ანდებად და კორდილიერებად სახელდებულ თვალუწვდენელ მთებს რომ გამოსცდები და მწვანედ ახასხასებულ დაბლობზე ჩაივაკებ, სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ერთი პატარა ქალაქი, სახელად სანტა-ფე გამოჩნდება. ქალაქი პატარაა არგენტინის მასშტაბით, რადგან 360 ათას მოსახლიანი ქალაქი, აბა, რა ქალაქია, როდესაც სამხრეთში დიდებული ბუენოს აირესი გეგულება. სანტა-ფე, რომლის სრული სახელწოდებაა, სანტა ფე ლა ვერა კრუზ სითი, სამი საუკუნის წინ, ესპანელ მონადირეებს დაუარსებიათ და ამ ქალაქში თოფ-იარაღი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამეებია.
როგორც ყველა ლათინოამერიკულ ქალაქში, სანტა-ფეშიც ცხოვრობენ შავები და თეთრები, მდიდრები და ღარიბები, ლოთები და მეძავები, მაგრამ მთელს არგენტინაში მხოლოდ ამ ქალაქს ჰყავს საფეხბურთო კლუბი, რომელსაც სახელად “ატლეტიკო კოლონი” ჰქვია და ამ კლუბისათვის სუნთქავს და ცოცხლობს ყველა სანტა-ფელი.
“ადრე, ჩემს ბავშვობაში, ბუენოს აირესის კლუბები თითქმის ყოველთვის ამარცხებდნენ “კოლონს.” ბევრჯერ მიტირია “ბოკასთან” დიდი ანგარიშით მარცხის გამო. ახლა დრო შეიცვალა. ჩვენთანაც ჩაიდო ფული და მჯერა, რომ სულ მალე, “კოლონი” აუცილებლად გახდება არგენტინის ჩემპიონი. აბა, შეხედეთ ამ ბიჭებს, ტრიბუნებზე რომ ჩამომსხდარან. ამათი ღალატი არ შეიძლება! ჩვენს ქალაქზე დედაქალაქში სულ ხუმრობენ და ზოგიერთები “ველურ პროვინციელებსაც” კი გვეძახიან, მაგრამ მჯერა, რომ ამას ისინი ამბობენ, რომლებსაც სანტა-ფე თვალით არ უნახავთ და არც “ესტანისლაო ლოპესზე” დასწრებიან თამაშებს”, – ამბობს 62 წლის დანიელ ინსუა, რომელიც “კოლონის” ქომაგთა უცვლელი და უბერებელი ლიდერია. ამ კაცის მეხსიერებაში, თითქმის მთელი არგენტინული ფეხბურთის ისტორიაა დალექილი.
იცით ვინ იყო ბრიგადის გენერალი ესტანისლაო ლოპესი, ვისი სახელიც სანტა-ფეს სტადიონს ეწოდა? ესტანისლაოს სახელი მთელს ქალაქს აკერია პირზე და ყველამ იცის მისი ღვაწლი “კოლონისა” და მთელი სანტა-ფეს მიმართ. ესტანისლაო ლოპესი სწორედ მაშინ ედგა სათავეში არგენტინულ არმიას, როდესაც ბრიტანეთის ჯარმა მალვინის (ფოლკლენდის) კუნძულების ოკუპაცია მოახდინა. ეს დიდებული კაცი ერთ-ერთი მათთაგანი იყო, რომლებმაც გაბედეს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, ბრიტანეთის არმიას შეებრძოლნენ. როდესაც ესტანისლაო ლოპესი თანამდებობიდან გადადგა, მთელი თავისი ძალ-ღონე და უნარი, საყვარელი ქალაქის საფეხბურთო კლუბს შეალია. თავისი მოზრდილი ფინანსური დანაზოგიც კი, “კოლონს” შესწირა და სამუდამოდ დამკვიდრდა სანტა-ფელთა გულებში.
სანტა-ფელებმა კარგად იციან, რომ დღეს, მათი კლუბი მაინც საშუალო დონის გუნდის სახელს ებღაუჭება და ძალიან ბევრი აკლია თუნდაც ლიბერტადორესის თასის ჯგუფში მოხვედრამდე. მაგრამ “კოლონის” ქომაგებს სჯერათ, რომ წარუმატებლობები აუცილებლად დარჩება წარსულში და ამის იმედს, გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელი რობერტო ნესტორ სენსინიც იძლევა. ეს, სწორედ ის ნესტორ სენსინია, წლების წინ, იტალიის ჩემპიონატში რომ თამაშობდა. სენსინი წარმოშობით სანტა-ფელია და სწორედ მან ითავა მშობლიური ქალაქის მძიმე მდგომარეობაში მყოფი გუნდის გაძღოლა.
როდესაც ესტანისლაო ლოპესის სახელობის სტადიონზე “კოლონის” ომახიანი ჰიმნი ისმის, “კოლონის” არაერთ მოწინააღმდეგეს ებნევა თავ-გზა. მოდით, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საკლუბო ჰიმნი და ცოტა ხნით ჩვენც გავხდეთ სანტა-ფელები. ნამდვილი არგენტინა ხომ, სწორედ ამ ქალაქიდან იწყება!
http://www.youtube.com/watch?v=u417ljXMBDI
ლევან სეფისკვერაძე







