კალათბურთი

1:17 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძემ და ბურჯანაძემ გამარჯვებები იზეიმეს

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 31-ე ტურში ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” მადრიდის “ესტუდიანტესს” დაუხვდა და იოლად – 80:65 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 26:00 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

სანიკიძემ 7-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ვიქტორის მოედანზე ყოფნის პერიოდში არაგონელებმა მადრიდელებზე 19 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

სარაგოსელებმა 17 მოგება და 14 მარცხი მოაგროვეს და მე-7 ადგილზე იმყოფებიან.

მოწინავე რვეულში მოხვედრის კარგ შანსს ინარჩუნებს ბექა ბურჯანაძის “კახასოლიც”, რომელმაც სტუმრად “რიო ნატურა მონბუსს” 70:56 სძლია და ასევე 17 მოგებით და 14 მარცხით მე-6 პოზიციას უწია.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 10:59 წუთი დაჰყო და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ბექამ ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, 6 ქულას 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბურჯანაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში სევილიელებმა მასპინძლებზე 15 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, “კახასოლის” რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 12 გახლდათ, რითაც იგი სტუმართა რიგებში მხოლოდ ჩეხ ტომაშ სატორანსკის ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 13 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.

საბერძნეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიისკენ დამაჯერებლად მიიწევს გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსი”. ქართველი ცენტრი ისევ ტრავმირებულია და მეოთხედფინალში მონაწილეობას ვერ იღებს, პირეოსელებმა კი სალონიკის “არისს” სტუმრად 74:59 სძლიეს და 2:0 დაწინაურდნენ. 13 მაისს “ოლიმპიაკოსი” მეტოქეს შინ მიიღებს და სავარაუდოდ, სერიას ნაადრევად დაასრულებს.

0.113076