ჭადრაკი

23:56 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

საპრიზო სამეულის მინიმალური შანსი

საჭადრაკო ოლიმპიადის ბოლოსწინა მე-10 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა პოლონელებს 3:1 სძლია და საპრიზო სამეულში შესვლის მინიმალური შანსი შეინარჩუნა.

ნანა ძაგნიძემ (2550) და ბელა ხოტენაშვილმა (2494), შესაბამისად, მონიკა სოცკოს (2470) და იოლანტა ზავადსკას (2398) მოუგეს სალომე მელია (2475) კარინა შჩეპკოვსკა-ჰოროვსკას (2380) დაუზავდა, ნინო ბაციაშვილმა (2435) კი ყაიმი მარტა ბარტელთან (2359) გააფორმა.

საქართველოს ნაკრებმა 15 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. 18 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა რუსეთმა, რომელმაც ტურნირზე პირველი მარცხი უკრაინასთან განიცადა – 1.5:2.5.

ჩინელები და უკრაინელები 17-17 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, გერმანიას კი 16 ქულით მე-4 პოზიცია უკავია.

ხვალ დასვენებაა, ბოლო ტურში კი, რომელიც 14 აგვისტოს შედგება, საქართველო გერმანიას ეთამაშება, რუსეთი – ბულგარეთს, უკრაინა კი – ჩინეთს.

კვლავ წარუმატებლად ითამაშეს ქართველმა ვაჟებმა. ისინი კუბასთან 0.5:3.5 დამარცხდნენ და 12 ქულით 44-ე ადგილამდე დაქვეითდნენ, არადა, განთესვით 21-ენი არიან.

ყაიმის გაფორმება ბაადურ ჯობავამ (2713) მოახერხა პერეს დომინგესთან (2760), ლევან ფანცულაიამ (2581), გაიოზ ნიგალიძემ (2542) და კონსტანტინე შანავამ (2563) კი, შესაბამისად, ბატისტა ბრუზონთან (2664), სუარეს ორტისთან (2603) და ვიდალ გონსალესთან (2550) წააგეს.

ვაჟებში ჩემპიონობის საუკეთესო შანსი ჩინეთს გააჩნია, რომელსაც 17 ქულა მოუგროვდა, უნგრეთს 16 ქულა აქვს, შემდეგ კი საფრანგეთი, უკრაინა, რუსეთი, აშშ, უზბეკეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი და პოლონეთი მოდიან 15-15 ქულით.

უკანასკნელ ტურში ქართველი მოჭადრაკეები სლოვენიას გაეჯიბრებიან, პოლონეთი ჩინეთს ეთამაშება, უნგრეთი – უკრაინას, რუსეთი – საფრანგეთს, აზერბაიჯანი – აშშ-ს, ინდოეთი კი – უზბეკეთს.

0.116954