კალათბურთი

2:11 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძემ სუპერთამაში ჩაატარა, “სარაგოსა” მაინც დამარცხდა

ვიქტორ სანიკიძის დიდებული თამაშის მიუხედავად, ესპანურმა “სარაგოსამ” თურქული “ბეშიქთაშის” დამარცხება ვერ მოახერხა და ევროთასის მიღმა დარჩა. არაგონელებმა გადამწყვეტი მატჩი 77:79 დათმეს, ქართველმა ფორვარდმა კი 25 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

“სარაგოსას” ევროთასის მერვედფინალში გასასვლელად სტამბულელთა 7 ან მეტი ქულით დამარცხება სჭირდებოდა და მართალია, პირველი მეოთხედი 9:21 წააგო, მიზანთან მაინც ახლოს გახლდათ.

ჩინებულად ჩატარებული მე-10 ათწუთეულის (32:15) ხარჯზე, მასპინძლებმა სასურველ სხვაობას საწყის ტაიმშივე უწიეს, თუმცა, ჯაბანნი არც სტუმრები გამოდგნენ და ზუსტი სამქულიანების ხარჯზე სარაგოსელებს წინსვლის საშუალება აღარ მისცეს.

საინტერესოა, რომ ბოლოსკენ ესპანური გუნდი თამაშის ოვერტაიმში გადაყვანას ლამობდა, მაგრამ სტუმრებმა ზედ საფინალო სირენასთან ერთად ორქულიანი მიითვალეს და ესპანურ გუნდს ბოლო იმედიც გადაუწურეს.

როგორც აღვნიშნეთ, გასული თამაში ჩინებულად ჩაატარა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ. იგი თანამემამულე გიორგი შერმადინთან ერთად სასტარტო ხუთეულში გახლდათ და ფაქტობრივად შეუცდომლად ითამაშა.

ვიქტორმა 7-დან 5 ორქულიანი, 3-ვე სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო გამოიყენა, შეცდომა არ დაუშვია, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, სანიკიძის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 36-ს უწია, რაც დიდოსტატური მაჩვენებელია.

სარაგოსელებს საკმაო სარგებელი მოუტანა შერმადინმაც, რომელმაც 19:46 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 3 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 შეცდომა დაუშვა (2-ჯერ დაუფარეს), 2-ჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

ესპანეთში მიღწეული წარმატების წყალობით, “ბეშიქთაშმა” P ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და მერფედფინალში რუსულ “ნიჟნი ნოვგოროდს” ეთამაშება, ხოლო ჯგუფის გამარჯვებული “ლიეტუვოს რუტასი” პლეი-ოფში სერბულ “ცრვენა ზვეზდას” გაეჯიბრება.

0.065383