კალათბურთი

2:04 | 1.03.2013 | ნანახია NaN - ჯერ

სანიკიძემ თამაში ტრავმის გამო ვერ გააგრძელა

“მონტეპასკის” და “ფენერბაჰჩეს” საევროლიგო მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს, სიენელთა ქართველ ფორვარდ ვიქტორ სანიკიძეს თავში თანაგუნდელი ტომას რესის ხელი მოხვდა და სისხლდენა დაეწყო, რის გამოც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

“ვიკას” შესვენებაზე სპეციალური სახვევი დაადეს და იგი სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდა, თუმცა, ვინაიდან ”მონტეპასკი” მატჩს იოლად იგებდა, იტალიის ჩემპიონის თავკაც ლუკა ბანკის ქართველი კალათბურთელის თამაშში ჩართვა აღარ გაურისკავს.
არადა, იმ 08:12 წუთში, რაც სანიკიძემ მოედანზე დაჰყო, იგი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 6 ქულას, 4 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 1 ჩაჭრა და 1 პასი წაამატა. ვიქტორმა 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ორჯერ დაჯარიმდნენ.
როგორც აღვნიშნეთ, სიენელებმა სტამბულელები ყოველგვარი პრობლემების გარეშე – 87:69 დაამარცხეს, მასპინძელთა მხრიდან კი 5 და მეტი ქულა ერთბაშად 8 კალათბურთელმა მოაგროვა. სარგებლიანობის საუკეთესო კოეფიციენტი (20) დანიელ ჰაკეტს ჰქონდა, რომელმაც 16 წუთში 13 ქულა ჩააგდო.
სანიკიძის კლუბმა მე-7 გამარჯვება იზეიმა და ესპანური “ბარსელონას” კვალად, რომელიც ტოპ-16-ის F ჯგუფში 8 მოგებით პირველ ადგილზეა, მე-2 პოზიციაზე დამკვიდრდა. 8 მარტს სინელები რუსულ “ხიმკის” ესტუმრებიან, რომელიც სწორედ კატალონიელებთან სტუმრად 69:71 დამარცხდა.
ამავე ჯგუფში მე-6 მოგება მიითვალა და მე-3 ადგილზე დამკვიდრდა გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსი”. პირეოსელები სტამბულში “ბეშიქთაშს” ესტუმრნენ და თურქულ კლუბს ტოპ-16-ში ზედიზედ მე-9 მარცხი აგემეს – 60:79.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 08:32 წუთი დაჰყო და 1 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, სამჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
“ოლიმპიაკოსის” რიგებში 16 ქულით საუკეთესო ამერიკელი ფორვარდი ჯოშ პაუელი გახლდათ. 7 მარტს პირეოსელები “ბარსელონას” უმასპინძლებენ.
0.182152