“ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი ჟურნალისტებს შეხვდა და მათი მეშვეობით კატალონელთა მრავალრიცხოვანმა გულშემატკივრებმა კლუბის ახლო მომავლის გეგმების თაობაზე შეიტყვეს. კლუბი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ლეო მესის და მადრიდის “რეალთან” ურთირთობის გაუმჯობესება სწადია.
- ავადმყოფობის გამო ტიტო ვილანოვას ბევრი დრო გაუცდა. მომავალ სეზონშიც გუნდი გარკვეულ პერიოდში უმთავარმწვრთნელოდ ხომ არ დარჩება?
- საბედნიეროდ ტიტო თავს კარგად გრძნობს. იგი 2 კვირით ნიუ იორკში, პროფილაქტიკური ანალიზების აღების მიზნით გაემგზავრება, შემდეგ კი მთლიანად “ბარსელონას” საქმეებით იქნება დაკავებული. ჯერჯერობით ვერცერთი კვალიფიცირებული ექიმი ვენ ვნახე, რომელიც მეტყვის, რომ ჯანმრთელობის სირთულეების გამო ვილანოვას მწვრთნელობა არ შეუძლია. დარწმუნებული ვარ, ახალ სეზონში ტიტო თავის უშუალო მოვალეობას დიდი ენერგიითა და ჩვეული პროფესიონალიზმით შეასრულებს. ამასთან, ვისარგებლებ შესაძლებლობით და წინა სეზონში გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა მსურს გადავუხადო ჟორდი როურასა და “ბარსელონას” მთელ სამწვრთნელო შტაბს.
- გულშემატკივრებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, რომელ ფეხბურთელებს შეელევა “ბარსელონა” და რომელ მოთამაშეებს შეიძენს...
- მინდა ჩვენ ფანებს ვაუწყო, რომ ვიქტორ ვალდესი დარჩება. ამის თაობაზე ანდონი სუბისარეტას მეკარის პირადმა აგენტმა უთხრა. მისი მტკიცებით, ვალდესმა მტკიცედ გადაწყვიტა, “კამპ ნოუზე” კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩეს. ამასთან, არ გამოვრიცხავ ახალი გოლკიპერი დავიმატოთ.
ტიაგო ალკანტარასაგან ისეთივე მიდგომას ველი, როგორც თავის დროზე ჩავი, ინიესტა და სერხიო ბუსკეტსი მოიქცნენ. კარგად მესმის, რომ ალკანტარას მეთი სათამაშო დრო უნდა, მაგრამ ჩავი და ინიესტაც ხომ თავის დროს ელოდნენ. “ბარსელონაში” ძალიან დიდი კონკურენციაა და ძალიან მინდა, რომ იგი მოთმინებით დაელოდოს საკუთარ შანსს. პირადად მე ალკანტარასი მჯერა და მის შესაძლებლობებს მაღლა ვაყენებ.
დავიდ ვილიას რაც შეეხება, იგი “ბარსას” ფორვარდად მომავალ სეზონშიც დარჩება. Kლუბის ხელმძღვანელობა მას გვერდით დაუდგება.
- გულშემატკივართა ნაწილი თვლის, რომ ერიკ აბიდალს უსამართლოდ მოექეცით...
- კატეგორიულად ვერ დავეთანხმები ამგვარ მიდგომას. გაიხსენეთ, როდის გავუხანგრძლივეთ მას კონტრაქტი. მაშინ ერიკი მძიმედ ავად იყო და არათუ ფეხბურთის თამაში, მისი სიცოცხლის საკითხიც კითხვის ნიშნით იყო. როდესაც აბიდალი მომჯობინდა, ჩვენ მას ისე მოვექეცით, როგორც კლუბის ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს. ორივე შემთხვევაში ჩვენ ძალიან კორექტულად მოვიქეცით. მიხარია, რომ ერიკი მინდორს დაუბრუნდა და წარმატებას ვუსურვებ. ამ საკითხზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.
- ლეო მესი მეტად უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. არგენტინელს კლუბის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს?
- ლეოს ოჯახის წევრებს ვესაუბრე. ისინი მშვიდად არიან. ჩვენ არა მარტო მესის, კლუბის ნებისმიერ მოთამაშეს დავუდგებით გვერდით რთულ პერიოდში.
- “ბარსელონას” სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით?
- ყველაზე მთავარი ისაა, რომ გუნდის სათამაშო სტილი არ შეიცვლება. “ბარსელონას” წარმატებათა ციკლი გაგრძელდება. ვერ გავიზიარებ იმ ადამიანთა თვალსაზრისს, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენი ლიდერობა დასრულდა. ყველაფერს გავაკეთებთ კლუბის ფინანსურად კიდევ უფრო მოსამძლავრებლად. ეს სამომავლო წარმატებათა მიღწევის გარანტიაა.
- მადრიდის “რეალიდან” ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ თქვენსა და კასტილიელებს შორის ურთიერთობა შეიცვლება?
- ვერ გეტყვით, მოურინიოს წასვლის შემდეგ უფრო მშვიდი ძილი გვექნება თუ არა, მაგრამ ტიტო ვილანოვასთან ერთად მართლაც შვიდად ვიქნებით. ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ “ბარსელონას” მოთამაშეების გადაბირებას არ შეეცდება. ეს კარგი ნიშანია და ვიმედოვნებ, რომ “ელ კლასიკოს” დროს წინა პლანზე მხოლოდ საფეხბურთო მომენტები წამოიწევს და ყოველგვარი არასპორტული მომენტები დავიწყებას მიეცემა.