პლიაჟის ფრენბურთის ქართულმა წყვილმა საქა-რთველომ, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი გოგონები კრისტინა სანტანა და ანდრეცა ჩაგაში იცავენ, ავსტრიის ქალაქ კლაგენფურტში დაწყებულ მსოფლიო ტურის ეტაპზე ჩინებული სტარტი აიღო და ორი დღის თავზე მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
საქა-რთველო დიდი სლემის ეგიდით მიმდინარე ტურნირის ძირითად ბადეში მე-18 ნომრით მოხვდა და B ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო.
ბრაზილიელმა ქართველებმა მე-15 რეიტინგის მქონე ბერძნებს (ციარციანი-არვანიტი) 2:1 (17:21, 21:17, 19:17) სძლიეს, ფავორიტად შერაცხულ ბრაზილიელებსაც (ანტონელი-ტალიტა, მე-2 განთესვა) 2:1 (24:26, 21:17, 15:10) მოუგეს, სლოვენიური დუეტი (ფაბიანი-ფაბიანი) კი 2:0 (21:16, 21:16) დაამარცხეს.
სამი გამარჯვების წყალობით, საქა-რთველომ მერვედფინალში გააღწია და შემდგომი წინსვლის კარგი შანსიც აქვს, რადგანაც მომდევნო რაუნდში შესაბამისად, 22-ე და 26-ე განთესვის მქონე ჰოლანდიურ და რუსულ წყვილებს შორის გამარჯვებულს ეთამაშება.
მიუხედავად ხვალ გასამართი მატჩის შედეგისა, სანტანასა და ჩაგაშს 320 ქულა 8 000 დოლარი გარანტირებული აქვთ, რაც მათ რეიტინგში აუცილებლად დააწინაურებთ.
სამწუხაროდ, კლაგენფურტში წარუმატებლად იასპარეზა ვაჟთა წყვილმა გეორ-გიამ. რენატო გომეშმა და ჟორჟე ტერშეირომ ასპარეზობა კვალიფიკაციიდან, მე-4 რეიტინგით დაიწყეს და პირველ შეხვედრაში 29-ე ნომრად განთესილ ავსტრიელებს (ჰუბერი-შიდლი) 2:0 (23:21, 21:14) სძლიეს, ძირითად ბადეში გადასასვლელ შეხვედრაში კი პორტუგალიელებთან (მაია-როსასი) 1:2 (21:17, 18:21, 12:15) წააგეს.
გეორ-გიამ ავსტრიულ ტურნირზე მხოლოდ 40 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.







