უეფას ევროპის ლიგის საწყისი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ქუთაისის “ტორპედოს“ და საფეხბურთო კლუბ “ჟილინას“ შორის სლოვაკეთში 11 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.
აღნიშნული შეხვედრის მომსახურებისთვის უეფას სამსაჯო განყოფილებამ შემდეგი შემადგენლობის ბრიგადა დაასახელა. მთავარი არბიტრი ბოსნია-ჰერცეგოვინელი 32 წლის ელმირ პილავი იქნება, რომელსაც მისი ქვეყნის ჩემპიონატში 54 მატჩი აქვს განსჯილი. მან ჯამში ფეხბურთელებს 282 ყვითელი და 13 წითელი ბარათი აჩვენა, ასევე, 10 პენალტიც დანიშნა. ევროთასებზე “მთავარის“ სტატუსით პილავი ევროპის ლიგაზე გამართულ ორ შეხვედრას მოემსახურა, ბოლოს, 2012 წლის 12 ივლისს, “სტაბეკი“-“ჰიკი“-ს (3:2).
მას დაეხმარებიან გვერდითი მსაჯები: დალიბორ დრაშკოვიჩი და ჰარის ბაკოვიჩი, სათადარიგო არბიტრი კი ედინ იაკუპოვიჩია. უეფამ მატჩის დელეგატად ალბანელი ედუარდ პროდანი დანიშნა, ხოლო მსაჯთა დამკვირვებლად – ებრაელი შმუელ შტეიფი.
აქვე გაცნობებთ, რომ ქუთაისის “ტორპედომ“ გუშინ საღამოს, თბილისში საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა, დღეს კი ჩვენი გუნდი თბილისი-ვენის რეისით ავსტრიაში ჩაფრინდება, საიდანაც ავტობუსით სლოვაკეთისკენ გაემგზავრება.
www.fctorpedo.ge