20 წლის ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე თბილისში დაწყებული 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა ტურნირმა სტარტი გუშინ სპორტკომპლექს “არენა 1”-სა და “არენა 2”-ში აიღო და მედლები ვაჟებმა – ხმალში, ხოლო ქალებმა დაშნაში გაითამაშეს.
ვაჟთა ტურნირს 29 მონაწილე ჰყავდა და მათგან 4 ქართველი გახლდათ: სანდრო ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე და ლუკა ობოლაძე.
როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე უკეთ ბაზაძემ იასპარეზა, რომელმაც ოქროს მედალი არავის დაუთმო. სანდრომ ჯგუფში
ამგვარად, ქართველი მოფარიკავე პლეი-ოფში პირველ ნომრად გავიდა და საწყის რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი თურქი იბრაჰიმ-აჰმეტი, იტალიელები აფედე და კურატოლი და რუსი ტრუშაკოვი დაამარცხა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა. ბრინჯაოს მედლები იტალიელ ლუკა კურატოლიმ და ბელარუსმა სერჰეი შაჩანინმა დაისაკუთრეს.
საბოლოო ცხრილში მე-9 პოზიცია ერგო მარდალეიშვილს, სულამანიძე მე-16 გახლდათ, ხოლო ობოლაძე – 24-ე.
საქართველოს 4 წარმომადგენელი ჰყავდა ქალთა დაშნაშიც, თუმცა, მათ გაცილებით სუსტი შედეგები აჩვენეს: 23. მარია ზაკირჩენკო; 24. ნიცა იაგორაშვილი; 26. ქრისტინე მიქაძე; 30. ანა ბიბიჩაძე;
ამ დისციპლინაში ჩემპიონობა იტალიელმა ბრენდა ბრიასკომ მოიპოვა, რომელმაც ფინალში რუსი იულია ლიჩაგინა დაამარცხა, ბრინჯაოს მედლები კი პოლონელებს – კამილა პიტკას და იაგონდა ზაგალას ერგოთ.
დღეს, ევროპის ჩემპიონატზე ასევე მედლების 2 კომპლექტი გათამაშდება: ვაჟთა დაშნასა და ქალთა რაპირაში. 26 ივნისს ვაჟთა რაპირა და ქალთა ხმალია, 27-28 ივნისს კი ჩემპიონები გუნდურ პირველობებში გაირკვევა.