უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, შინ რუმინეთის “პანდურიისთან” მოგების (4:1) შემდეგ, დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის პრინციპული თამაში იყო და მოედანზე რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა.
- გუნდმა 4:1 მოიგო. მატჩი რამდენად რთული იყო?
- კარგი თამაში იყო და მოედანზე სიტუაციას სრულად ვაკონტროლებდით. რა თქმა უნდა, სიტუაცია დაიძაბა, როდესაც გოლი გავუშვით და მეტოქემ ანგარიში შეამცირა (2:1). თუმცა, მატჩის ბოლო წუთებში თავი “ხელში ავიყვანეთ” და კიდევ ორი გოლი გავიტანეთ. ასე რომ, დამაჯერებლად მოვიგეთ. “დნიპრო” უფრო ძლიერი იყო.
-“დნიპროს” შემდეგ რაუნდში გასვლა განაღდებული ჰქონდა, მაგრამ შენთვის ეს მატჩი პრინციპული იყო. საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებ?
- დიდი ხანია არ მითამაშია. სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ვხვდები. თუმცა, განვლილ მატჩში მწვრთნელმა დრო მომცა და მის გამოყენებას მაქსიმალურად ვეცადე. ჩემთვის შეფასების გაკეთება ძნელია. დაე, ეს სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტოს. თუმცა, ვიტყვი, რომ მოედანზე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. ძალიან მსურდა გუნდს დავხმარებოდი და საბოლოო ჯამში მოვიგეთ. თამაში რამდენად გამომივიდა გულშემატკივრებმა და მწვრთნელებმა შეაფასონ.
-“ფიორენტინამ” და “პაკუშმა” 0:0 ითამაშეს და ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად, “დნიპროს” იტალიაში ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება აწყობს. ეს რამდენად რეალურია?
- ყოველ თამაშზე მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავდივართ. ასე რომ, ფლორენციაში გამარჯვებისთვის წავალთ. რა თქმა უნდა, მოგება რთული იქნება.
- ამჟამინდელ “დნიპროს” იტალიაში გამარჯვება შეუძლია?
- ვფიქრობ, შეუძლია.
- სვატკასა და ბლიზნიჩენკოს დებიუტს როგორ შეაფასებ?
- ძალიან კარგი პერსპექტიული მოთამაშეები არიან.
- მოედანზე მათ რაიმეთი ეხმარებოდით?
- რა თქმა უნდა, ვეხმარებოდით, ვკარნახობდით, მითუმეტეს, რომ მათთვის პირველი თამაში იყო. უბრალოდ, ჩვენ ვალდებული ვიყავით მათთვის მხარი დაგვეჭირა. სხვათა შორის, გულშემატკივრებმა ისინი ძალიან კარგად მიიღეს. ეს ბიჭები თავს კიდევ წარმოაჩენენ.