პლიაჟის ფრენბურთის ქართულმა წყვილმა საქა-რთველომ შვეიცარიის ქალაქ გშტაადში დიდი სლემის ეგიდით მიმდინარე მსოფლიო ტურის გათამაშება მეათე ადგილზე დაასრულა, რისთვისაც 320 სარეიტინგო ქულა და 8 ათასი დოლარი ერგო.
ბრაზილიელი გოგონებით (კსრიტინა სანტანა-ანდრეცა ჩაგაში) დაკომპლექტებულმა საქა-რთველომ საკვალიფიკაციო ბადის ჩათვლით 7 მატჩი ჩაატარა და ხუთში იმარჯვა, რაც ჩინებული შედეგი გახლავთ.
24-ე ნომრად მიჩნეულმა ქართულ-ბრაზილიურმა წყვილმა გშტაადში ბოლო მატჩი პირველი რეიტინგის მქონე ბრაზილიელებთან (ლარისა-ჯულიანა) ჩაატარა და 0:2 (11:21, 17:21) დამარცხდა.
გაცილებით უარესად იასპარეზა ვაჟთა დუეტმა გეორ-გიამ (რენატო გომეში-ჟორჟე ტერშეირო), რომელიც 23-ე განთესვით პირდაპირ ძირითად ბადეში გახლდათ დაშვებული, თუმცა, ჯგუფში ერთადერთი მატჩი მოიგო და ფლეი ოფს მიღმა დარჩა.
შვეიცარიაში გამართულ ბოლო შეხვედრაში გეორ-გიამ 26-ე რეიტინგის მქონე შვეიცარიელებთან (ერდმანი-მატისიკი) 0:2 (18:21, 16:21) წააგო და 28-ე ადგილისთვის 80 ქულასა და 3 500 დოლარს დასჯერდა.
მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპს, რომელშიც ორივე ქართული წყვილი ითამაშებს, საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქი მარსელი 19-25 ივლისს უმასპინძლებს.







