ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 22-ე ტურში ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” წლეულს ჩინებულად მოთამაშე “გრან კანარიას” უმასპინძლა და 77:84 წააგო. სხვაობა არცთუ დიდი გახლდათ, თუმცა, საგულისხმოა, რომ სტუმრებმა ყველა მეოთხედში იმარჯვეს.
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27:37 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ანდალუსიელები ერთბაშად 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
ვიქტორის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16 გახლდათ, რითაც იგი თანაგუნდელთაგან მხოლოდ ჰენკ ნორელს (15 ქულა, 5 მოხსნა) და იონ არნორ სტეფანსონს (17 ქულა) ჩამორჩა.
“სარაგოსას” 13 მოგების წილ 9 მარცხი მოუგროვდა და მე-6 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 16 მარტს, სანიკიძის კლუბი “ობრადოიროს” უმასპინძლებს.