევაში, ბრაზილიელი ქართველები მოწინავე რვა გუნდს შორის ხვდებოდნენ და იქნებ, ბრძოლა საპრიზო სამეულისთვისაც გაეგრძელებინათ, თუმცა მე-11 რეიტინგის მქონე ბრაზილიელებთან (ვიეირა-ლეაო) 0:2 (11:21, 16:21) წააგეს და ჩინურ, იტალიურ და მექსიკურ წყვილებთან ერთად მეცხრე-მეთორმეტე ადგილები გაიყვეს.
120 სარეიტინგო ქულა და 2 800 დოლარი გამოიმუშავა ვაჟთა წყვილმა გეორ-გიამ, რომელიც საქართველოს ღირსებას პოლონეთის ქალაქ მისლოვიცეს ეტაპზე იცავდა. ბრაზილიელებმა რენატო გომეშმა და ჟორჟ ტერშეირომ საკვალიფიკაციო რაუნდში სამი გამარჯვება მიითვალეს, ძირითად ბადეში კი 21-ე განთესვა ერგოთ და მოგებას მარცხი მიაყოლეს.
დღეს, გეორ-გიამ 22-ე ნომრად მიჩნეულ ახალზელანდიელებთან 1:2 (21:17, 6:21, 10:15) წააგო და სხვა წყვილებთან ერთად მეჩვიდმეტე-ოცდამეოთხე ადგილები გაიყო.
მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპი, რომელიც ამავდროულად დიდი სლემის რანგსაც ატარებს, 7-14 ივნისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში შედგება. საქა-რთველოც და გეორ-გიაც ასპარეზობას საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყებენ.







