ლიტვურ შეკრებაზე მყოფმა ყაზანის “უნიქსმა” მე-3 საკონტროლო მატჩი მოიგო და ისე როგორ იქნებოდა თავი ვიქტორ სანიკიძეს არ გამოეჩინა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა, რომელიც მომავალ სეზონს ჩინებულ ფორმაში ხვდება, ორმაგი დუბლი გაიფორმა – 14 ქულა, 11 მოხსნა.
გასული თამაშებისგან განსხვავებით, ყაზანელებს სერიოზული მეტოქე ჰყავდათ – ევროლიგის მრავალგზის მონაწილე, ევროპის თასის ორგზის (2005, 2009) მფლობელი, ერთ-ერთი საუკეთესო ლიტვური კლუბი “ლიეტუვოს რიტასი”. გუნდს “ლიტვური დილა” 1998 წლიდან ეწოდა, მანამდე კი, მას ქომაგი ვილნიუსის “სტატიბას” სახელით იცნობდა.
საინტერესოა, რომ მატჩი ბოლო მეოთხედამდე დაძაბული გახლდათ და უკანასკნელი ათწუთეულის წინ, “უნიქსი” მხოლოდ 4 ქულით იყო წინ, შემდეგ კი, მასპინძლებს შანსი აღარ დაუტოვა და 92:75 დაამარცხა.
ყაზანელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, დასკვნით მეოთხედში ლიდერობა საკუთარ თავზე ლეგიონერებმა აიღეს და უდავოა, რომ მათ შორის სანიკიძეც იქნებოდა, რომელიც თანაგუნდელთაგან შედეგიანობით მხოლოდ უაიტს და გუბანოვს (მათ 17-17 ქულა ჩააგდეს) ჩამორჩა, ფარზე კი საუკეთესო შედეგი ჰქონდა. აქვე ვთქვათ, რომ “უნიქსს” დორ ფიშერმა 14 ქულა შესძინა, კურტის ჯერელსმა და კიტ ლენგფორდმა კი აქტივში 11-11 ქულა ჩაიწერეს.
ლიტვური ვოიაჟის კვალად, რუსულმა კლუბმა გეზი გერმანიის ქალაქ ბამბერგისკენ აიღო, სადაც მომავალ უქმეებზე ოთხთა ტურნირი გახლავთ დაგეგმილი. შაბათს ნახევარფინალებია შედგება, კვირას კი, მატჩი მე-3 ადგილისთვის და ფინალი. უკვე ცნობილია, რომ ნახევარფინალში “უნიქსი” თურქული “ბანვითს” გაეჯიბრება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი გერმანული გუნდები – “ბროზე ბასკეტსი” და “მიტელდოიჩერი” იბრძოლებენ.
ცნობისთვის, ამ უკანასკნელში მანუჩარ მარკოიშვილს უთამაშია, “კანტუში” მისი ყოფილი დამრიგებელი ანდრეა ტრინკიერი კი ამჟამად, “ბროზე ბასკეტსის” თავკაცია. ბროზელები გერმანიის ჩემპიონატს 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში იგებდნენ, გასულ სეზონში კი პლეი-ოფს უკვე მეოთხედფინალში გამოეთიშნენ და “საშველად” გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს უხმეს.
თამაშის მომენტები