პლიაჟის ფრენბურთის წყვილმა საქა-რთველომ ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში დიდი სლემის ეგიდით მიმდინარე მსოფლიო ტურის ეტაპზე მეჩვიდმეტე-ოცდამეოთხე ადგილები გაიყო, რისთვისაც 160 სარეიტინგო ქულა და 5 100 დოლარი მიიღო.
ბრაზილიელი გოგონებით (კრისტინა სანტანა-ანდრეცა ჩაგაში) დაკომპლექტებული ქართული დუეტი ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლის წყალობით მოხვდა, ჯგუფიდან კი ერთი მოგების ხარჯზე გავიდა, თუმცა, ფლეი ოფის პირველ რაუნდში მე-2 ნომრად განთესილ ამერიკელებთან (კესი-როსი) 0:2 (17:21, 11:21) წააგო და ასპარეზობა დაასრულა.
სამწუხაროდ, ფლეი ოფს მიღმა დარჩა ვაჟთა წყვილი გეორ-გია (რენატო გომეში-ჟორჟე ტერშეირო), რომელმაც ჯგუფში ერთადერთი გამარჯვება დანიელებთან (ჰოიერი-სოდერბერგი) იზეიმა – 2:1 (21:19, 19:21, 15:13), მაგრამ მეტოქეებს სეტების უარესი სხვაობით ჩამორჩა და ჯგუფიდან ვერ გავიდა. გეორ-გიამ ოცდამეხუთე-ოცდამეთორმეტე ადგილები გაიყო და 80 ქულასა და 3 500 დოლარს გამორჩა.







