კალათბურთი

1:11 | 31.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძემ მადრიდელი ვარსკვლავები გადაფარა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში მადრიდის “რეალმა” “სარაგოსა” 78:70 დაამარცხა, ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ევროპულ ვარსკვლავებთან ჭიდილში, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ეროვნული ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე გახდა.

რუდი ფერნანდესის არყოფნაში, არაგონელები ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს ყოჩაღად დაუდგნენ და თამაშის გადარჩენის შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ სენსაციის მოხდენა ვერ მოახერხეს.

სარაგოსელთა მეტნაკლებად წარმატებულ გარჯაში ლომის წვლილი სანიკიძემ დაიდო. ვიქტორი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ორივე გუნდის რიგებში ერთადერთი გახლდათ, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა.

32:21 წუთში (ყველაზე მეტი დრო სტუმართა შემადგენლობაში) მისი მონაგარი 12 ქულა, 13 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 1 პასი, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება იყო.

ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 5 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთადერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, სანიკიძის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 27-ს უწია და მან “რეალის” რიგებში საუკეთესო მოთამაშე ფელიპე რეიესსაც (18 ქულა, 6 მოხსნა) დამაჯერებლად აჯობა. ვეტერანი ცენტრის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა.

საინტერესოა, რომ “სარაგოსამ” “რეალი” მოხსნებში (37:32) დაჯაბნა და ცხრით მეტი ორქულიანიც (24:15) ჩაუგდო, თუმცა თავის ზუსტად შესრულებული საჯარიმოების (10:18) და სამქულიანების (4:10) მხრივ დაიჩაგრა.

მეოთხედფინალური სერიის მომდევნო მატჩი 1 ივნისს შედგება და მასპინძელი უკვე ჩვენებურის კლუბი იქნება.

და ერთიც. გასული შეხვედრის საუკეთესო მომენტად პედრო ლომპარტის და ვიქტორ სანიკიძის ალეი-უპი აღიარეს, რომელიც ქართველი ფორვარდის ლამაზი სლემ-დანქით დასრულდა. ეპიზოდის ნახვის შემდეგ აღნიშნულით თავადაც დატკბებით.

http://acbtv.acb.com/video/7270-lacb-20132014-playoff-35-307-conexion_llompart_sanikidze_y_tremendo_alley_oop

0.138542